ჩავის მიერ “აიაქსის” კარში გატანილი გოლი რიგით 999-ე იყო, რომელიც კატალონიის “ბარსელონამ” საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა. შესაბამისად, “ბარსას” 1000 გოლამდე მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა აშორებს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, “სელტიკის” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩი ორი რამითაა მნიშვნელოვანი. “ბარსელონა” ქულის აღების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს პირველი ადგილით დაასრულებს და გარდა ამისა, თუ კატალონიელებმა მეტოქის კარი აიღეს, გუნდს ევროარენაზე 1000 გოლი დაუგროვდება.
აქამდე გატანილი 999 გოლიდან 487 ჩემპიონთა ლიგაზე მოდის, 178 – თასების მფლობელთა თასზე, 149 – უეფას თასზე, 143 – ბაზრობათა თასზე, 17 – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 12 – ევროპის სუპერთასზე, 12 – ლათინურ თასზე და ერთიც საკონტინენტთაშორისო თასზე.
“ბარსელონას” მაისურით საერთაშორისო მატჩში პირველი გოლი ხოსეპ სეგურამ გაიტანა. ეს 1949 წლის 26 ივნისს, “რეიმსის” წინააღმდეგ, ლათინური თასის ნახევარფინალში მოხდა. ის თამაში “ბარსამ” 5:0 მოიგო.
“ბარსას” 999 გოლის გასატანად 508 თამაში დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს მატჩში, საშუალოდ, 1.97 გოლი გააქვთ.