“ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი ჩავი ერნანდესი “ოქროს ბურთის” თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი რჩეულები ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
“თუ განვიხილავთ თემას, თუ ვინაა მსოფლიოში უძლიერესი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, პასუხი ლიონელ მესი იქნება. თუმცა თუ მხოლოდ 2013 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ მეტი დაფიქრება მოგვიწევს.
ის ფაქტი, რომ მესიმ “ოქროს ბურთი” ზედიზედ 4-ჯერ მოიგო, შესაძლოა, მის წინააღმდეგ მოქმედებდეს. პირადად მე ყოველთვის მესის გამოვყოფ, რადგან ამ ფეხბურთელს თამაშების დამოუკიდებლად მოგება შეუძლია.
არ უნდა დავივიწყოთ არც ის, რომ რიბერიმ და რონალდუმ ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს, რაც გატანილ გოლებში და გაკეთებულ შედეგიან გადაცემებში გამოიხატა. რიბერიმ ყველაფერი მოიგო, ხოლო კრიშტიანუმ ბევრი გოლი გაიტანა. ესპანეთის ნაკრების კაპიტანი რომ ვიყო, პირველ ადგილზე მესის გავიყვანდი, მეორეზე – რიბერის, ხოლო მესამეზე – რონალდუს. ასევე, შესაძლოა, ჩემი ხმა რობენსაც მიეღო.” – აცხადებს ჩავი ერნანდესი.