workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ასეთი დასაწყისი კარგის ნიშანი იყო. პასუხისმგებლობა დამაკისრეს, რომლის უღელქვეშაც, რაღა დაგიმალოთ და თავს ჩინებულად ვგრძნობდი.

“ექვს ნომერს” ვთამაშობდი, ბაკეროს სტილში. ნათელია, რომ ამ ასაკში არავინ გასწავლის გუნდურ მოძრაობასა და ტაქტიკას. მთავარი ბურთის ფეხთ მოგდება და სიამოვნების მიღებაა, მაგრამ ასენსი პედაგოგიური ნიჭით იყო დაჯილდოვებული, რისი წყალობითაც უკვე მაშინ გვიტარებდა საფეხბურთო ოსტატობის დაწყებით გაკვეთილებს. ერთ-ერთი პირველი ილეთი მეტოქის კორპუსით მოტყუება იყო. ბურთის მიღების მომენტში, ერთ მხარეს აკეთებ მოძრაობას და უცბად მეორე მხარეს გარბიხარ. მეორე რაც გვასწავლა, მოედანზე ერთმანეთის მიმართ სწორი განლაგება იყო, სათამაშო სქემის შესაბამისად. ვარჯიშები ხანმოკლე და არადამღლელი გახლდათ. ასენსის ცოდნა-განათლებას პიარს კიდევ იმიტომ ვუკეთებ, რომ მისი წყალობით, იოჰან კრუიფი გავიცანი.

ჰოლანდიელი ტელეგადაცემის, “ისწავლეთ ფეხბურთის თამაში ვარსკვლავებთან ერთად”, მთავარი მონაწილე იყო. ამ გადაცემის გაკეთების იდეა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნოდა, რომელიც სპორტულ-სოციალურ პროგრამაზე, “ითამაშე სუფთად, ძალადობის გარეშე”, აქტიურად მუშაობდა.

გადაცემები ისეთი ვარსკვლავების მასტერ-კლასებს მოიცავდა, როგორებიც მარადონა, გულიტი, პელე, პლატინი, კუმანი, ბეკენბაუერი, ფუტრე და სხვები იყვნენ. კრუიფი ერთ-ერთი მოწვეული ვარსკვლავი იყო. ასენსი ჯერ კიდევ იმ დროიდან მეგობრობდა ჰოლანდიელთან, როდესაც ფეხბურთელი იყო და თავის ძველ მეგობარს სთხოვა, ჩემი შეგირდები წაავარჯიშეო.

ერთ მშვენიერ დღესაც, ჩვენს გასახდელში კრუიფი შემოვიდა, რათა ტელეპროგრამაში მიეღო მონაწილეობა.

ვარჯიშმა სხვადასხვა სათამაშო ასპექტი მოიცვა, მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, მისმა ჩახვეულმა დარტყმებმა დატოვა. კუთხურიდან იოჰანი ერთი-მეორეს მიყოლებით ათავსებდა ბურთებს კარში. ყველაზე საოცარი კი ის გახლდათ, რომ ამ ილეთს მარჯვნიდანაც აკეთებდა და მარცხნიდანაც. მაშინ მხოლოდ მარჯვენა ფეხს ვხმარობდი, მარცხენა მხოლოდ სასიარულოდ მქონდა. მართალია, ვარჯიში სულ რაღაც ნახევარი საათი გაგრძელდა, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ კაცისგან ბევრი რამ ვისწავლეთ და კარგადაც ვიხალისეთ.

რადგან ტერასაში ვცხოვრობდი და დედა “ლა მასიაში” ჩემი დატოვების კატეგორიული წინააღმდეგი იყო (მას ის რაიონი არ მოსწონდა, სადაც სკოლა იყო, ესეც რომ არა სამივენი სახლს ვიყავით შეჩვეულნი), შეიძლება ითქვას,”კამპ ნოუზე” ტაქსის გაჩერება გავხსენი, რომლითაც შემდგომში ჭაბუკთა სკოლის ბევრი ფეხბურთელი სარგებლობდა.

ყოველდღე ზუსტად ხუთ საათზე ტაქსი სკოლასთან მაკითხავდა და ვარჯიშზე მივყავდი. მოგვიანებით, კლუბის ხელმძღვანელობამ “ინფანტილის” მასაჟისტს, რომელსაც ფურგონი ჰყავდა, ვალიესის ოლქში მცხოვრები ბავშვების ტრანსპორტირება დაავალა, ორნი ტერასადან ვიყავით, ერთიც საბადელიდან.

ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში პირველივე სეზონში შედეგიანობის რეკორდი მოვხსენით. თითოეულ მატჩში საშუალოდ ექვსი გოლი გაგვქონდა და ჯამში 18 მატჩში 108 გოლს მოვუყარეთ თავი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში