“ესპანიოლთან” მოგებული კატალონიის დერბის (1:0) შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. არგენტინელმა სპეციალისტმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რომელთაგან ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, უშუალოდ “ესპანიოლთან” თამაში იყო.
“მოთმინებით ვთამაშობდით, თუმცა, პირველ ტაიმში, ბურთი საჭიროზე ნელა მოძრაობდა. მე-2 ტაიმში უფრო ინტენსიურად ავთამაშდით.”
“თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ალექსის სანჩესს გოლების გატანა შეუძლია, ვფიქრობ, ბოლო თამაშების შემდეგ, ასეთი ადამიანები აზრს შეიცვლიან.”
“საკუთარ კედლებში ჩატარებული ყველაზე ცუდი თმაში? “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა. ძნელია ისეთ გუნდთან თამაში, რომელიც თავს ასე კარგად იცავს.”
“ლიონელ მესი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის მშრალ სერიაზე არ ღელავს. დღეს, ლეო გოლის გატანასთან ახლოს რამდენჯერმე იყო.”
“ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები თითქმის იდეალურია. დაცვაში თამაში გამოვასწორეთ. პროგრესირება უნდა განვაგრძოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უკეთეს “ბარსელონას” ვიხილავთ.”
“იდეალურ თამაშს არ ვაჩვენებთ, მაგრამ მთავარი მოგებათა გაგრძელებაა იმ პირობებში, რომ “ბარსელონას” სტილს არ ვუღალატოთ.”
“იმდენად ხშირად ვთამაშობთ, რომ გუნდს “კრიზისის” დაძლევა 3-4 დღეში ერთხელ უწევს. 6 დღეში 9 ქულა ავიღეთ და 2 მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ.”
“ვუყურებ თუ არა “ატლეტიკოსა” და “რეალის” თამაშებს? როდესაც ვიგებთ, სხვა გუნდების თამაშებს არ ვუყურებ. ვაპირებ ვნახო “ბეტისის” თამაში და სავარაუდოდ “მილანისაც”.
“მესი მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ფიქრობს? არამგონია ასე იყოს. თუ გაგვიმართლა, ის ამაზე ფიქრს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყებს.”