ის მაშინ მოვიდა, როცა იოჰან კრუიფი ჯერ კიდევ ბლაუგრანას ფეხბურთელი იყო, ხოლო ოცნება კონტინენტზე გაბატონების შესახებ, მარსზე გაფრენას თუ შეედრებოდა. სახეზე ბევრი არ იცნობს, მისი სახელიც ცოტამ იცის, მაგრამ განა ეს არ არის უჩვეულო მოკრძალებისა და ინტელიგენტურობის ნიშანი?
საღამო, “ნოუ კამპის” სტადიონი, ჩასუქებული ბიძია მოედნისკენ მიმავალ კორიდორს მიუყვება დინჯი ნაბიჯებით, მან იცის, რომ დღეს განსაკუთრებული მატჩია – ელ კლასიკო. ვიღაცისთვის ეს კლასიკო პირველია, ვიღაცისთვის მეხუთე, მეათე, მეოცე…
აი, პატივცემულ სენიორს კი უკვე უჭირს იმის გახსენება თუ რამდენ კლასიკოს დაესწრო. მესისა და კომპანიის გაზონზე გასვლის წინ, იხსენებს, რომ ამ მატჩისთვის კრუიფი, მარადონა, რომარიო, გვარდიოალა და სხვებიც ანალოგიურად იქმნიდნენ საბრძოლო განწყობას. “ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს გუშინ იყო”, – გაიფიქრა კარლესმა.
კარლეს ნავალი, რომელიც კლუბში უკვე ოთხი ათწლეული მოღვაწეობს, “ბარსელონას” პირველი გუნდის ადმინისტრატორია,Mმაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი სამუშაო ბიუროკრატიის საზღვრებს ბევრად სცდება.
კარლესს, ყველა იცნობს, პრეზიდენტიდან დაწყებული, სტადიონის უბრალო მუშაკით დამთავრებული, ის ბლაუგრანას თითოეული ფეხბურთელისთვის მამაზე არანაკლებია. გვარდიოლამ სწორედ აღნიშნა, ის რომ არ ყოფილიყო, მისი შექმნა აუცილებელი იქნებოდაო.
კარლეს ნავალი კლუბში 1972 წელს მივიდა, იმ მომენტში, როდესაც “ბარსელონამ” სერიოზულად გადაწყვიტა საკუთარი საფეხბურთო სკოლის განვითარება. სამი წლის თავზე, იძულებული იყო ჯარში წასულიყო. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, “ბარსა” აღარასდროს მიუტოვებია.
ისეთი მწვრთნელების მუშაობას აკვირდებოდა, როგორებიც კრუიფი, რობსონი, ვან გაალი, რაიკაარდი და გვარდიოლა არიან. ხოლო იმ ფეხბურთელთა რიცხვი, რომლებმაც ბლაუგრანაში მის თვალწინ იბურთავეს, უთვალავია. კარლეს ნავალმა, ერთ დღესაც საკუთარი მოგონებების ფურცლებზე გადატანა რომ გადაწყვიტოს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ბარსელონას მაღაზიების თაროებიდან წამებში აორთქლდებოდა.
თუმცა, ავტოგრაფების დამრიგებლის ამპლუაში ეს კაცი ვერ წარმომიდგენია. კარლეს ნავალი კეთილ ბაბუად მესახება, რომელიც შვილიშვილებსა და მეგობრებს “ბარსელონური” ცხოვრების მცირე საიდუმლოებებს უმხელს, ისინი კი თავის მხრივ პირდაღებულნი უსმენენ და მის ყველა სიტყვას გონებაში იმეორებენ.
აი, ასეთია კარლეს ნავალი, უჩინარი ადამიანი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულია ღირსეულად ემსახურება მშობლიურ ლურჯ-შინდისფერ ოჯახს.