როგორც იცით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ანდრეს ინიესტამ, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, “ბარსელონას” პირველი წინდადება უარყო. მიზეზი მაშინვე გახდა ცნობილი – ხელფასის არადამაკმაყოფილებელი ოდენობა.
Marca მოლაპარაკებების დეტალებს ავრცელებს. მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, “ბარსა” ფეხბურთელს წლიურ 12 მილიონს სთავაზობს, 3 მილიონიანი დანამატით. მართალია, ინიესტას მიზანი დიდი ფულის გამომუშავება არაა, მაგრამ მას სურს ჰქონდეს განცდა, რომ კლუბში ის დაფასებული ფეხბურთელია. ამის გამო, ანდრესი წელიწადში 17 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.
როგორც ცნობილია, ინიესტას “ბარსელონაში” დიდი ხნით დარჩენა უნდა. ეს ფეხბურთელს და კლუბის წარმომადგენლებს არაერთხელ გაუცხადებიათ. სწორედ ამიტომ, “ბარსას” მე-8 ნომერი და მისი აგენტი აჩქარებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მხარეების პოზიციებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა, ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ინიესტაც და კლუბის წარმომადგენლებიც იმედიანად არიან განწყობილნი.