მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი, ხვალ, ლა ლიგაში თავის 250-ე შეხვედრას ჩაატარებს. არგენტინელი, რომელსაც ამ ციფრის მისაღწევად 9 სეზონი დასჭირდა, შესაშური შედეგიანობით გამოირჩევა.
განვლილი 249 შეხვედრიდან მესიმ 212 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მან ამ თამაშებში 221 გოლი გაიტანა. ლიონელ მესი 37-ჯერ გააფრთხილეს და მას არბიტრისგან წითელი ბარათი არცერთხელ დაუმსახურებია.
ლა ლიგაში, მესისთვის, ყველაზე წარმატებული 2011-12 წლების სეზონი იყო. მართალია, “ბარსელონამ” ჩემპიონობა ვერ მოახერხა, მაგრამ მისმა ვარსკვლავმა, 37 თამაშში, 50 გოლი გაიტანა და დაუჯერებელი რეკორდი დაამყარა. გასულ სეზონში, ტრავმის გამო, მესი მოედანზე მხოლოდ 32-ჯერ გავიდა, მაგრამ მან 46 გოლის გატანა მაინც მოახერხა.
2013-14 წლების სეზონი მესიმ ძალიან კარგად დაიწყო. ჩატარებულ 3 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა.