პრეზიდენტმა იუსტემ სეზონი შეაჯამა და “რეალ მადრიდის” ბრალდებებს უპასუხა

პრეზიდენტმა იუსტემ სეზონი შეაჯამა და “რეალ მადრიდის” ბრალდებებს უპასუხა

სამშაბათს, 9 ივნისს, “ბარსელონამ” სენატის მორიგი სხდომა გამართა, რომელიც კლუბის საწესდებო კოლეგიურ და საპატიო სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და 1000 ყველაზე სტაჟიანი წევრისგან შედგება. ღონისძიებას, რომელიც “აუდიტორი 1899”-ში ჩატარდა, 144 სენატორი და დირექტორთა საბჭოს წევრები დაესწრნენ, სხდომას კი თავმჯდომარეობდა პრეზიდენტი რაფაელ იუსტე (პირველ ივლისამდე “ბარსელონას” პრეზიდენტის მოვალეობას სწორედ იუსტე ასრულებს).

თავის მოხსენებაში იუსტემ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა წევრებს ინსტიტუციური სტაბილურობისთვის, რამაც დირექტორთა საბჭოს ბოლო წლების სირთულეების გადალახვის საშუალება მისცა. მან აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო “ბარსელონას” ოჯახში ოპტიმისტური განწყობის შესაქმნელად. იუსტემ ასევე ხაზი გაუსვა 15 მარტს გამართულ საარჩევნო დღეს, უწოდა მას დემოკრატიის სუფთა გამოვლინება და სამაგალითო არჩევნები, რომელიც “ბარსელონას” მასშტაბებს შეეფერება.

ისტორიული სეზონი და სამომავლო გეგმები

მამაკაცთა პირველი გუნდის მიერ ლა ლიგის ტიტულის წარმატებით დაცვამ და ქალთა გუნდის მიერ ოთხივე მთავარი ტურნირის (ჩემპიონთა ლიგა, Liga F, დედოფლის თასი და ესპანეთის სუპერ თასი) მოგებამ იუსტეს საფუძველი მისცა, რომ ეს საფეხბურთო სეზონი ისტორიულად შეეფასებინა. მან შეაქო დეკუსა და ჰანსი ფლიკის მუშაობა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლამდე გახანგრძლივდა, და დააანონსა, რომ უახლოეს კვირებში გულშემატკივრებისთვის საინტერესო ახალი ტრანსფერები გამოცხადდება. ქალთა გუნდთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ის კლუბის ერთ-ერთ ქვაკუთხედად დარჩება და ყველაფერი გაკეთდება, რათა მათ მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსი შეინარჩუნონ.

სპორტული სეზონის მიმოხილვისას პრეზიდენტმა გამოყო “ლა მასიას” წვლილი, რომელიც ისეთ მაღალი ხარისხის შენაძენებთან ერთად, როგორიც ენტონი გორდონია, მომავალში გამარჯვებული გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

სხვა სპორტული სექციები

პროფესიონალური სპორტული სექციების შეჯამებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელბურთის გუნდს ამ უქმეებზე შეუძლია მე-13 ევროპის თასი მოიგოს, რაც “ბარსელონას” პროფესიონალური გუნდების ჯამური 50-ე ევროპული ტიტული იქნება – მიღწევა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არცერთ სხვა სპორტულ კლუბს არ აქვს.

მან ასევე მიუთითა, რომ ფუტსალის, გორგოლაჭებიანი ჰოკეისა და კალათბურთის გუნდები ამჟამად სეზონის გადამწყვეტ ფაზაში იმყოფებიან და ჩემპიონატის პლეი ოფში ასპარეზობენ. კალათბურთის სექციაზე, რომელიც აგვისტოში ასწლოვან იუბილეს აღნიშნავს, იუსტემ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში როგორც ტექნიკური პერსონალის, ისე შემადგენლობის სერიოზული რესტრუქტურიზაცია გასაჯაროვდება, რათა გუნდი ევროპული კალათბურთის უმაღლეს დონეს დაუბრუნდეს.

ფინანსური სტაბილურობა და პასუხი “რეალ მადრიდს”

ფინანსებთან დაკავშირებით იუსტემ განმარტა, რომ კლუბის გადარჩენისა და სტაბილიზაციის შემდეგ, დირექტორთა საბჭო ახლა მის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. “სპოტიფაისთან” და “ნაიკისთან” პარტნიორობა, BLM-ის მიერ მართული მერჩენდაიზინგი და “სპოტიფაი კამპ ნოუს” მიერ გენერირებული მზარდი შემოსავლები კლუბის მთავარი ეკონომიკური ბოძებია. მან ასევე დაადასტურა, რომ “ბარსელონა” სწორ გზაზეა ლა ლიგის ფინანსური ფეირ პლეის 1:1 წესის შესასრულებლად.

მან მიუღებელი უწოდა “რეალ მადრიდის” პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს მის კლუბს 7 საჩემპიონო ტიტული “მოჰპარეს”. იუსტემ ეს “ბარსელონას” ცილისწამების მცდელობად შეაფასა და დაადასტურა, რომ იურიდიული დეპარტამენტი შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაზე უკვე მუშაობს.

პრეზიდენტმა მიესალმა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნების პროცესს და ხაზი გაუსვა, რომ 105 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი კლუბის ეკონომიკური აღდგენის მთავარი გარანტი იქნება. მან ასევე გამოყო “ბარსელონას” ფონდის მუშაობა, რომლის საქველმოქმედო საქმიანობაც “Més que un Club” ფილოსოფიის კიდევ ერთი დასტურია.

იუსტემ სიტყვა დაასრულა იმით, რომ ამაყობს წარმატებული სპორტული პროექტის განმტკიცებითა და ახალი სტადიონის მშენებლობით ისე, რომ საფრთხე არ შეჰქმნია კლუბის წევრების საკუთრების მოდელს და მათზე ფინანსური ტვირთი არ გადასულა. სესიის დასასრულს, სენატორები განახლებული “სპოტიფაი კამპ ნოუს” ტურზე მიიწვიეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი