workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2012-13 წლების სეზონი ციფრებში

2012-13 წლების სეზონი ციფრებში

2012-13 წლების სეზონი დასრულდა. ეს სეზონი შეგვიძლია არაერთგვაროვნად შევაფასოთ. ერთის მხრივ, ესპანეთის ჩემპიონატში ტრიუმფი და მეორეს მხრივ, ჩემპიონთა ლიგის ფიასკო. ამ სტატიაში, შევეცდებით, თქვენი ყურადღება იმ სტატისტიკურ მონაცემებზე გავამახვილოთ, რომლებზსაც აქამდე ყურადღება საერთოდ არ მიექცა, ან მცირედით მიექცა.

დავიწყოთ გასული ზაფხულით. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” სატრანსფერო ბაზარზე ძალიან არ უაქტიურია და ვილანოვას გუნდმა მხოლოდ 2 ფეხბურთელი დაიმატა, კატალონიელებმა მაინც 32.5 მილიონი ევროთი მეტი დახარჯეს, ვიდრე თავად გამოიმუშავეს. ეს 2 შეძენილი ფეხბურთელი ალექს სონგი (19 მილიონი) და ხორდი ალბაა (14 მილიონი). კატალონიელმა აშკარად გაამართლა, რასაც კამერუნელზე ვერ ვიტყვით. გასულ სეზონში, “ბარსამ” ტრანსფერებით მხოლოდ ნახევარი მილიონი ევრო გამოიმუშავა. ეს თანხა კატალონიელებს “შალკემ” გადაუხადა, იბრაჰიმ აფელაის საარენდო ხელშეკრულების თანახმად.

გასაკვირი არაა, რომ 32.5-მილიონიანი ზარალით “ბარსა” ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გავიდა. მე-2 ყველაზე ცუდი შედეგი “სელტას” ჰქონდა, რომელმაც ფეხბურთელების ტრანსფერებში 5 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე გამოიმუშავა. “ბარსას” კონკურენტმა, მადრიდის “რეალმა” იმდენივე დახარჯა, რამდენიც მიიღო – 33.5 მილიონი ევრო.

2012-13 წლების სეზონი იყო ზედიზედ მე-7, როდესაც “ბარსამ” ტრანსფერებში უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე გამოიმუშავა. უკანასკნელად, როდესაც კატალონიელებმა ფინანსური თვალზრისით წარმატებით ივაჭრეს, 2005-06 წლების სეზონი იყო. მაშინ, “ბარსელომა” 3 მილიონის მოგება ნახა. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ ზაფხულში, “ბარსას” ტრანსფერებში ფული საერთოდ არ დაუხარჯავს.

“ბარსელონას” გაჩემპიონებაში ძალიან დიდი როლი კარგმა სტარტმა აიღო. პირველ წრეში, ანუ საწყის 19 თამაშში, ვილანოვას შეგირდებმა 18 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. სწორედ ასეთი სტარტია იმის მიზეზი, რომ “ბარსა” გათამაშებას პირველიდან ბოლო ტურამდე ლიდერობდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ესპანეთის ჩემპიონატში, “ბარსელონას” ფეხბურთელები დისციპლინას ყველაზე სამაგალითოდ იცავდნენ. კატალონიელებმა 400-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესები, მიიღეს 55 ყვითელი და 3 წითელი ბარათი. პირველ ორ მაჩვენებელში, “ბარსა” საუკეთესოა, ხოლო 2 წითელი ბარათით, ყველაზე კარგი შედეგი “სოსიედადს” აქვს. საერთო ჩათვლაში, “ბარსელონა” დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ჩემპიონიბისთვის ბრძოლაში გუნდის უმთავრესი კონკურენტი მადრიდის “რეალი” მე-4 ადგილზეა.

განვლილი სეზონის განმავლობაში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” თამაშს თვალი 1.361.933-მა ადამიანმა მიადევნა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. კატალონიელთა თამაშს, საშუალოდ, 71.681 გულშემატკივარი ესწრებოდა. ყველა ბილეთის გაყიდვა “ბარსამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ამ მხრივ ლიდერები “ატლეტიკი” და “გრანადა” არიან, რომლებმაც სტადონი სრულად სამ-სამჯერ შეავსეს.

გასაკვირი არავისთვისაა, რომ “ბარსა” ლიდერია ბურთის ფლობის მხრივ. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, საშუალოდ, კატალონიელები ბურთს დროის 66.9%-ის განმავლობაში ფლობდნენ. მე-2 ადგილზე მყოფი “რეალის” მაჩვენებელი 56% არის. “ბარსას” ყველაზე კარგი მაჩვენებელი “ოსასუნასთან” საშინაო შეხვედრაში (5:1) ჰქონდა – 79%, ხოლო ყველაზე ცუდი – “რაიოსთან” გასვლით მატჩში (0:5) – 54%.

გასულ გათამაშებაში ყველაზე მეტი, 115 გოლი “ბარსელონას” ფეხბურთელებმა გაიტანეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ კარში ყველაზე ხშირად “რეალის” ფეხბურთელები ურტყამდნენ. საქმე ისაა, რომ კატალონიელები, დარტყმის დროს, კონკურენტთან შედარებით, გაცილებით აკურატულები არიან. “ბარსას” დარტყმების 63.7% კარში წავიდა (“რეალის” – 59%), ხოლო გოლის გატანის მაჩვენებელი 26.7% არის (“რეალის” – 19.6%).

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა 32 გოლი მარჯვენა ფეხით, გაიტანეს, ხოლო 50 გოლი – მარცხენათი. მარცხენა ფეხით, სხვა არცერთ გუნდს 23 გოლზე მეტი არ გაუტანია. ამხელა სხვაობის მიზეზი ლეო მესია. მოგეხსენებათ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ცაციაა. “ბარსამ” თავით ძალიან ცოტა, 5 გოლი გაიტანა. ამაზე ცუდი მაჩვენებელი არცერთ გუნდს არ აქვს. მაგალითად, “რეალმა” თავით 13 გოლი გაიტანა. არცთუ სახარბიელო სიტუაციაა კუთხურიდან გატანილ გოლებშიც. “ბარსას” ანგარიშზე 4 გოლია, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი კუთხურიდან 8 ბურთის გატანაა. “ბარსამ” და “რეალმა”, ჯარიმიდან, 4-4 გოლი გაიტანეს. ეს საუკეთესო შედეგია. შორი დისტანციიდან დარტყმის შედეგაც, კატალონიელებს 2 გოლი დაუგროვდათ. 3-3 გოლით, “რეალი”, “სევილია” და “რაიო” ლიდერობენ.

“ბარსელონას” გოლი ყველაზე ხშირად მე-2 ტაიმის დასაწყისში გაჰქონდა. 46-ედან მე-60 წუთამდე, კატალონიელებმა მეტოქის კარი 24-ჯერ აიღეს. ყველაზე ცოტა, 11 გოლი “ბარსამ” 61-ედან 75-ე წუთამდე გაიტანა.

2012-13 წლების სეზონში, “ბარსელონამ” შესაშური მებრძოლი სული გამოავლინა. კატალონიელებმა 7 ისეთი თამაში მოიგეს, რომელსაც აგებდნენ. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით, მწვრთნელის საქმიანობის სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ერთ დეტალს თქვენს ყურადღებას მაინც მივაპყრობთ. ტიტომ ლა ლიგაში გუნდი 32-ჯერ ათამაშა და ყველაზე მეტი, 12 შედეგიანი ცვლილება გააკეთა. მე-2 ადგილზე “რეალის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიოა, რომელმაც 37 თამაშში 10 ცვლილება გამოიცნო. რაც შეეხება ხორდი როურას – 6 თამაშში, მის მიერ მოედანზე სათადარაიგოთა სკამიდან შეშვებულმა ფეხბურთელმა გოლი 2-ჯერ გაიტანა.

შეცვლაზე შესულ ფეხბურთელთა შორის, როგორც სხვა ბევრ მონაცემში, ლიონელ მესი ლიდერობს. არნგეტინელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან 4-ჯერ  ჩაერთო და მან 6 გოლი გაიტანა. მე-2 ადგილზე ნელსონ ვალდესია, რომელმაც შეცვლაზე 22-ჯერ შესვლის შემდეგ, 5 გოლი გაიტანა.

“ბარსელონა” ესპანეთში ყველაზე ინტერნაციონალური და საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილი გუნდია. კატალონიურ კლუბში 5 სხვადასხვა ქვეყნის 14 ლეგიონერი თამაშობს. მათ, საერთო ჯამში, 837 სანაკრებო თამაში აქვთ ჩატარებული. მე-2 ადგილზეა “რეალია”, რომლის 12 ლეგიონერს ნაკრებში 713-ჯერ უთამაშია.

მიუხედავად ამდენი ლეგიონერისა, “ბარსას” ძირითად ბირთვს ესპანელი ფეხბურთელები შეადგენენ. ერთდროულად ყველაზე მეტი ლეგიონერი ვილანოვამ “ვალენსიასთან” 1:0 მოგებულ შეხვედრაში ათამაშა, როდესაც “ბარსას” მაისურით 4 ქვეყნის 6 ლეგიონერი ასპარეზობდა.

ლა ლიგის გასულ გათამაშებაში, შეტევებში ყველაზე შედეგიანად “ბარსელონას” მცველები ერთვებოდნენ. კატალონიელთა უკანახაზელების ანგარიშზე 11 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა. “რეალის” მცველების შედეგი 7 გოლი და 6 პასია. სამაგიეროდ, “ბარსა” “რეალს” ჩამორჩება ნახევარმცველების შედეგიანობაში. კატალონიელმა შუახაზელებმა 23-ჯერ გაიტანეს და 44-ჯერ თანაგუნდელს გაატანინეს, მაშინ, როდესაც მადრიდელთა შედეგი 28 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა. დიდია “ბარსას” შემტევების უპირატესობა კონკურენტებზე. ვილანოვას გუნდის თავდამსხმელებმა 78-ჯერ თავად გაიტანეს, ხოლო 42-ჯერ სხვას გაატანინეს. “რეალის” შემტევების ანგარიშზე 62 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward