1999 წლის 2 ოქტომბრის საღამო იდგა, კატალონიის ”ბარსელონა” წყნარად ამარცხებდა ”რეალ ვალიადოლიდს” ანგარიშით 2:0-ს, ”ბლაუგრანას” იმჟამინდელმა მწვრთნელმა, ლუი ვან გალმა მოედანზე კარლეს პუიოლის გამოყვანა გადაწყვიტა და ამ ცვლილებამ შეცვალა კატალონიური გრანდის შემდეგი 15 წელი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

კარლეს პუიოლ საფორსადა, უდიდესი ფეხბურთელი და ადამიანი. მისთვის მთავარი ადამიანობაა, ხოლო შემდეგ საფეხბურთო კარიერა. თავისი საქმის ერთგული და უდავო პროფესიონალი. ადამიანი, რომელმაც იცის ყველაფერი საყვარელი კლუბის შესახებ და სხვათაშორის, ჩვენ ვიცით ყველაფერი მის შესახებ.
2004 წელს იგი ოფიციალურად გახდა გუნდის კაპიტანი და ეს მის თამაშსაც შეეტყო. მოედანზე ყველაფერს დებდა, საერთოდ ყველაფერს და ამას სხვებისგანაც ითხოვდა, სხვათაშორის სამართლიანად. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ადამიანს, რომელსაც კაპიტნის სამკლაური არ ჰკეთებია წარმოდგენაც არ აქვს, თუ რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა ეს. აუცილებლად არის აღსანიშნავი, მისი მოედნის გარეთ მეგობრების პატივისცემა. სულ რამდენიმე დღის წინ დაიწერა სიახლე, რომ იგი მიკი როკეს საპატივცემულო ცერემონიალს დაესწრო. ამდენი წლის შემდეგ, იგი არ ივიწყებს ამას და მას ბუცებზე მისი ყოფილი მეგობრის ინიციალებიც კი აქვს ამოკვეთილი. ამით ყველაფერი ნათქვამია…

პიკე ”მანჩესტერიდან” დაბრუნებისთანავე, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვდა (როგორ ვერ დაინახავდა მის ტალანტს უდიდესი მწვრთნელი, პეპ გურადიოლა?) და დაცვის ცენტრში პუიოლის გვერდზე ძალიან ხშირად უწევდა თამაში. ამაზე მან საინტერესო განცხადება გააკეთა: ”უბრალოდ გიჟია! ხანდახან მეძახის ხოლმე: ჰერი, ჰერი! რომ ვეკითხები რა მოხდა თქო წყნარად მპასუხობს, არაფერი ყურადღებით იყავიო. თავიდან მის გვერდით თამაშის ცოტა არ იყოს მეშინოდა, შემდეგ კი მივეჩვიე მის არაადამიანურ მონდომებას და ჟინს. მივეჩვიე იმ საოცარ ძალას, რომელიც მას გამარჯვებისკენ მოუწოდებს.” უკომენტაროდ…

ჩემი აზრით, ”ბარსელონას” გულშემატკივრება ცოტა არ იყოს მიივიწყეს, თუ ვინ არის გუნდის ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ვინ არის გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მესის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის ეს არის კარლეს პუიოლი. ფეხბურთელი, რომელიც ”ბარსელონას” ერთგულთა სიაში საუკეთსო სამეულში შედის. ფეხბურთელი, რომელსაც უკვე ყველაფერი დამტკიცებული აქვს და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩვენ, ”ბარსელონას” ამჟამინდელი გულშემატკივრები სიამაყით ვიტყვით: “მე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კაპიტნის, კარლეს პუიოლის თამაშს მოვესწარი!”
[media=http://www.youtube.com/watch?v=vZDWh6sRppE]
[media=http://www.youtube.com/watch?v=dRW29AK8Syw]
[media=http://www.youtube.com/watch?v=j9IpgxncDCg]
სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი


