”სარაგოსასთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟორდი როურამ განაცხადა: ”ეს დიდებული იყო! ლა ლიგა უმნიშვნელოვანესია, ეს ჩვენი პირველი სამიზნეა. ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ძირითადში იყვნენ ხშირად ვერ ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში, ახლა კი ისინი ძალიან გვეხმარებიან. დღეს დიდებული მატჩი ჩავატარეთ. ეს გრძელი კვირა იყო, თუმცა ჩვენ არ ვფიქრობდით ფეხბურთელების დასვენებაზე. შემადგენლობაში ისინი დავაყენეთ, ვინც კარგ კონდიციებში იყვნენ”.
მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ცალკეული ფეხბურთელები შეაქო: ”სიმართლეა, რომ ტელიომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მან ბევრი გააკეთა გუნდისთვის. თუმცა სონგმა, ტიაგომ, ბარტრამ, მონტოიამ… ყველამ დიდებულად ითამაშა! მე ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ამ გუნდის წევრებით”.
ლა ლიგაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ
როურამ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა გუნდისთვის არ იყო კომფორტული: ”ჩვენ დილით ძალიან ადრე გაღვიძება მოგვიწია, მოედნის მდგომარეობა არ იყო კარგი, ძალიან ცხელოდა… ყურადღებით რომ არ გვეთამაშა ვერ გავიმარჯვებდით”.
0:3 მოგების შემდეგ გუნდი ძალიან მიუახლოვდა პრიმერას ჩემპიონის ტიტულს, თუმცა ჟორდი ფეხბურთელებს აფრთხილებს: ”წინ 7 შეხვედრა დაგვრჩა, გასათამაშებელია 21 ქულა. ჩემპიონები ჯერ არ ვართ. შაბათს, ”ლევანტეს” წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმას შევეცდებით”.