დღეს გაიმართება ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი ”ბარსელონასა” და “პსჟ”-ს შორის. ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძვის ნახევარფინალის ეტაპზე გადასასვლელად. პირველ თამაშში ამ გუნდებს შორის პარიზელებმა აჩვენეს, რომ არამარტო ”ბარსას” შეუძლია შემტევი ფეხბურთის თამაში.
”კამპ ნოუზე” ბოლო 4 წელიწადში ჩატარებულ მეოთხედფინალურ შეხვედრებში კატალონიელები ტრადიციულად ბევრ გოლს იტანენ. დღესაც, მოსალოდნელია უხვგოლიანობა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ”ბლაუგრანამ” ბოლო ოთხ წელიწადში 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.
”კამპ ნოუზე” გატანილი გოლები
წინა სეზონის მსხვერპლი ”მილანი” გახლდათ. კატალონიელებმა მესის, ვილიას და ინიესტას გოლების წყალობით დაამარცხეს იტალიელები, ანგარიშით 3-1. იმის წინა სეზონში ”ბარსამ” ”შახტარს” უმასპინძლა და უკრაინული გუნდი გაანადგურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (5-1).
3 წლის წინ, კატალონიელებმა ლონდონის ”არსენალთან” პირველი მატჩი ინგლისში, ფრედ 2-2 ითამაშეს. ბევრი ელოდა ამ წყვილში სენსაციას, მაგრამ ”კამპ ნოუზე” გატანილმა პოკერმა, რომელიც მესის სახელზეა, ლონდონელებს ყველანაირი იმედი გადაუწურა. რაც შეეხება გვარდიოლას სადებიუტო სეზონს, მაშინ ”ბარსამ” პირველივე შეხვედრაში გადაწყვიტა ნახევარფინალისტის ვინაობა და ”ბაიერნი” 4-0 გაანადგურა
თითქმის 4 წელი დაუმარცხებელნი
ასევე აღსანაშნავია ამ ტურნირზე კატალონიელების საუცხოო თამაში საკუთარ სტადიონზე. 2009 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული (მაშინ ”ბარსა” ”რუბინთან” დამარცხდა 1-2) გუნდს 20 შეხვედრა არ წაუგია. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა: ბოლოჯერ ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან 2002/03 წლებში გამოეთიშა. მაშინ ”ბლაუგრანა” ”იუვენტუსმა” დაჯაბნა.



