უდიდესი ტალანტი (ნაწ. 7) ოთხშაბათს, ”ბარსელონას” ელის ურთულესი მატჩი პსჟ-ს წინააღმდეგ და ვილანოვას ერთი ამოცანა აქვს ამოსახსნელი, თუ ვინ შეუწყვილოს ხერარ პიკეს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ერთ-ერთი ვარიანტი ”ლა მასიის” აღზრდილი, უნიჭიერესი მარკ ბარტრა, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებ.
მარკ ბარტრა არეგალი 1991 წლის 15 იანვარს, ესპანეთის უბრალო ქალაქ სანტ ჟაუმე დელს დომენსში დაიბადა. ფეხბურთი თავიდანვე იტაცებდა. ქუჩა ეს არის ადგილი, სადაც იგი 11-წლამდე თითქმის ყოველდღე თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო ამ ასაკში მან გადაწყვიტა წამოეწყო საფეხბურთო კარიერა და ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ”ბარსელონა” აირჩია. 2010 წლამდე ბარტრა იყო კატალონიელთა აკადემიის, ხოლო შემდეგ ”ბარსა ბ-ს” ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წევრი. 2010-ში კი მისი ოცნება ახდა და იგი ოფიციალურად გახდა კატალონიური გრანდის პირველი გუნდის წევრი.
პირველ გუნდში გადმოსვლით პირველი ორი სეზონი თითქმის არ შეცვლილა. მარკი ძირითადად ”ბარსა ბ-ს” რიგებში თამაშობდა, მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა. მისი სათამაშო დრო საგრძნობლად გაიზარდა და ეს განპირობებულია კატალონიელთა უკანახაზელების ტრავმებით. პუიოლი, მასკერანო, პიკე – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც უკვე ”მოასწრეს” ამ სეზონში დაზიანება.
მივუბრუნდეთ ჩვენთვის აქტუალურ თემას, ხვალინდელ თამაშს პსჟ-ს წინააღმდეგ. ვილანოვას ცენტრალური მცველის პოზიციაზე პიკეს გარდა კიდევ 3 ვარიანტი ყავს. ესენი არიან: სერხიო ბუსკეტსი (ხოლო მის ადგილს ალექსანდრ სონგი დაიკავებს), ადრიანო და მარკ ბარტრა. ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული ბარტრას ხვალინდელ მატჩში ძირითადში ხილვა. მისი ჭკუა და ტექნიკურობა აძლევს უფლებას იყოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი. ძალიან კარგი მაღალი პასი, მეორე სართულზე კარგად მებრძოლი, ჭკვიანი, მოკლედ მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ერთადერთი პრობლემა რაც ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით არის, ესაა გამოუცდელობა. მიუხედავად ამ ნაკლისა, მას შეუძლია ისეთი ფეხბურთელების გაჩერება, როგორებიც არიან ეზეკიელ ლავეცი, იბრა და პასტორე. ასე რომ, ჩემი აზრით ”ბარსელონას” დაცვის ცენტრში ყველაზე მეტად გამოადგება პიკე-ბარტრას დუეტი.
სტატიის ბოლოს მოგახსენებთ ჩემ აზრს ამ ფეხბურთელის შესახებ. მარკი არის ძალიან ქარიზმატული ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია. ბოლოსდაბოლოს იგი ითვლება პუიოლის შემცვლელად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაყიდვა, ”ბარსელონამ” აუცილებლად უნდა შეინახოს ეს ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც ბარტრა იქნება გუნდის სული და გული. მისი მეგობრული ხასიათი, თამაშისწინა შემართება და ინტელექტი აძლევს მას უფლებას იყოს ერთდროულად კარგი მეგობარი, კარგი გამამხნევებელი და საკმაოდ ჭკვიანი და დალაგებული მოთამაშე. სიტყვებიც აღარ მყოფნის, თუ როგორ შევაქო ეს უდიდესი ტალანტი.
გმადლობთ, ყურადღებისთვის!
დავით თანანაშვილი