გუშინ, ”ბარსელონას” ტიტო ვილანოვა დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ყველა კულეს გაუხარდა ეს ამბავი, მაგრამ მისი დაბრუნება მე უცებ პეპთან დავაკავშირე, რამაც სევდის ტალღა წამოიღო.
შესანიშნავად მახსოვს, როგორ მეწყინა ფრენკ რაიკაარდის გუნდიდან გაშვება და მეგონა, რომ ”ბარსელონა” ვეღარც მოახერხებდა ასეთი გენიალური სპეციალისტის მოყვანას კლუბში. ხელმძღვანელობამ ”ბარსა ბ”-ს მწვრთნელი დააწინაურა. როგორც პეპი ამბობს, მას არ სჯეროდა ეს ამბავი. უბრალოდ, არასდროს არ წარმოედგინა, რომ კლუბში ამ თანამდებობას დაიკავებდა. ეს მოხდა 2008 წლის ზაფხულში და აქედან მოყოლებული იწყება კულეების სიზმარი, რომელიც რეალობად იქცა. პეპის პირველივე სეზონში კლუბი განუმეორებელ ფეხბურთს თამაშობდა, ყველას სიამოვნებდა ”ბარსას” თამაშის ყურება. ფეხბურთის გულშემატკივრებს ერთი სული ჰქონდათ, თუ როდის დაიწყებოდა კატალონიელთა მატჩი, რათა დამტკბარიყვნენ ფეხბურთის სილამაზით. მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში არ არის საკმარისი მხოლოდ თამაშის სტილი, ყველა ამტკიცებს, რომ მთავარი ტაბლოა. ”ბარსელონას” პრინციპი არასდროს არ ყოფილა შედეგზე თამაში, მაგრამ რას ვიზამთ. პეპმა იმდენი შეძლო, რომ გუნდი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობდა და ამავდროულად, უამრავ ტიტულს იგებდა. 2009 წელს ”ბარსამ” რეკორდი დაამყარა და ერთ კალენდარულ წელიწადში 6 თასის მოპოვება შეძლო. მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც. კატალონიელთა ასპარეზი ევროთასებზე შეუდარებელი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბლაუგრანა ”მანჩესტერს” დაუპირისპირდა. მაყურებელმა იშვიათი სანახაობა იხილა. ულამაზესი ფეხბურთი იყო, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის…
ჩვენ ცოტა თემას გადავუხვიეთ და რა მინდოდა ამით მეთქვა. თავისთავად, კლუბს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ აუცილებლად არის აღსანიშნავი მწვრთნელის გაწეული სამუშაო. თითოეულ მატჩში ჩანდა მისი განუსაზღვრელი სიყვარული ”ბარსას” მიმართ, მისი ემოციები თამაშის მსვლელობისას უკვე ყველაფერზე მეტყველებდა. არასდროს არ დამავიწყდება, მისი უზომო ბედნიერება, როდესაც ინიესტამ ბოლო წუთზე გაუტანა ”ჩელსის” გოლი. გუარდიოლა, თითქოს ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისე გაიქცა ანდრესისკენ.
მართალი გითხრათ, მიუხედავად მისი წასვლისა მე მაინც მჯეროდა, რომ გასაჭირში პეპი აუცილებლად დაუბრუნდებოდა გუნდს, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება. მან გააფორმა ხელშეკრულება ”ბაიერნთან” და ჩემს ოცნებას პეპის დაბრუნებასთან დაკავშირებით ხაზი გადაესვა.. გუარდიოლამ შექმნა ეპოქა და იგი მუდამ იქნება კულეების გულში, როგორც ”საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო მოტივატორი და ამავდროულად, ფეხბურთელების საუკეთესო მეგობარი…
დავით თანანაშვილი
[media=http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ]

