საოცარი ფეხბურთელია ლიონელ მესი. ამჟამად, არგენტინელს, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი უდგას, თუ არა ყველაზე ცუდი. ყველა თანხმდება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია და მიუხედავად ამისა, ის რეკორდების დამხობას განაგრძობს. “რეალთან” შაბათს გამართულ შეხვედრაში, ლეომ თავისი მორიგი გოლი გაიტანა, რითიც ერთი რეკორდი გააუმჯობესა და ერთიც გაიმეორა.
აქამდე, “ელ კლასიკოების” ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო იყო, რომელსაც “ბარსელონასთან” ოფიციალურად გამართულ მატჩებში 18 გოლი ჰქონდა გატანილი. ბოლო წლებში, მესიმ “რეალის” კარი იმდენჯერ აიღო, რომ ცხადი იყო, ის თანამემამულეს მალე დაეწეოდა. ასეც მოხდა. შაბათს, ლა ლიგის 26-ე ტურში, მესიმ დიეგო ლოპესის კარში გოლი მე-18 წუთზე გაიტანა და ახლა, მას “კლასიკოებში” უკვე 18 ბურთი აქვს გატანილი. არადა, ლეო ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ცხადია, ადრე თუ გვიან, ის დი სტეფანოს გადასწრებასაც მოახერხებს.
მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. “რეალი” მიჯრით მე-16 გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც ლეომ გოლი გაუტანა. სანამ არგენტინელი ამ სარეკორდო სერიას დაიწყებდა, საუკეთესო მაჩვენებელი ზედიზედ 10 მატჩში გატანა იყო.
ასე რომ, მაშინაც კი, როდესაც ლეო მესი ძალიან ცუდ ფორმაშია, ის ახერხებს იმას, რაც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის მიუღწეველი შედეგია.