ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, “რელთან” 1:2 წაგებული შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ხორდი როურამ გუნდს მონდომება დაუფასა და განაცხადა, რომ კატალონიელებს ქულების აღების შანსი ჰქონდათ.
“მადრიდში 16-ქულიანი უპირატესობით ჩამოვედით და “რეალთან” არსებული ამ სხვაობის გაზრდა გვსურდა. გუნდის მონდომებით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ. ქულების აღების შანსი გვქონდა. რთული კვირის ბოლოს, რთულ სტადიონზე ვთამაშობდით და გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. გუნდმა კარგად იმუშავა და ჩვენი შანსები გვქონდა. თუმცა, ნათელია, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ.
ბოლო დროს, საკმაოდ დატვირთული რამდენიმე კვირა გვქონდა და არაერთი დაძაბული შეხვედრა ჩავატარეთ. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს.
ყოველთვის ვცდილობთ, რომ შეხვედრა ვაკონტროლოთ და უმეტეს შემთხვევაში ეს გამოგვდის. შესაძლოა, პირველ წუთებში, როდესაც “რეალი” სახიფათო იყო, მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავით. მადრიდელთა თამაშის სტილი მეტოქის შეცდომებით სარგებლობაა და სწორედ ამიტომ, ბურთზე კონტროლის დამყარება მნიშვნელოვანი იყო.” – აცხადებს როურა, რომელიც შეხვედრის მიწურულს არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ყველაფერი ისედაც საკმარისად ნათელია.”