ვის დავუტოვეთ გუნდი ანუ “კამპ ნოუს” მარკიზი

ვის დავუტოვეთ გუნდი ანუ “კამპ ნოუს” მარკიზი

ამონარიდი გრემ ჰანტერის წიგნიდან – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი”

ქართულად უკვე თებერვალში

 

პირველი, ვისაც ლა-მაზიაში მოხვედრილი ჭაბუკი პეპ გვარდიოლა დაუმეგობრდა, ფრანჩესკ (ტიტო) ვილანოვა გახლდათ. მცირედ ასაკობრივ სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა – ისინი ფეხბურთის მსგავსი ხედვით გამოირჩეოდნენ.

გვარდიოლა ნომერ 4 პოზიციაზე მოთამაშე, გამხდარი, მაგრამ ელეგანტური “სატრანზიტო კონტროლიორი” გახლდათ, ვილანოვა – სუსტი, საკუთარი სტილის მქონე მარჯვენა ინსაიდი.

გვარდიოლა “ბარსას” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინა, ვილანოვას ერთადერთი გამოსვლა კი პირველ გუნდში მოხდა მაშინ, როცა ის თავისი მომავალი ბოსის შესაცვლელად გამოვიდა გვარდიოლას სადებიუტო მატჩში და ერთი ტაიმი ითამაშა “ბანიოლესთან” ამხანაგურ შეხვედრაში 1989 წლის 1-ელ მაისს.

ერთხანს “ბარსას” ჭაბუკთა სისტემაში მას მრავალი მეტსახელი ჰქონდა და ბევრად ნაკლები იღბალი. ერთ-ერთმა პირველმა მწვრთნელმა მას მარკიზი უწოდა იმის გამო, რომ ელეგანტური, მოხდენილად ჩაცმული დადიოდა და ყველაფერს უზადოს ეტანებოდა (სრულყოფილ ფეხბურთს, უნაკლო მინდვრის საფარს, იდეალურად გაპრიალებულ ფეხსაცმელს);

ოც წელს გადაცილებულ ვილანოვას საკუთარი მოუთმენლობის გამო ს/კ “ბარსელონიდან” წასვლამ მოუწია. “რეშაკსა და კრუიფს ვუთხარი, რომ თუ მეორე სეზონის ბოლოსთვის Bარცა B-დან პირველ გუნდში არ გადამიყვანდნენ, კლუბიდან წავიდოდი. გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მაინც შეცდომა იყო”.

როცა გვარდიოლა “კამპ ნოუზე” “ისტორიას წერდა”, მისი მომავალი თანაშემწე ლამის ყოველ სეზონში გუნდს იცვლიდა – “ფიგუერესიდან” “სელტა ვიგოში” გადავიდა, მერე “ბადახოსი”, “მალიორკა”, “ლეიდა”, ელჩე” მოიარა და ბოლოს, მშობლიურ კატალონიაში, “გრამენეტში” “დაეშვა”.

თამაშის დასრულების შემდეგ, “ბარსაში” მწვრთნელად მოგვევლინა და fútbol base-ის პროგრამაში ჩაება. თუმცა 2003 წელს ჩატარებული მასობრივი რეორგანიზაციის დროს ვილანოვა კლუბიდან მეორედ წავიდა – შტატების შემცირებაში მოაყოლა სპორტულმა ვიცე-პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, რომელმაც ცხრა წლის შემდეგ ის გვარდიოლას შემცვლელად გამოაცხადა… 

გვარდიოლას წასვლის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ როცა როსელმა მისი სახელი წარმოთქვა, “კამპ ნოუს” გადაჭედილ საპრესკონფერენციო დარბაზს ყრუ გუგუნმა გადაურბინა. მსოფლიო მედიის წარმომადგენლები გვარდიოლას გადადგომის დადასტურების მოსასმენად იყვნენ მოსული, მაგრამ ამასთან ერთად ვილანოვას დანიშვნის თაობაზე გამოცხადების შემდეგ ბევრ დამსწრეს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.

“გამიკვირდა. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მქონია, ამიტომ მეორე დღეს, როცა პეპმა დარჩენაზე საბოლოოდ უარი თქვა და პრეზიდენტმა დამიბარა, მას ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად გარკვეული დრო დამჭირდებოდა, რადგანაც წლის განმავლობაში ჩემს თავზე გადატანილი განსაკუთრებული მოვლენებისა და გარემოებების გამო, მეც საკმაო ენერგია მქონდა დახარჯული. თუმცაღა, როცა ასეთი დიდი კლუბი თანამდებობას გთავაზობს, უარის თქმა ძალზე ძნელია”.

“თუ გრძნობ, რომ ამ სამუშაოსთვის მზად ხარ, ნუ იყოყმანებ”, – ურჩია გვარდიოლამ და როცა მისმა ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად შეაფასეს, გადაწყვეტილებაც მიიღო.

ვილანოვა სიტუაციას განმიმარტავს: “როცა ეს ადგილი შემომთავაზა, ზუბის ვუთხარი, რომ პეპის თუნდაც ერთი საწინააღმდეგო არგუმენტის შემთხვევაში საუბარი დამთავრებული იქნებოდა – არ დავთანხმდებოდი.

პეპი და მე ერთი ოჯახივის წევრებივით ვართ. გარწმუნებთ – რომელიმე კლუბში სამუშაოდ რომ გადასულიყო, “ბარსაში” არ დავრჩებოდი და მას გავყვებოდი”.

ინიესტა თავის ახალ მწვრთნელს “ენციკლოპედიას” ეძახის, რადგან ვილანოვა მეთოდური, მომზადებული და გვარდიოლასავით ინოვაციურია. ისინი გამუდმებით ეთათბირებოდნენ ერთმანეთს და ვილანოვას მუდამ წონადი წვლილი შეჰქონდა საქმეში. მაგალითად, სწორედ მან გააბედვინა გვარდიოლას სერხიო ბუსკეტსის პირველ გუნდში გადმოყვანა, “ცრუ-ცხრიანის” პოზიციაზე მესის მოსინჯვა, დავიდ ვილას გადმობირება და ჩესკ ფაბრეგასის გუნდში დაბრუნება.

“პეპი ზურგს მიმაგრებდა და საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მაძლევდა, არასდროს მიგრძნია თავი მეორეხარისხოვნად, – ადასტურებს ვილანოვა. – სწორედ ის წარმართავდა სხვადასხვაგვარ ურთიერთობას, მაგრამ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებდით და ჩვენ შორის არასდროს გაჩენილა რაიმე უთანხმოება”.

“მარკიზი” გვარდიოლაზე მშვიდია, მისი ცხოვრების გზა შესაძლოა, ნაკლებ გამომსახველია, მაგრამ ის იმავე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელია; ხისტი, მომთხოვნია და მისი დანიშვნა სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. და ფარისევლობა იქნებოდა ამ გადაწყვეტილების ლოგიკურობის იგნორირება ჩვენი მხრიდან, რადგან მოგვწონდა მიმზიდველი ფეხბურთის ფილოსოფია, რომელიც გვარდიოლამ მთელი ორგანიზაციის მასშტაბით დაამკვიდრა.

 

ამონარიდი გრემ ჰანტერის წიგნიდან – “ბარსა: როგორ იქმნებოდა მსოფლიოს უდიდესი გუნდი”

ქართულად უკვე თებერვალში

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward