“რეალთან” გამართული სათასო დაპირისპირების შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ხორდი როურამ აქცენტი დამაგვირგვინებელ ფაზაში უიღბლობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ განმეორებით მატჩში, კატალონიელები მოედანზე მოსაგებად გავლენ.
“ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. განსაკუთრებით პიკემ. მხოლოდ სხვაობის გაზრდა ვერ მოვახერხეთ.
“რეალის” მხრიდან მსგავს ზეწოლას ველოდით. ვიცოდით, რომ შეხვედრის სტარტი უფრო ინტენსიური იქნებოდა. მოწინააღმდეგე მოედნის ჩვენს ნახევარზე გვეთამაშებოდა, რადგან მადრიდელებს ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაც ბურთის შენარჩუნება რთულია, განსაკუთრებით შეხვედრის სტარტზე. საერთო ჯამში, მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით.
დღევანდელ თამაშამდე ვამბობდი, რომ მატჩის ბედს მცირე დეტალები წყვეტს. ახლა კი ვამბობ, რომ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი ბარსელონაში გაირკვევა. ისე ვითამაშებთ, როგორც ამას ბარსელონაში ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე. არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და მეტოქეს დაველოდოთ. მოედანზე მოსაგებად გამოვალთ და იმავე ფეხბურთს ვითამაშებთ, რაც დღეს ვითამაშეთ. წინ რთული ბრძოლა გველის.” – აცხადებს ხორდი როურა.