ის ფაქტი, რომ ესპანეთის თასზე გასამართ პირველ “კლასიკოში” “ბარსას” კარლეს პუიოლი ჯანმრთელი ჰყავს, კატალონიურ კლუბს ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. “ბარსას” კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “კლასიკოებში” გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” პეპ გუარდიოლამ ჩაიბარა, ანუ 2008 წლიდან მოყოლებული, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 4 ტურნირის ეგიდით, 8 “ელ კლასიკო” გაიმართა. აქედან “ბარსამ” 5 მოიგო, “რეალმა” – 1, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. ამ 8 შეხვედრიდან პუიოლმა ექვსში ითამაშა და მისი შედეგი დამაკმაყოფილებელზე ბევრად უკეთესია – 5 მოგება და 1 ფრე. იმ ერთადერთ შემთხვევაშიც, როცა “ბარსამ” ვერ მოიგო, პუიოლმა მოედანი 57-ე წუთზე, იმ დროს დატოვა, როცა მისი გუნდი 1:0 იგებდა. კაპიტნისა და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ გუნდს “რეალმა” გაუტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
გარდა გუნდური შედეგებისა, პუიოლისთვის “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონი ინდივიდუალური მიღწევებითაც გამოირჩევა. ამ სტადიონზე გამართულ “კლასიკოებში”, კარლესმა 2 გოლი გაიტანა. ერთხელ, იგი გუნდს 6:2 მოგებაში დაეხმარა დაერთხელაც, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, კატალონიელებმა 2:1 მოიგეს.