workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ანდრეს, შენ შეგიძლია მეტჯერ აღარც გაიტანო!”

“ანდრეს, შენ შეგიძლია მეტჯერ აღარც გაიტანო!”

აღარ შეგაწყენთ თავს გუშნინდელი მატჩის პერიპეტიების აღწერით, რომელსაც, ალბათ, თითოეულმა თქვენგანმა მიადევნა თვალი და ვისაც იმ დონემდე არ აინტერესებს ფეხბურთი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსაც არ უყურებს, არც ჩემს სტატიას წაიკითხავს…

გუშინ ერთმანეთს დაუპირისპირდა ის ორი გუნდი, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სანახაობრივ და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა ამ ჩემპიონატზე უფრო შედეგი დააყენეს წინ და აქედან გამომდინარე მათ თამასში მეტი პრაგმატულობა იგრძნობოდა.

ესპანეთი გამარჯვებულია და დღეს ყველა ჩემპიონებზე საუბრობს, თუმცა თავს მოვალედ ვთვლი, ორიოდე სიტყვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უკვე მესამედ დამარცხებულ გუნდზეც ვთქვა. ვინც აღიარებს იმას, რომ ესპანეთი დღეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ მას ჰოლანდია მოსდევს, რომელმაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოქმედ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებს (იგულისხმება სათამაშო მხარე და არა შედეგი). “ნარინჯისფრებმა” ითამაშეს ტოტალური პრესინგით 120 წუთის განმავლობაში და მაქსიმალურად შეუზღუდეს სივრცეები ისეთ ნახევარმცველებს, როგორებიც ხავი ინიესტა და ფაბრეგასი არიან, ეს ყოველივე კი რაოდენ ძალისხმევასაც საჭიროებს ფეხბურთში ჩახედულ ადამიანს კარგად მოეხსენება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა აღიარებს, რომ გამარჯვება ღირსეულს დარჩა, მაგრამ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ დამარცხებულის გამარჯვებაც არ იქნებოდა დაუმსახურებელი.

ახლა რაც შეეხება ფინალური მატჩის გმირს, ანდრეს ინიესტას. ჩემდა გასაოცრად მთელი დღის განმავლობაში, მოყოლებული წუხანდლიდან, ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გაჟღერდა მისი მისამართით. ერთ–ერთი პირველი, ვინც “შესაშური” უტაქტობა გამოიჩინა ფინალის საუკეთესო მოთამაშის მისამართით, გახლდათ ყველასთვის ცნობილი სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ჩემპიონატი ჩამოუვარდებოდა წინას თუნდაც იმით, რომ ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ანდრეს ინიესტა (შემდეგ გაირკვა რომ ეს ვარაუდიც მცდარი ყოფილა) და 2006 წლის კი–ზინედინ ზიდანი. ალბათ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ დღევანდელ რეალობაში ინიესტა არ არის იმ დონის ფეხბურთელი, რაც ზინედინ ზიდანი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჟურნალისტისგან ასეთი სახის შედარება და ფინალის და არა მხოლოდ ამ კონკრეტული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ამდაგვარი დაკნინება მიუღებელია (თუნდაც შედარების ობიექტი ზინედინ ზიდანი იყოს).

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ამ მატჩში ანრესის მოქმედებებს, მისი კრიტიკა მოვისმინე კონკრეტულად ამ მატჩთან დაკავშირებითაც, თითქოს ზედმეტად ბევრი შეცდომა დაუშვა და ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი. არ მინდა ინიესტას ადვოკატად წარმოვჩნდე და არც მე ვთვლი, რომ ეს მისთვის საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ მოდით გავიხსენოთ ესპანეთის ნაკრების თამაში მატჩის პირველ ნახევარში, გუნდს ყველაზე მეტად ის გაუჭირდა, რაც აქამდე ესპანეთის მთავარ კოზირად ითვლებოდა–ბურთის სწრაფი და ეფექტური ამოტანა დაცვიდან, რაც ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ ჰოლანდიელთა უაღრესად გამართული თამაშის შედეგი იყო. ასეთ დროს იყო სწორედ საჭირო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტად გარისკავდა და თამაშს თავის თავზე აიღებდა. ეს ფეხბურთელი (სავარაუდოდ მწვრთნელის დავალებით) ანდრეს ინიესტა აღმოჩნდა, სწორედ მეორე ტაიმზე მოდის მის მიერ დაშვებული შეცდომების უმეტესობა, რადგანაც სწორედ შესვენებაზე მიიღო, სავარაუდოდ, ანდრესმა აღნიშნული დავალება.

და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ არც ის გოლი იყო ადვილი გასატანი, რომელიც ინიესტან ასე ცივსისხლიანად და აუღელვებლად გაიტანა, ბოლოს და ბოლოს თვით არიენ რობენს “აუკანკალდა” ფეხი გადამწყვეტ მომენტში და ვერ შეძლო ჩემპიონობის მომტანი დარტყმის შესრულება. მე პირადად გამახსენდა ფრაზა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლამ უთხრა ანდრეს ინიესტას 2009 წელს ჩელსისთან გამართული განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ: “ანდრეს, შენ შეგიძლია კარიერაში მეტი გოლი აღარც გაიტანო.” ალბათ თავისულად შეიძლება იმავეს თქმა ანდრესისთვის გუშინდელი მატჩის შემდეგაც, მაგრამ დღესაც ისევე მჯერა, რომ ეს არ არის დონ ანდრესის ბოლო გაბრწყინება, როგორც ჩელსისთან შეხვედრის შემდეგ მჯეროდა!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward