“ბარსელონელმა” მსოფლიოს ჩემპიონებმა ჰოლანდიასთან გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრეს.
ანდრეს ინიესტა:
“ჩემი გოლი მთელი გუნდის გოლი იყო! მე უბრალოდ მივიღე ბურთი და მთელი ძალით დავარტყი. ეს ჩემი თანაგუნდელებისთვისა და ჩემთვის ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. ეს განუმეორებელი გრძნობაა”.
ინიესტამ ასევე ახსნა, თუ რატომ მიუძღვნა გოლი “ესპანიოლის” ყოფილ ფეხბურთელს, დანი ხარკეს, რომელიც გასულ წელს იტალიაში გარდაიცვალა: “ეს მისი გახსენებისთჳის საუკეთესო დრო იყო. დიდი ხანი ვაპირებდი ამას და სწორედ ეს იყო იდეალური მომენტი”. გოლის ავტორი თავის ოჯახსაც შეეხო: “ისინი ყოველთვის ჩემს მხარეს იყვნენ და მთელი წლის განმავლობაში გვერდში მედგნენ”.
ხავი ერნანდესი:
“მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, მაგრამ ის უფრო მიხარია, რომ ამ ღამეს ჩვენი უამრავი გულშემატკივარი გაბედნიერდა. ეს საუკეთესო ტიტულია. ამაზე კარგს ფეხბურთელი ვერაფერს ინატრებს”.
დავიდ ვილა:
“ეს საუკეთესო მომენტია ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც სამხრეთ აფრიკაში და მის გარეთ გვგულშემატკივრობდა. ჩვენ ნამდვილად ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას”.
სერხიო ბუსკეტსი:
“მე ეს ტიტული ჩემს ოჯახსა და მეგობრებს მინდა მივუძღვნა, რომელთაც ვერ შეძლეს აქ ჩამოსვლა”. თამაშის შესახებ ბუსკეტსმა განაცხადა: “ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით”.
პედრო როდრიგესი:
“ეს დაუვიწყარი ღამეა და ძალიან ძნელი იქნება ეიფორიიდან გამოსვლა! მე მიხარია, რომ კანარის კუნძულები და ბარსელონა ბედნიერია. მე ვფიქრობ, რომ გუნდი იმაზე კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე გერმანიასთან მატჩში”. პედრო მედიას კანარის კუნძულის დროშაში გახვეული ესაუბრა.
წყარო: FCBarcelona.Cat