2 ნოემბერს ლეო მესიმ კარიერაში ერთ-ერთი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. იმავე დღეს ბარსელონაში იმშობიარა ბრაზილიელმა გოგონამ, ანტონელა როკუზომ და დაიბადა ბიჭი, ნახევრად ბრაზილიელი, ნახევრად არგენტინელი. ბიჭს ტიაგო დაარქვეს. ტიაგო მესი.
5 ნოემბერს ტიაგო მამის პირველი გუნდის, “ნიუელს ოლდ ბოისის” გულშემატკივართა კლუბის ყველაზე უმცროსი წევრი გახდა. ამის თაობაზე “ნიუელსი” და პატარა მესის ბაბუა, ხორხე შეთანხმდნენ. არგენტინაში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ახალდაბადებული ფეხბურთის თამაშს სწორედ ამ გუნდში დაიწყებს.
წარმოიდგინეთ პატარა მესი, რომელსაც ბრაზილიური სისხლიც აქვს და “ბარსელონას” ბავშვთა გუნდში თამაშობს. მერე დუბლებში, მერე სათადარიგოთა სკამზე, მერე ძირითაში და იქიდან “სამეფო ტახტზე” – მამასთან. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც – ტიაგომ სულ სხვა პროფესია აირჩიოს, გახდეს მომღერალი, ფიზიკოსი ან ვთქვათ, “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” გამთამაშებელი. ათი ნომერი. კალათბურთის მესი! მგონი , საინტერესო ვერსია გამოგვივიდა.
ფაქტი ისაა, რომ შვილები დიდ ფეხბურთელ მამებზე მაგრები არც ერთხელ არ გამოსულან. თუმცა მესი რის მესია, რეკორდთან არ იჭიდაოს და არ მოიგოს.
ამ დროს კი, სულ უფრო მწვავდება კამათი იმაზე, არის თუ არა ლიონელ ანდრეს მესი “იმ სამეულის” რანგის. ანუ ტიაგო ტახტზე ავა, დახვდება თუ არა მას იქ მამა. პელეს, მადარონას და ზიდანს მსოფლიო თასისთვის უკოცნიათ. პირველს სამჯერ. მეორე არეულმა ცხოვრებამ დაღუპა, მესამე კი არაბულმა ემოციებმა, თორემ მათ ორ-ორი თასი ექნებოდათ . ტიაგოს მამას კი ეს გემო ჯერ არ გაუსინჯავს. ეს არის მთავარი არგუმენტი, რომელსაც მესის ტახტზე აყვანის მოწინააღმდეგეები აფრიალებენ.
მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მესიმ მსოფლიო თასი რიოდან ბუენოს აირესში რომ წაიღოს, არ მეწყინება. როგორ შეიძლება, ეს გეწყინოს. მან რომ ეს გააკეთოს, ყველაზე დიდი გახდება. სამივეზე!
სტატისტიკოსებსაც საქმე გაუჩინა – მათ აქა-იქ მიბნეული რეკორდების ერთ დავთარში გადატანა დაიწყეს. ნელ-ნელა მთელი მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო რიცხვები და ციფრები შეადარა, შეჯერდა და ერთ წერტილში მოიყარა თავი.
ის მოედანზე გადის და რასაც უნდა, იმას აკეთებს. ყოველთვის ვერა, მაგრამ 95 პროცენტი ასეა. მესიმ ფეხი იტკინა და იმ საღამოს მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა. ალბათ რამდენმა მილიონმა ადამიანმა ილოცა იმ დღეს, რომ ტრავმა მსუბუქი ყოფილიყო. ასეც მოხდა გამოვიდა მოედანზე და კიდევ ორი შეაგდო. 2012 წელს მის ანგარიშზე 91 გოლია. რეკორდი დავთარშია.
რა მოსაწყენი იქნებოდა ფეხბურთი, ეს ბიჭი რომ არ გვყოლოდა.
წყარო: ჟურნალი “ათიანი”
ავტორი: დავით კოვზირიძე
