“ბარსელონა” კვირას “ბენიტო ვილამარინს” ესტუმრება, რათა “ბეტისს” დაუპირისპირდეს. ეს მოედანი ტრადიციულად რთულია კატალონიელებისთვის. სევილიაში გამართულ 47 შეხვედრაში “ბარსამ” მხოლოდ 18 გამარჯვება მოიპოვა, 13 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შეხვერდაში მასპინძლებმა იმარჯვეს. ბოლო 13 ვიზიტიდან “ბარსამ” მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო “ბეტისთან”.
ფრე სეზონის ბოლოს
“ბარსამ” ბოლოს “ბეტისთან” გასული სეზონის ბოლოს ითამაშა. ეს პრიმერას ბოლო ტურის შეხვედრა იყო, რომელიც 2:2 დასრულდა. “ბეტისის” პრიმერაში დაბრუნებამდე 1 წლით ადრე გუნდები სამეფო თასზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “ბეტისმა” განმეორებით შეხვედრაში შინ 3:1 იმარჯვა, თუმცა პირველი მატჩი “ნოუ კამპზე” 5:0 ჰქონდა წაგებული.
7 წელი ბოლო გამარჯვებიდან
მეორე დივიზიონში გავარდნამდე “ბეტისმა” 10 წელი გაატარა პრიმერაში. ამ წლებში ისინი ღირსეულ მეტოქეობას უწევდნენ “ბარსელონას”. კატალონიელებმა “ბენიტო ვილამარინზე” ერთადერთი გამარჯვება 2005/06 სეზონში მოიპოვეს, როცა 1:4 დაამარცხეს სევილიელები. გოლები ვან ბომელმა, ეტო’ომ (2) და ესკერომ გაიტანეს.
