რონალდინიოს ორ-ნახევარი წლის შემდეგ, მას მერე, რაც მან “ბარსელონა” დატოვა, კიდევ მოუწევს ნოუ კამპის ბალახზე ბურთის გაგორება. ეს კი ხოან გამპერის თასის რიგით 45-ე გათამაშებაზე მოხდება, სადაც კატალონიური გიგანტი იტალიურ “მილანს” დაუპირისპირდება.
გაუჩო “ასულგრანას” ღირსებას 2003 წლიდან 2008 წლამდე იცავდა და კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ფრენკ რაიკაარდის გუნდისა. მისი მუდმივი ღიმილი და დიდი საფეხბურთო ნიჭი კულეების გულში მუდამ დარჩება. სწორედ ამ ნიჭის წყალობით მოხდა ის, რომ “ბარსელონამ” ევროპულ საკლუბო დონეზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა. მუდმივად მომღიმარი ბრაზილიელის ბოლო გოლი ლურჯ-ბეწეულისფერ მაისურის ქვეშ “ვისენტე კალდერონზე” გავიდა მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ხოლო მისი ბოლო თამაში “ბლაუგრანას” შემადგენლობაში კი ზუსტად ერთი კვირის თავზე, “ვილიარეალთან” დაპირისპირების დროს მოხდა.
“ბარსელონას” გულშემატკივრებს ბრაზილიელის პირველი გოლი ალბათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, რატომ? ორი მიზეზის გამო. ის იყო ფანტასტიური გოლი და ის მოხდა შუაღამისას, 2003 წლის სექტემბერში, ადგილობრივი დროით 12 საათსა და 5 წუთზე, ანდალუსიური “სევილიას” წინააღმდეგ. მისმა დარტყმულმა ბურთმა კინაღამ კარის ბადე გაარღვია, რითაც ბრაზილიელმა თავისი სავიზიტო ბარათი წარადგინა.
თუმცა ეს მხოლოდ პირველი გვერდია იმ დიდი და ლამაზი ზღაპრისა, რომელიც ბრაზილიელის დახმარებით დიდ სანახაობასა და წარმატებაში გადაიზარდა. მაგალითისთვის ავიღოთ 2005-06 წლების სეზონი, ელ-კლასიკო, მადრიდი, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონი, სადაც ადგილობრივი რეალი მასპინძლობდა კატალონიურ გრანდს. რონალდინიომ ამ თამაშში ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა, რითაც მადრიდელი ინჩასის აპლოდისმენტები დაიმსახურა.
მოხდა ისე, რომ ახლა, აგერ უკვე მესამე წელი გადის, რაც გაუჩო “მილანის” ღირსებას იცავს. თუმცა ბრაზილიელს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს მისი პირველი ვიზიტი “სან სიროზე”, 2004 წლის ოქტომბერში, დამარცხება საკუთარი გუნდისა და მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ბრწყინვალე გოლი. მომდევნო წელს ეს ორი გუნდი ერთმანეთს ისევ ჩემპიონთა ლიგის პარიზის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის გადაემტერა. გაუჩოს გოლი არ გაუტანია იმ თამაშში, მაგრამ მისი ამაგი იმ თამაშში გამარჯვების ძალია დიდი იყო, სწორედ მისი ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ გაიტანა გოლი დიდას კარში ლუდოვიკ ჟიულიმ.
რონალდინიოს “ასულგრანას” შემადგენლობაში თამაშის დროს “მილანი” და “ბარსელონა” სხვა დროსაც შეხვედრილან ერთმანეთს, მაგრამ ბრაზილიელ ჟონგლიორს იმ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ეს მოხდა 2004 წლის წლის გამპერის თასზე. მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-1, დასრულდა, სადაც გოლები ადგილობრივი კლუბის მხრიდან ანდრეს ინიესტამ და ლუდოვიკ ჟიულიმ გაიტანეს.
რონალდინიომ “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა (2005-06), ორჯერ პრიმერა დივიზიონი (2004-05, 2005-06) და ორჯერაც ესპანეთის სუპერ თასი (2005-06, 2006-07) მოიგო. მან ასევე ამ პერიოდში დაისაკუთრა უამრავი ინდივიდუალური ჯილდოც, მათგან გამოსარჩევია “ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი და ორჯერ “ფიფას” ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.
წყარო: fcbarcelona.cat