სამშაბათს “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლა შეუძლია. მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ აღნიშნა, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე გასვლა: “მატჩში “სპარტაკთან” ჩვენ გამარჯვებას შევეცდებით, რადგან შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. თუკი ამას ვერ მოვახერხებთ, ჩვენ მარაგში კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს” – განაცხადა ვილანოვამ.
მწვრთნელმა ყველას შეახსენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ადვილი მეტოქეები არ არსებობენ: “თუკი რუსული კლუბები ჩვენ პრობლემებს გვიქმნიან ნიშნავს, რომ მათ შემადგენლობაში მაღალი დონის მოთამაშეები ასპარეზობენ“. ტიტომ ასევე დაამატა: “დღეს ჩემპიონთა ლიგაში ადვილად ვერავის დაამარცხებ“.
“ჩვენ კარგად ვიცნობთ ემერის გუნდებს”
ტიტო არ მიიჩნევს, რომ სიცივე გუნდზე იმოქმედებს. მისი აზრით მთავარი საფრთხე არა დაბალი ტემპერატურა, არამდე თავად რუსული კლუბისგან მოდის, რომელსაც ყველასთვის კარგად ცნობილი უნაი ემერი წვრთნის: “ჩვენ მას ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ყოველთვის გვიქმნიდა პრობლემებს. ის არის მწვრთნელი, რომლის გუნდები ძალიან ორგანიზებულად ასპარეზობენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში” – ახსნა ვილანოვამ.
ამას გარდა “ბარსელონას” თავკაცმა აღნიშნა, რომ “ბარსელონა” ადვილ ჯგუფში არ არის მოხვედრილი: “არცერთი თამაში ადვილი არ ყოფილა. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით “სპარტაკთან” მატჩს. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის, როგორიც “ნოუ კამპზე” პირველი თამაში იყო” – განაცხადა ტიტომ.
პუიოლი და დეულოფეუ
კარლეს პუიოლი კვლავ მოხვდა მატჩის განაცხადში მას შემდეგ, რაც “ბენფიკასთან” ტრავმა მიიღო. კაპიტნის შესახებ ვილანოვამ თქვა: “ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, არამედ იმის გამო, თუ რას აძლევს გუნდს“.
ერთ–ერთი სიახლე მატჩის განაცხადში ჟერარდ დეულოფეუს მოხვედრა იყო. ახალგაზრდა თავდამსხმელი შესახებ ვილანოვამ განაცხადა: “ის სწრაფად პროგრესირებს, მაგრამ მას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. გვსურს, რომ ის პირველ გუნდთან ახლოს იყოს“.


