მოდით გავეცნოთ თუ რა გადახდათ კატალონიელებს მთელი ზაფხულის განმავლობაში. როგორ ატარებდნენ მატჩებს და რა საინტერესო ამბები მოხდა მათ გარშემო.
ჯერ გადავხედოთ ამხანაგურ მატჩებს, რომლებიც “ბარსამ” ამ ზაფხულს ჩაატარა:
ბარსელონა 2-1 ჰამბურგი (დანი ალვეში, დელოფეუ)
ბარსელონა 8-0 რაჯა კასაბლანკა (მესი – 3, ალექსისი -2, დანი ალვეში, სერხი გომესი, დელოფეუ)
ბარსელონა 2-2 პსჟ (რაფინია, მესი)
ბარსელონა 0-0 მანჩესტერ იუნაიტედი (პენალტები 2-0)
ბარსელონა 2-0 დინამო ბუქარესტი (მესი, აფელაი)
იდუმალი მოწინააღმდეგეები
ბოლო მომენტამდე არავინ იცოდა თუ ვის დაუპირისპირდებოდა “ბარსელონა” ქალაქ ტანჟერში, რაც დღემდე დარჩა დისკუსიის თემად. თავიდან გამოცხადდა, რომ კატალონიელთა მოწინააღმდეგე იქნებოდა კლუბი კასაბლანკადან, შემდეგ შეიცვალა მოწინააღმდეგე და აღმოჩნდა ტანჟერის ადგილობრივი გუნდი. თუმცა არც ეს ყოფილ უკანასკნელი, ამ ყველაფრის შემდგომ აღმოჩნდა, რომ “ბარსელონას” დაუპირისპირდებოდა მაროკოს ლიგის ნაკრები. მოკლედ ეხლა უკვე არანაირი აზრი არ აქვს საიდან გამოჩნდნენ ეს მაროკოელები, მთავარია, რომ ბლაუგრანელების საყვარელი ანგარიში – 5:0 უკვე პირველი ტაიმის ბოლოს იყო დაფიქსირებული. ლეო მესიმ 12 წუთში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, ამიტომ საჭირო გახდა არგენტინელის შეცვლა, რათა ანგარიში ფატალურად არ გაზრდილიყო. საბოლოოდ ბარსელონა 8:0-ზე გაჩერდა და ამით დაკმაყოფილდა კიდეც. მაროკოელებს აღარაფერი დარჩენოდათ და ისინი დიდი თავგამოდებით ცდილობდნენ ესპანელებისაგან მაისურების მიღებას. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა “ბარსელონას” შემადგენლობაში “ლა როხას” (ესპანეთის ნაკრების) ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ. ისინი ხომ ახალი დასვენებულები შეხვდნენ პრე-სეზონის მატჩებს. მაგრამ ვილანოვამ გადაწყვიტა მატჩი 8:0 დაესრულებინა.
არ იქნება მესი, ვერ მიიღებთ ფულს
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც “ბარსელონას” პრე-სეზონის მატჩებზე გადახდა, იყო ლეო მესის, ანუ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ოთხი წლის მანძილზე, როდესაც არგენტინელმა წინასასეზონო პერიოდი თავის გუნდთან ერთად გაატარა. ზაფხულის მანძილზე ლეო გახდა გუნდის ბომბარდირი. თუმცა პატარა ტრავმის გამო მას მოუწია პირველი ამხანაგური მატჩის გამოტოვება “ჰამბურგის” წინააღმდეგ, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქ ჰამბურგის 100 წლისთავზე. სინამდვილეში ეს იყო პატარა ჰემატომა, რომელიც თამაშისას მესის არც კი შეუშლიდა ხელს, მაგრამ ვილანოვამ გადაწყვიტა ყველანაირი ხიფათი თავიდან აერიდებინა და თავის პირველ სადებიუტო მატჩზე მესი არ ათამაშა.
მესის არყოფნა “ბარსელონას” 400 000 ევრო დაუჯდა, რადგან ამ თანხას კატალონიელები ლეოს თამაშის შემთხვევაში გერმანელებისაგან პრემიის სახით მიიღებდნენ. თუმცა ამით ტიტომ ხაზი გაუსვა მის შეხედულებას და დაამტკიცა, რომ აინტერესებს მხოლოდ სპორტული ნიუანსები და არა ფინანსური მდგომარეობები. ვილანოვა ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, ვინაიდან არ აჰყვა ჟურნალისტების პროვოკაციას და მათ გამო არ გაამწვავა კონფლიქტი მოურინიოსთან. მეტიც, ტიტო წავიდა რისკზე და “დაუპირისპირდა” კატალონიის ფეხბურთის ფედერაციას. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მწვრთნელმა უარი თქვა კატალონიის თასზე პირველი გუნდით ასპარეზობაზე.
სუპერთასი, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა
ახალი ტურნირი – კატალონიის სუპერთასი – უნდა ჩატარებულიყო 31 ივლისს, ოლიმპიურ სტადიონზე, “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის. მატჩზე წინასწარ უკვე გაყიდული იყო 15 000 ბილეთი. ეს უნდა ყოფილიყო კატალონიური ფეხბურთის ფესტივალი, მაგრამ ბოლო მომენტში “ბარსელონას” წარმომადგენლებმა შეუთვალეს ფედერაციას, რომ აპირებდნენ მეორე გუნდით თამაშს. ამის გამო ფედერაციამ საერთოდ გააუქმა მატჩი. შემდეგ “ბარსელონამ” განაცხადა, რომ მიაღწია “ესპანიოლთან” მოლაპარაკებას და მატჩი დაიგეგმა 26 სექტემბერს. თუმცა რამდენიმე დღეში “ესპანიოლის” წარმომადგენლებმა უარჰყვეს ყველანაირი შეთანხმება და განაცხადეს, რომ კატალონიის თასი არ ჩატარდება.
პენალტების სერია გოლების გარეშე
შემთხვევა, როდესაც მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ერთ გოლსაც ვერ იტანს, უიშვიათესია ყველაზე ცუდ ჩემპიონატებშიც კი. შეგვიძლია გავიხსენოთ ესეთი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიამ “Copa America 2011”-ზე მეოთხედფინალში დანიშნულ პენალტების სერიაში, პარაგვაის გოლი ვერ გაუტანა. იყო ასევე ანალოგიური შემთხვევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც შვეიცარიის ნაკრებმა მერვედფინალში ვერცერთი პენალტი გაიტანა. ამ ორ ნაკრებს შეემატა “მანჩესტერ იუნაიტედიც”, რომელმაც გოტებორგში “ბარსელონასთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში, ერთი პენალტის გატანაც კი ვერ შეძლო.
ერთადერთი, რაშიც ინგლისელებს შეუძლიათ თავის გამართლება, იყო მხოლოდ 2 პენალტი, თუმცა მათ ორივე გააფუჭეს. იმ დროს ყველას გაუკვირდა, რატომ დაარტყეს გუნდებმა მხოლოდ 2-2 11 მეტრიანი. როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის რეგლამენტი საკმაოდ უცნაური იყო: გუნდებს 5 პენალტის მაგივრად 3 უნდა დაერტყათ. ძირითადი ანგარიში 0-0 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია. პირველი ბურთთან მივიდა ნანი, რომლის დარტყმულიც ძელს მოხვდა. ხავიმ საპასუხოდ დე ხეას კარში გოლი გაიტანა. შემდეგ იყო ეშლი იანგის დარტყმა, რომელიც ხოსე მანუელ პინტომ მოიგერია. ამ ყველაფერს წერტილი პიკემ დაუსვა. 2:0 პენალტების სერია. მაგრამ იყო კიდევ ერთი 11 მეტრიანი. მატჩის პირველ ნახევარში რუნის უნდა დაერტყა პენალტი, თუმცა ვალდესმა შეძლო მისი მოგერიება.
“გამარჯვება გოლების გარეშე” – ასეთი სათაურებით აჭრელდა სპორტული გამოცემები მეორე დღეს, მათ შორის კატალონიური გამოცემა “Sport”, რომლის პირველი 20 გვერდი “ლალიგის” კლუბებს მიეძღვნა, მხოლოდ ბოლო გვერდებზე დაიბეჭდა ოლიმპიადის სიახლეები, ესეც იმიტომ, რომ ბოლოსაკენ ესპანელებმა 3 მედლის მოპოვება შეძლეს.
სერხი რობერტოს პროგრესი
თუკი შარშან, ზაფხულს, ამხანაგურ მატჩებში გაიბრწყინა ტიაგო ალკანტარამ და მოიპოვა ადგილი პირველ გუნდში, არც წელს ყოფილა გამონაკლისი. კონკურსში “როგორ გავატარე ზაფხული” თავი გამოიჩინა კიდევ ერთმა ახალგაზრდა კატალონიელმა “ხევბეკმა” – სერხი რობერტომ. გარდა იმისა, რომ სერხიმ შეძლო კარგი თამაშის ჩვენება, მან ასევე გაიჩინა უამრავი ახალი გულშემატკივარი. ხო, რა თქმა უნდა ამასაც უნდა გავუსვათ ხაზი, სერხი რობერტოს ცოტა დააკლდა რათა ამხანაგურ მატჩებში არსებული სათამაშო დროთი პირველი ადგილი დაეკავა, მაგრამ საბოლოოდ ბოლო მატჩში ბუქარესტის “დინამოსთან” მან პირველობა დათმო. 2012/13 სეზონს სერხი რობერტო “ბარსელონა ბ”-ს შემადგენლობაში დაიწყებს, მაგრამ თუკი ითამაშებს ისე, როგორც მან ზაფხულში დაგვამახსოვრა თავი, იგი აუცილებლად მოხვდება პირველ გუნდში.