workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “მე ფეხბურთში რომანტიკოსი ვარ”

ჩავი: “მე ფეხბურთში რომანტიკოსი ვარ”

ესპანეთის ნაკრებმა უკვე გადაიტანა შვეიცარიასთან მარცხისგან მიღებული შოკი და მეორე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. ახლა კი გადამწყვეტი თამაშის დრო დადგა: ევროპის ჩემპიონები ჩელელებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ჯერჯერობით 100%-იანი შედეგი აქვთ.

 პარასკევს გასამართი მატჩის წინ, “ფიფა” ესაუბრა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს. თემა მრავალფეროვანი იყო: გუნდის შანსები, შესაძლებლობები, გასახდელში ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა, აფრიკული თავგადასავლები და სხვა.

 ესპანეთი თამაშობს ფეხბურთს, რომლითაც სხვა ნაკრებებისგან განსხვავდება. იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ შვეიცარიასთან მატჩშიც კი, ესპანეთი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა. თქვენ როგორ ფიქრობთ?
 დიახ, მეც რომანტიკოსი ვარ ფეხბურთში, როგორც კრუიფი. ჩვენ მომხიბვლელი თამაში მოგვწონს, შემტევი და საყურებლად სასიამოვნო. როდესაც ასე ვთამაშობთ, ორმაგად დამაკმაყოფილებელია. შვეიცარიას მატჩი ტაქტიკამ მოაგებინა. ისინი ჩვენი დაკნინების გზებს ეძებდნენ. ისინი მინდორზე მაქსიმუმ ქულისთვის გავიდნენ, მაგრამ უკან სამი ქულით დაბრუნდნენ. არ ვიცი რა გრძნობა დამეუფლება ასეთი გზით რომელიმე თამაშს თუ მოვიგებ, რადგან ეს ჩემთვის მისაღები და ნაცნობი არ არის. მუდამ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობ: ჩემი საფეხბურთო იდეები ძალიან ნათელი და განსაზღვრულია. მე “ბარსელონაში” ამ სტილზე გავიზარდე და მისი სიყვარული სისხლში მაქვს.

 რას ფიქრობთ სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე?
 მართალი გითხრათ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ლამაზი ფეხბურთი მუნდიალზე, მაგრამ არსებობენ გუნდები, მაგალითად გერმანია და არგენტინა, რომლებიც მინდორზე სამი ქულის ასაღებად გამოდიან. გერმანელები ჯობიან სერბებს, ესპანელები ჯობიან შვეიცარიელებს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად გოლის გატანა იყო საჭირო. აფრიკული გუნდები მართლაც ცდილობენ, მაგრამ არ უმართლებთ. სირცხვილია, მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გუნდი შემტევ ფეხბურთს, რომ არ თამაშობს.

 თქვენ იმ ესპანეთის ნაკრების წევრი იყავით, რომელმაც 1999 წელს 20 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ნიგერიაში. რა გახსენდებათ იმ მუნდიალიდან?
 ჩვენ იაპონია დავამარცხეთ ანგარიშით 4:0 და გავხდით ჩემპიონები. იკერ კასილიასი და კარლოს მარჩენა ასევე იყვნენ ნაკრებში მაშინ და ახალი უკვე აქ ვართ კიდევ ერთხელ. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

 რა ზეგავლენა მოახდინა იმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამ?
 დაგვეხმარა უფრო კარგი და ნიჭიერი თაობის აღზრდაში. ის წარმატება, რასაც დღეს ესპანურმა ფეხბურთმა მიაღწია, სწორედ ადრინდელი ტიტულების დამსახურებაა. ვფიქრობ, ნამდვილად საჭირო დროს მოვიგეთ მუნდიალი. იმ გუნდიდან, დღეს ცოტა თუ თამაშობს ტოპ-კლუბებში. მაშინ ეს დიდი მიღწევა იყო და ახლა სამხრეთ აფრიკაში უნდა გავაგრძელოთ. მართლაც რომ ძალიან კარგი მოგონებებია!

 ასე რომ, თქვენ, კასილიასმა და მარჩენამ უკვე იცით როგორია, იყო მსოფლიო ჩემპიონი…

 ძალიან ამაღელვებელი, საოცარი გრძნობაა. ის ახალგაზრდული ჩემპიონატი იყო და, რა თქმა უნდა, დღევანდელი მუნდიალის მოგება სულ სხვა ემოციებს გამოიწვევს. ბევრი ფიქრობს, და მათ შორის ჩვენც, რომ ამის გაკეთების შანსი და შესაძლებლობა გვაქვს. ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, ჩვენ ჩვენი თავების ვირწმუნეთ, მაგრამ სტარტი ძალიან ცუდი გამოგვივიდა. იმედია, პირველი მარცხი გაკვეთილად წაგვადგება და დიდ წარმატებას მივაღწევთ. ამ წარმატებას კი ფინალში გამარჯვება ჰქვია. 

 ესპანეთის ნაკრებში უამრავი ფეხბურთელი იკრიბება სხვადასხვა კლუბებიდან. როგორ აგვარებთ ისეთ წვრილმან პრობლემებს, როგორებიცაა მაგალითად, მუდმივი  მეტოქეობა “ბარსელონას” და “რეალის” ფეხბურთელებს შორის? მეგობრობა გუნდში ასეთი მნიშვნელოვანია?
 მე ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრების ფანები ამას უკვე დიდი ხანია მიხვდნენ. ჩვენ ვართ ერთი უბრალო ჯგუფი ნორმალური და შრომისმოყვარე ადამიანებისა, რომლებსაც ძალიან უყვართ ფეხბურთი. არ აქვს მნიშვნელობა “რეალ მადრიდის” ფეხბურთლი ხარ, თუ “ბარსელონასი”. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომელიც სამშობლოს სახელისთვის იბრძვის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ლამაზი ფეხბურთის სათამაშოდ. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი და რომელ კლუბშიც არ უნდა ვთამაშობდეთ, აქ მაინც ერთნაირი მაისური გვეცმევა.
 გასახდელში ნამდვილად მეგობრული ატმოსფეროა. ასეთი გუნდის ყოლა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია და იკერ კასილიასი, გუნდის კაპიტანი, ამის შენარჩუნებას ყველაზე მეტად ცდილობს. მას მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს, ძალიან ხალისიანი პიროვნებაა. მას უყვარს, როდესაც მთელი გუნდი ერთად ვართ შეკრებილნი. ასეთი კაპიტნის ყოლა ნამდვილი პრივილეგიაა.

წყარო: www.fifa.com 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში