გუშინ, სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. ეკვადორთან იოლად მოგებით, ისარგებლა რა ურუგვაის მიერ ქულების დაკარგვით, პირველ ადგილზე გადაინაცვლა არგენტინამ. რაც შეეხება ჩილეს – მან ბოლივიასთან იმარჯვა და მე-2 ადგილი დაიკავა.
ეკვადორთან არგენტინაში გამართულ მატჩში, თავისთვის ჩვეული – ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ლიონელ მესიმ. შეხვედრის 30-ე წუთზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 2 მცველი სისწრაფეში იოლად დაჯაბნა და გონსალო იგუაინი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რის შემდეგ, ტაბლოზე ანგარიში 2:0 დაფიქსირდა. არ იყო გასული ერთი წუთი, როდესაც მესიმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, საჯარიმომდე იარა და იგუაინი მოძებნა. მადრიდის “რეალის” შემტევმა, არგენტინელთა კაპიტანს ბურთი ერთი შეხებით დაუბრუნა და დაახლოებით 18 მეტრიდან დარტყმით, თავისი გოლი მესიმაც გაიტანა. თამაშის ბოლომდე, თავი ანხელ დი მარიამაც გამოიჩინა და საბოლოოდ, 4:0 მოგებით, არგენტინამ ხუთ თამაშში 10 ქულა მოაგროვა.
მესის მსგავსად, ეკვადორთან სრულად ითამაშა მასკერანომ. თუ ერთ უხეშ შეცდომას არ ჩავთვლით, “ბარსას” მე-14 ნომერს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა.
ბოლივიაში გამართულ შეხვედრაში სრულად ითამაშა “ბარსას” თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა. სტუმრად 2:0 მოგების შემდეგ, ბოლივიელებმა თავი 9 ქულას მოუყარეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი მე-2 ადგილზე არიან.
არგენტინა-ეკვადორი 4:0. მიმოხილვა