“მალაგასთან” გამართულ მატჩში ჰეთ თრიქის შესრულებით, ლიონელ მესი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, 57 თამაშში 68 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა.
1972/73 წლების სეზონში, ლეგენდარულმა გერმანელმა, გერდ მიულერმა 67 გოლი გაიტანა. ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელთათვის, გუშინდლამდე, ეს შედეგი სარეკორდო იყო, მაგრამ ლიონელ მესისთვის არც მიულერის მაჩვენებელი აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი – არგენტინელმა უკვე 68 გოლი გაიტანა და მას წინ კიდევ 3 თამაში აქვს.
39 წლის წინ, მიულერმა 67 გოლი ოთხ ტურნირზე გაიტანა. “ბაიერნის” ლეგენდამ, 36-ჯერ მეტოქეთა კარი გერმანიის ჩემპიონატში აიღო, 7-ჯერ – თასზე, 12-ჯერ – ჩემპიონთა თასზე და ამდენჯერვე ლიგის თასზე. ეს 67 გოლი მიულერმა 49 მატჩში გაიტანა. თამაშში მას, საშუალოდ, 1.37 გოლი გაჰქონდა.
მიმდინარე სეზონში, ლიონელ მესიმ სულ 57 თამაში ჩაატარა. მან 46 გოლი ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა, 14 – ჩემპიონთა ლიგაზე, 3 – ქვეყნის სუპერთასზე, 2 – ესპანეთის თასზე, 2 საკლუბო მუნდიალზე და ერთიც ევროპის სუპერთაზე. საშუალოდ, მესის ერთ თამაშში 1.19 გოლი გააქვს.
ბოლოს კი აღვნიშნავთ, რომ მესის მსგავსი მაჩვენებელი თვით ფეხბურთის მეფედ აღიარებულ პელესაც კი არ აქვს. თავის ყველაზე შედეგიან სეზონში, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 66 გოლი გაიტანა.