…
–როგორც ჩანს წავიდა ჩემი დრო. სამწუხაროდ ჩემი თავი ბოლომდე ვერ ამოვწურე და ბოლომდე ვერ გაჩვენე ის სიყვარული, რომელსაც შენს მიმართ ვგრძნობ. განგებამ ასე ინება. თუ ამ სიტუაციიდან ვერ გამოვედი, რაც ნამდვილად მგონია და ძლიერ მაშინებს, ყველას დიდი მადლობა გადაუხადე, ვინც მხარს დამიჭერს და გვერდში დამიდგება. შვილებს ყურადღება არ მოაკლო. თქვენზე იქიდან ვილოცებ…
–ახლავე გაჩერდი და მოეშვი ასეთ საუბარს! არსად მიდიხარ, რადგან შენ აქ ყოფნას იმსახურებ. ჩვენი სიყვარული ამ დაწყევლილ დაავადებაზე ძლიერია. ბავშვებზე იფიქრე, რომლებსაც შენს გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ; ეს ძალიან გაგაძლიერებს. ყველანი შენზე ვილოცებთ. მერწმუნე, სულ რამდენიმე საათი გეძინება, შემდეგ გამოიღვიძებ და მიხვდები თუ რაოდენ ლამაზია ეს ქვეყანა, რაოდენ საოცარია სიცოცხლე.
–…უკაცრავად ქალბატონო, დროა! პაციენტი საოპერაციოში უნდა გადავიყვანოთ.
–იცოდე ძვირფასო, სულ ცოტა ხანი დაიძინებ და შემდეგ კვლავ ჩვენთან იქნები. ჩვენი სიყვარული გაგაძლიერებს!
…
ოპერაცია ნელ–ნელა იწყებოდა და პაციენტიც თავის მეუღლის სიტყვებს არ ივიწყებდა. იგი საკუთარ ოჯახზე ფიქრობდა. ცოლის ნალაპარაკევმა მას რწმენა დაუბრუნა; რწმენა იმისა, რომ კვლავ დაბრუნდებოდა…
…და აი უკვე რამდენიმე საათია ბნელ გვირაბში მირბის. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, თუმცა ვერა და ვერ მიაღწია ამ კაშკაშა შუქს. მირბის და თან ცხოვრების თითოეული ეპიზოდი უდგება წინ: ახსენდება როგორ თამაშობდა მეგობრებთან ერთად ადრეულ ასაკში; ახსენდება როგორ მოიყვანა ცოლი და შექმნა ოჯახი; ახსენდება შვილები, ნათესავები უახლოესი ადამიანები… ამ ფიქრებში გართულმა და სირბილისგან დაღლილმა, გვირაბის მარჯვენა მხარეს კარი დაინახა. ეს იყო უზარმაზარი და შავი კარი, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქა–იქ მოოქროვილიც კი გახლდათ. პაციენტმა პირდაპირ, დაკაკუნების გარეშე შეაღო თვალწარმტაცი კარი და იხილა რა–პატარა ოთახის ცენტრში სავარძელი, სადაც სიკვდილი ლამაზად მოკალათებულიყო.
–მოგესალმები, ადამიანო! სასიამოვნოა დაკაკუნების გარეშე რომ შემოხვედი; მიყვარს გაბედული პიროვნებები. პრინციპში, კარზე კაკუნს არც ვარ მიჩვეული, რადგან მოკვდავთა უმეტესობა ასე იქცევა–პირდაპირ შემოჰყობს ხოლმე ცხვირს ჩემს სამფლობელოში. დიახ, დიახ, სწორად გაიგე, ეს ჩემი სამფლობელოა; აქ მე ვარ უფროსი და ჩემზეა დამოკიდებული მიაღწევ თუ არა იმ სინათლეს გვირაბის ბოლოს. ახლა კი მითხარი, ვინა ხარ, საიდან მოსულხარ?
–მე ერიკ აბიდალი ვარ, საფრანგეთიდან. პროფესიით ფეხბურთელი გახლავართ. მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. სიმსივნე მაქვს და როგორც ვხვდები ჯერ კიდევ ოპერაციას მიკეთებენ.
–მე შენ გიცნობ. ისე, მე ყველას ვიცნობ, თუმცა შენნაირ ხალხს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევ. შენი ცხოვრების მანძილზე ცუდი არ გაგიკეთებია და სულ ცდილობდი გესიამოვნებინა სხვანი. სწორედ ამიტომ გაფასებ და მგონია, რომ შენთვის წუთისოფლის დატოვება ჯერ კიდევ ადრეა; უამრავი საქმე დაგრჩა დაუსრულებელი. წადი, გიყვარდეს შენი ოჯახი, განაგრძე სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება, დათესე სიკეთე და აისრულე ოცნებები. მერწმუნე, საფეხბურთო კარიერაშიც უამრავი სიურპრიზი გელის. არაფერი თქვა, ისედაც დღეს ძალიან დავიღალე! უბრალოდ გადი და კარის დახურვა არ დაგავიწყდეს. ჩვენ კიდევ შევხვდებით…
…
მართლაც, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ ერიკი ორმაგად კეთილ და სათნო პიროვნებად იქცა. იგი ყველას გვერდში ედგა და ანუგეშებდა, როგორც ამას ოპერაციის წინ საკუთარი მეუღლე უკეთებდა. ფრანგი ბევრ გაჭირვებულს დაეხმარა და დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი. რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, იგი დაუბრუნდა ამ უდიდეს სპორტს და მოიგო ყველაზე პრიორიტეტული ტურნირი საკლუბო დონეზე–ჩემპიონთა ლიგა. “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა, საფინალო მატჩის შემდეგ კაპიტნის სამკლავური სწორედ აბიდალს მოარგო და მისცა თასის აღმართვის უფლება.
დადგა ახალი, 2012 წელი და სულ რამდენიმე ხანში აბიდალს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. როგორც გაირკვა, მის ორგანიზმში გავრცელებული სიმსივნე ბოლომდე ვერ მოუშორებიათ და აუცილებელი იყო ღვიძლის რაღაც ნაწილის სხვისი სხეულიდან მისაში გადანერგვა. ამაზე უმალ დათანხმდა ერიკის ნათესავი და სრული მზადყოფნა გამოაცხადა ამ მძიმე ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
…ოპერაცია დაიწყო და აბიდალიც კვლავ ბნელ გვირაბში გაუდგა გზას. მან კვლავ მონახა უზარმაზარი კარი, ის იყო უნდა შესულიყო, თუმცა ადგილზე გაშეშდა, დაფიქრდა და შემდეგ ნელა დააკაკუნა. შიგნიდან ვიღაცამ კვახედ დაიძახა, შემოდიო. ერიკი ოთახში შევიდა, სადაც იგივე სურათი დახვდა, რაც თითქმის ერთი წლის წინ: სიკვდილი სავარძელში იყო მოკალათებული.
–ოოოო, გამარჯობა მუსიე აბიდალ. ხომ გითხარი კიდევ შევხვდებით მეთქი. სამწუხაროდ ისევ ამ დაწყევლილ ადგილას მოგვიხდა ერთურთის ხილვა, რადგან ესაა ჩემი ხვედრი, სხვაგან ვერსად წავალ; ყველა აქ უნდა მივიღო–მტერიც და მოყვარეც. არ მინდა ძალიან გაგვიგრძელდეს საუბარი, ამიტომ აღარ მოგაცდენ და სათქმელს პირდაპირ გეტყვი. ალბათ გეხსომება რომ გითხარი განაგრძე სიკეთის კეთება და შენს გარშემო მყოფი ხალხი ასიამოვნე მეთქი. ეს ერთგვარი დავალება იყო, რომელიც ნამდვილად წარმატებით შეასრულე. შენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გაუჩინე ახალი აზრი და უამრავ მათგანსაც როგორც შეგეძლო სიამოვნება მიანიჭე. სწორედ ამიტომ იმსახურებ ყველაფერს. წადი, კვლავ დატკბი სიცოცხლით და დაატკბე სხვანიც!…
სტატია მოამზადა ავთო ჭყონიძემ (THIERRYHENRY14).


