როგორც წესი, რაიმე მატჩის განხილვას (სტატისტიკას) უცხოური საიტებიდან ვთარგმნით და აქ ვდებთ, თუმცა გუშინდელი მატჩის შემხედვარემ გადავწყვიტე რაღაც მეთვითონ დამეწერა. სათაურიც ასეთი ავირჩიე იმიტომ, რომ ზოგი მარტო სათაურს კითხულობს და ეგრევე აზრი გამოაქვს, თუმცა ეჭვი მეპარება ამ სათაურიდან ვინმემ სტატიის მთავარი აზრი გაიგოს. საფრანგეთი–0:2–მექსიკა, ამ შედეგით დომენეკმა საწადელს მიაღწია და საბოლოოდ გაიფორმა სახელი “იუდა” და ამოუდგა გვერდით ლუიშ ფიგუს. მატჩის დაწყებიდანვე ეტყობოდა, რომ ფრანგებს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ. მე ამას დომენეკს ვაბრალებ. როგორ შეიძლება ცუდად ითამაშონ ისეთი კლასის მცველებმა როგორებიც არიან: ბაქარი სანია (“არსენალი”), ერიკ აბიდალი (“ბარსელონა”), პატრიკ ევრა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), უილიამ გალასი (“არსენალი”), გაელ კლიში (“არსენალი”). ამ მართლაც შესანიშნავ მცველებს სჭირდებათ წესიერი მწვრთნელი და ტიტულები თვითონვე მოვა. ახლა ვისაუბროთ ანრის საკითხზე. როდესაც გუნდი აგებს 0:1 და შემოგყავს ჟინიაკი, ეს უკვე შეცდომაა; ხოლო როდესაც გუნდი აგებს 0:2 და შემოგყავს პატარა ბიჭი, ვალბუენა, რომელსაც ჯერ ტუჩზე დედის რძე არ შეშრობია, ამაზე დიდი შეცდომა მემგონი არ არსებობს. ძალიან მინდა დომენეკის ეს საქციელი გვარდიოლასას შევადარო (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როდესაც ბარსას 2 გოლი სჭირდებოდა, პეპმა ჯეფრენი შემოიყვანა და არა ანრი), თუმცა არ შემიძლია. პირველ რიგში გვარდიოლას და დომენეკის შედარებაც კი არ შემიძლია. რაიმონს ნახევარდაცვაში რომ ეყენოს ხავი ინიესტა და ბუსკეტსი, ანრის არ შემოყვანა კიდევ შეიძლება ვაპატიოთ, ისევე როგორც პეპს ვაპატიეთ. თუმცა როდესაც ხედავ, რომ აგებ 0:2 და გადახედავ სათადარიგოთა სკამს და დაინახავ ისეთ ვარსკვლავს, როგორიც ანრია, მემგონი სიხარულისგან უნდა გაგიჟდე და პირდაპირ მოედანზე უნდა შეუშვა. რა გააკეთა დომენეკმა? რა გააკეთა და 83–ე წუთზე ანრის უთხრა ადექი გახურდიო. 5 წუთი მოედნის გარეთ ავარჯიშა და შემდეგ უთხრა გადავიფიქრე შენი შეყვანა, დაჯექი სკამზეო. ძალიან გამიხარდებოდა და მინდოდა “ტიტის” რომ ეცემა იგი, მაგრამ ანრი პროფესიონალი და ჯენტლმენია და მაგას არ იკადრებდა. ასე რომ საფრანგეთის წაგება ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიხარდა და იმედია რაიმონ დომენეკს გააგდებენ მარტო გუნდიდან კი არა, მთლიანად საფრანგეთიდან. დომენეკმა გუნდი წელს რომ არ დატოვოს, პირობას გაძლევთ ღორის თავი არ აცდება. ღორის თავი აღარცაა საჭირო, მან უკვე შეირქვა სახელი: იუდა.
P.S. შეგიძლიათ გამკიცხოთ, შეგიძლიათ დამეთანხმოთ, თქვენი საქმისა თქვენ იცით. ეს ჩემი პირადი აზრია.



