ზეგ კატალონიის “ბარსელონა” და იტალიური “მილანი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. გუნდების დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. იტალიელები მსოფლიოს საუკეთესო გუნდს “სან სიროზე” უმასპინძლებენ. მატჩის დაწყებამდე ჟურნალისტები გუნდების ლიდერებს ადარებენ ერთმანეთს.
იბრაჰიმოვიჩი “მილანის” უდავო ლიდერია. ყოველშემთხვევაში ასე მიიჩნევენ როგორც “ბარსელონას”, ასევე “მილანის” მთავარი მწვრთნელები. შვედმა ფორვარდმა, რომელმაც კატალონიურ გრანდში ერთი წელი გაატარა, წელს 29 გოლი გაიტანა “მილანის” 32 ოფიციალურ მატჩებში. ეს იბრას რეკორდია. მართალია, შვედს “ინტერის” რიგებშიც აქვს ამდენივე გოლი გატანილი ერთ სეზონში, თუმცა 47 შეხვედრაში.
ლიონელ მესი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. წინა კვირას იგი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელი ყველა მატჩში აკვირვებს ფეხბურთის მოყვარულებს. შარშან მან 53 გოლი გაიტანა სეზონის განმავლობაში, წელს კი, როცა ჯერ კიდევ 2 თვეა დარჩენილი სეზონის დასრულებამდე, ლეოს ანგარიშზე 55 გოლია. მიმდინარე სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა 5 ბურთი ერთ შეხვედრაში. გარდა ამისა, ლეო ევროპის უმაღლესი საკლუბო ტურნირის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. არგენტინელმა უკვე 12 გოლი მიითვალა და ზეგ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება შეუძლია.



