გუშინ დილით 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ესტანისლაო ბასორა. ის ”ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 1940-1950 წლებში ბასორა მსოფლიოს საუკეთესო ვინგერად მიიჩნეოდა. ის იყო ”ბარსელონას” მარჯვენა შემტევი, გუნდის, რომელმაც 5 თასი მოიგო ერთ სეზონში.
ბასორა 1926 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ბარსელონაში. მისი საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა ”სურიესთან”, მოგვიანებით კი ”მანრესოსთან”. ამ გუნდში თამაშით მან ძალიან გაითქვა სახელი ინტერესი გამოიწვია კატალონიურ გრანდებში. ”ესპანიოლში” არ გადასვლის შემდეგ ბასორა 1946 წლის ნოემბერში ”ბარსელონაში” გადავიდა.
საფეხბურთო ვარსკვლავი
ბასორა ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ ის 1952/53 სეზონის ლეგენდარულ თავდამსხმელთა ხუთეულში შევიდა. ამ ხუთეულში ასევე შედიოდნენ სესარი, კუბალა, მორენო და მანჩონი. ამას გარდა ბასორა კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი იყო. მან მონაწილეობა მიიღო 373 შეხვედრაში (1946-1958) და გაიტანა 153 გოლი (ოფიციალურ მატჩებში 113).
შესანიშნავი ვინგერი
ბასორა ტიპიური ვინგერი იყო: ძალიან სწრაფი, მოქნილი. მისი გვარი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს აშინებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებს ადვილად უსწორდებოდა ხშირად მათი უხეში თამაშის მსხვერპლი იყო. ბასორა ყოველთვის ნამდვილ ჯენტლმენად რჩებოდა. ”ბარსას” შემადგენლონაში მან 4-ჯერ მოიგო პრიმერა (1947/48, 1948/49, 1951/52, 1952/53), 2-ჯერ გახდა ლათინური თასის მფლობელი (1947/48, 1951/52), 4-ჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი (1950/51, 1951/52, 1952/53, 1956/57), 2-ჯერ ევა დუარტეს თასი (1947/48, 1951/52) და ერთხელ ბაზრობათა თასი (1957/58). თავის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში, 1958 წელს მან 2 გოლის გატანა შეძლო.
”მონსტრი კოლომბა”
ბასორა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო ერთ სეზონში 5 თასის მომპოვებელი ”ბარსელონასი”, თუმცა სახალხო აღიარება მან 1949 წლის 9 ივნისს მიიღო, როცა საფრაბგეთისა და ესპანეთის ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც კოლომბაში (პარიზი) გაიმართა მან ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მას შემდეგ ის ცნობილი იყო როგორც ”მონსტრი კოლომბა”. ერთი წლის შემდეგ, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთაშორისო პრესამ მას მსოფლიოს საუკეთესო ვინგერი უწოდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=aAdVBXP07lQ]
P.S. ესეც ჩემი 1600-ე სიახლე ბარსამანიაზე