workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან: ვარ გუნდში, რომელში ყოფნაზეც ყოველთვის ვოცნებობდი

ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან: ვარ გუნდში, რომელში ყოფნაზეც ყოველთვის ვოცნებობდი

მისი სახელი გოლების სინონიმია. კარიერის განმავლობაში მას 600-ზე მეტი გოლი გაუტანია. გასულ ზაფხულში ოცნების ასრულება გადაწყვიტა, კომფორტის ზონა დატოვა და რთულ გზას დაადგა.

“ვალენსიასთან” ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანიდან რამდენიმე საათში რობერტ ლევანდოვსკი La Vanguardia-ს ოფისს ეწვია და საინტერესო ინტერვიუც მისცა, რომლის ქართულ თარგმანსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მკითხველს ვთავაზობთ.

– მესტალიაზე გატანილ გოლს ოქროს ფასი ჰქონდა…

– მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოგება გუნდისთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს დაგვეხმარება, გავიგოთ, რომ თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ, თამაშებს მოვიგებთ.

– ეს ჰგავს ერთ-ერთ ისეთ მოგებას, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი იქნება.

– ჩემპიონატი გრძელია, მაგრამ ასეთი თამაშები გადამწყვეტია იმისათვის, რომ წინ იყურო და ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლო.

– ისე თამაშობ, თითქოს “ბარსელონაში” მთელი ცხოვრება გქონდეს გატარებული.

– ადაპტაცია პირველივე დღიდან ძალიან მარტივი იყო. ახალ თანაგუნდელებთან ჩემი პირველი კონტაქტი წარმატებული გამოდგა. ვცდილობდი, მათთვის მოედანზეც გამეგო და მის მიღმაც. ეს უდიდესი პოტენციალის მქონე გუნდია, მაგრამ ეს ბიჭები ამასთანავე კარგი ადამიანებიც არიან.

– თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ.

– ვარ კლუბში, რომელში ყოფნაც მინდა. თავს კომფორტულად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაფერი მარტივია.

– თუმცა “ბარსაში” თამაში ადვილი არასდროს ყოფილა…

– ეს ჩემთვის შესაფერისი ადგილია იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, პირველი სეზონი რთული იქნებოდა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ცხოვრებაში ზოგჯერ საჭიროა, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და ახალ გამოწვევებს შეეჭიდო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ახალ გამოცდილებას ვიძენ როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.

-“ბაიერნში” დარჩენა მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა. რატომ გადახვედი “ბარსელონაში”?

– ეს გულით მინდოდა. პატარაობაში “ბარსელონას” თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. მახსოვს, როგორ თამაშობდა ეს გუნდი და როგორი ფეხბურთელები ჰყავდა. ისინი ვარსკვლავები იყვნენ და ახალგაზრდა ადამიანის თავში ასეთები სამუდამოდ რჩებიან.

– პრემიერ ლიგა უფრო არ გიზიდავდა?

– ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, ჩემი მიზანი კი იყო, რომ მეთამაშა გუნდში, სადაც თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. აქ გადმოსვლა ყოველთვის მინდოდა. “ბარსაში” არა მხოლოდ კომფორტულად ვარ, არამედ სიამაყესაც ვგრძნობ. ძალიან კარგ ადგილას ვარ.

– რა აქვს “ბარსას” განსაკუთრებული?

– პირველივე დღიდანვე დახმარებას ყველასგან ვგრძნობდი. წინასასეზონო მზადების დროს აშშ-ში გავემგზავრე, სადაც მწვრთნელებს, ახალ თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს შევხვდი და ეს შესანიშნავი იყო. ტრიბუნებზე ხალხი ჩემს სახელს სკანდირებს და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– “კამპ ნოუზე” უკვე კუმირი ხარ…

– როგორც კი ამ სტადიონზე შევაბიჯე, რაღაც ჯადოსნური ვიგრძენი, თითქოს მთელი ის ისტორია, რაც “კამპ ნოუს” უნახავს, იქ იყო. მაშინაც კი, როდესაც დაღლილი ხარ, ტრიბუნებიდან წამოსული მხარდაჭერა ენერგიას გმატებს და თამაშების მოგებისკენ გიბიძგებს, რაც შესანიშნავია.

– მართლა ასეთი განსხვავებაა?

– ჩემი ასაკისა და გამოცდილების ადამიანიც კი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ბევრი რამ მინახავს, “კამპ ნოუზე” ახალ ემოციებს განვიცდი.

– ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ძალიან განიცადე?

– რა თქმა უნდა, მომხდარით ბედნიერი არ ვარ. “ბარსელონა” მერვედფინალში უნდა იყოს. თუმცა “ბარსელონაში” გადმოსვლამდე ვიცოდი, რომ პირველი სეზონი რთული იქნებოდა. რეკონსტრუქციის პროცესში ვართ, დროა საჭირო. უფრო მომთმენნი უნდა ვიყოთ.

– თუმცა “ბარსელონასთვის” დრო ძალიან ძვირად ფასობს.

– ისეთი თამაშები, როგორიც მიუნხენსა და მილანში გვქონდა, შენში ცვლილებებს ახდენს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებსაც სჭირდებათ გამოცდილება და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიგო ასეთი თამაშები. ზოგიერთ სიტუაციას უფრო ჭკუით უნდა მიუდგე. ფეხბურთში ზოგჯერ ხდება, რომ უბრალოდ უნდა მოიგო ნაცვლად იმისა, რომ მოგებისთვის ითამაშო. ჩვენ ეს დაგვაკლდა. თუმცა მომხდარი სამომავლოდ უფრო გაგვაძლიერებს.

– ოპტიმისტურად გამოიყურები.

– დარწმუნებული ვარ, ეს წარუმატებლობა გაგვაძლიერებს და მომდევნო სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ნამდვილად ასე იქნება. ამჟამად განვითარების ეტაპზე ვართ. არ ველოდი, რომ მოვიდოდი და ყველაფერი უცებ კარგად იქნებოდა. ეს არის პროცესი, რომელსაც დრო და მოთმინება ჭირდება.

– გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და თავს მენტორად ხომ არ გრძნობ?

– ვფიქრობ, ჩემი ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მათი დახმარება შემიძლია. გუნდში გვყავს ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსელონაში” ახალი მოსულები არიან. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მათ გამოცდილების მიღებაში დაეხმარებათ. ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა.

– რას გულისხმობ?

– პოლონეთთან ერთად პირველი დიდი ტურნირის თამაშის შემდეგ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლიდან “ბარსას” არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება. საუბარი მაქვს არა მხოლოდ ბურთით თამაშზე, არამედ გუნდისადმი პასუხისმგებლობებზეც. დრო ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს.

– გუნდზე ზედმეტად დიდი იმედები ხომ არ დამყარდა?

– მე ყოველთვის მოგება მინდა, მაგრამ ვისწავლე, რომ ზოგჯერ საჭიროა, ნაბიჯი უკან გადადგა და შემდეგ წინ გადასადგმელად შესაბამის დროს დაელოდო. ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც “ბარსას” ბოლო წლებში გადახდა, არ ველოდით, რომ სიტუაცია ერთ თვეში სრულად გამოსწორდებოდა. დროა საჭირო და დარწმუნებული ვარ, რომ მოვუმატებთ და ისევ საუკეთესო გავხდებით.

– “ბაიერნის” რომელი თვისება გამოადგებოდა “ბარსას”?

– “ბაიერნი” სტაბილურობას წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ამ გუნდმა შეიძლება კარგად ვერ ითამაშოს, მაგალითად მიუნხენში ჩვენ წინააღმდეგ უკეთესები არ იყვნენ, მაგრამ მაინც მოიგეს. ეს სტაბილურობა “ბარსასაც” ჭირდება, მაგრამ მისი მიღწევა მარტივი არაა.

– რატომ?

– დავიწყოთ იმით, რომ კლუბს რთული პერიოდი აქვს. გარდა ამისა მარტივი არაა მაშინაც, როდესაც სანაკრებო პაუზიდან 6 ფეხბურთელი ტრავმირებული გიბრუნდება. გაგვიჭირდა, რადგან რამდენიმე თამაშში 5-6 ფეხბურთელი გვაკლდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დანაკლისი დაცვაში, რამაც სტაბილურობა დაგვაკარგვინა. როგორც გუნდი ვიზრდებოდით, მაგრამ უცებ შევჩერდით.

– ჩავიმ, როგორც მწვრთნელმა, გაგაკვირვა?

– მან იცის, რა უნდა გავაკეთოთ. დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ყველაფერი ის, რაც ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის დროს გადახდა, განვითარებაში ეხმარება.

– მისი მეთოდოლოგია სხვა მწვრთნელებისგან განსხვავდება?

– ყველა მწვრთნელი განსხვავებულია და მათი შედარება არ მინდა. გამიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესოებთან მიმუშავია. ჩავი სრულად ახალს არაფერს იგონებს, ის ყველაფერს დეტალურად გვიხსნის და ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის იმის მიზეზი, თუ რატომ უნდა გააკეთოს რაღაც.

– როგორი უნდა იყოს სრულყოფილი ცენტრფორვარდი?

– ფანები ყურადღებას მხოლოდ გატანილ გოლებზე ამახვილებენ. თუ თავდამსხმელი გოლს ვერ გაიტანს, ეს ნიშნავს, რომ ცუდად ითამაშა, არადა ასე არაა. გოლების გატანის გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი მოძრაობით თანაგუნდელებს დაეხმარო იმისათვის, რომ ბურთი საჭირო ადგილამდე მიიტანონ.

– მწვრთნელივით საუბრობ…

– მოგების ერთადერთი შანსი გუნდურად თამაშია. თავდამსხმელი მხოლოდ გოლების გატანაზე არ ფიქრობს, ის გუნდს ასევე გოლების შექმნაში უნდა დაეხმაროს. ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყო.

– ამას როგორ ახერხებ?

– ბევრ თამაშში, ზოგჯერ მის დაწყებამდეც კი, ვხვდები, რომ მეტოქე მცველი ზედმეტად დიდ ყურადღებას მითმობს. ამას ჩემ უპირატესობად ვაქცევ და თანაგუნდელებს სივრცეებს ვუთავისუფლებ. მათ ვეუბნები, რომ ამა თუ იმ სივრცეს ვტოვებ, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ, ეს სივრცე აითვისონ და გოლები გაიტანონ. ამ გზით რამდენიმე გოლი უკვე გავიტანეთ.

– ამის სწავლა შესაძლებელია?

– ეს არის პროცესი, რომლის დროსაც გუნდმა ჩემგან უნდა ისწავლოს და მე გუნდისგან. ვსაუბრობთ ხოლმე იმ მოძრაობებზე, რომლებიც გაკეთებაც მოგვიწევს.

– შენს ოჯახში ფრენბურთის თამაშის დიდი ტრადიციაა. სპორტის ეს სახეობა არ გიზიდავს?

– არჩევანი არასდროს მქონია, რადგან ფეხბურთი თავიდანვე ჩემი ერთადერთი ვნება იყო. ფეხბურთის თამაში ყოველთვის მინდოდა. შესაძლოა, ფრენბურთი კარგად მეთამაშა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამისათვის დაბალი ვიყავი, რადგან საჭიროა, მინიმუმ 1.9 მეტრი იყო.

– სპორტის სხვა სახეობები მოგწონს?

– კი, ვვარჯიშობ ხოლმე და არა მხოლოდ ფეხბურთსა და ფრენბურთში. ასევე მივდევ ტანვარჯიშს. მამა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იყო. მე ყოველთვის ფეხბურთის თამაში მინდოდა, ის კი მეუბნებოდა, რომ მხოლოდ ფეხბურთის თამაშს ვერ შევძლებდი, სხვა რაღაცებიც უნდა მეკეთებინა. სახლში ტანვარჯიშით ხშირად ვიყავი ხოლმე დაკავებული. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან ბევრი ვარჯიში მიწევდა და მაშინ მამის არ მესმოდა, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს ფეხბურთშიც გამომადგა. საკმაოდ მოქნილი ვარ, რის გამოც მამას მადლობას ვუხდი.

– და ბოლოს, დაგვიხასიათე შენი პიროვნება.

– ვარ ის ადამიანი, რომელიც მინდა, რომ ვიყო. მახარებს ის ფაქტი, რომ კარგი ადამიანებით ვარ გარშემორტყმული და ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც მომწონს. ყალბი არ ვარ. ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ბუნებრივი ხარ და აკეთებ იმას, რაც მოგწონს, მნიშვნელობა არ აქვს, სხვები რას ფიქრობენ. განვითარებისთვის და წინსვლისთვის აუცილებელია, რომ იყო თავისუფალი ადამიანი და მე ვარ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Prometheus
    schedule 01 ნოე 2022, 02:39
    #6

    ჩემი დიდი ოცნება გახდა ლეოს და ლევის ერთად ნახვა , იმედია მოხერხდება მეფის დაბრუნება , რაღაც საოცარ შედეგებს დადებენ ამ ასაკშიც კი

  • Albicelecte
    schedule 01 ნოე 2022, 01:00
    #5

    ჰალანდის ყიდვას ჩალიჩობდა ბავარია და ამას 1+1 სთავაზობდა, ისიც ცალყბად, მანამდე გასუსულები იყვნენ და როცა სიტომ აახიათ, მერე ალაპარაკდნენ გახანგძლივებაზე;
    ამან: თქვენი უმადური *************-ო და წასვლა გადაწყვიტა
    მაგრამ ბაიერნს ცუდად მაინც არ ახსენებს, რადგან მთელს შვაიერნზე უფრო მეტი ადამიანობა აქვს

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2022, 23:13
    #4

    "ბაიერნში" დარჩენა მარტივი გადაწყვეტილება იქნებოდა. რატომ გადახვედი "ბარსელონაში"?
    დარჩენა იქნებ უნდოდა კიდეც, მაგრამ არავის ბაიერნში არ შეუთავაზებია სრულყოფილი კონტრაქტი. ანუ 1+1 და მორჩა.
    გერმანელებს ხო კაპიკს ვერ გააგდებინებ ხელიდან, ერთი წელიც კი არ უნდოდათ მუქთად ეძლიათ ხელფასი. ეს კი იმას ნიშნავდა ოდნავ ჩაგდებული სეზონი და "დავაი დასვიდანია" აი ასეთი მიდგომა ძალიან უტეხავს გულს ადამიანს და სრულიად გასაგებია იმ დასმასკული გერმანული მანქანიდან ადამიანურ გარემოში გადმოსულიყო და თავი სრულყოფილ ადამიანად ეგრძნო. მითუმეტეს ბინაც ქონდა ნაყიდი ესპანეთში და ეს სრულიად ნორმალური იყო. არავის არ უნდა პენსიონერობა ცივ გერმანიაში გაატაროს, ესპანური მზე და სიმხიარულე ბევრს იზიდავს.

  • MSN G.O.A.T
    schedule 31 ოქტ 2022, 18:27
    #3

    მესიზე დამოკიდებულება მაინტერესებს ამის ოქროს ბურთის მერე

  • ხოტივარი გიო
    schedule 31 ოქტ 2022, 16:22
    #2

    ლევანა მაგარიკაცი <3

  • La Pulga10
    schedule 31 ოქტ 2022, 16:06
    #1

    აუუ ერთი 5-6 წლით ახალგაზრდა იყოს ნეტაა