workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მუნირ ელ ჰადადი

მუნირ ელ ჰადადი მოჰამედი

UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გმირი, მუნირ ელ ჰადადი “ბარსელონას” იმედისმომცემი თავდამსხმელია.

მუნირს “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 2014 წლის 24 აგვისტოს, 18 წლისა და 357 წლის ასაკში ჰქონდა. ჯერ კიდევ “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი უკეთეს სტარტს ვერც ინატრებდა – ლა ლიგის პირველ ტურში, “ელჩესთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში, მან თამაშის მე-2 გოლი გაიტანა. მანამდე, წინასასეზონო მზადების დროს, მუნირ ელ ჰადადი, 4 გოლით, “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მუნირმა კარიერა “გალაპაგარში” დაიწყო და “სანტა ანაში” განაგრძო. შემდეგ იყო “რაიო მახადაჰონდა”, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 29 მატჩში 32 გოლის გატანის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ბარსელონას” ყურადღება მიიქცია. ელ ჰადადი კატალონიურ კლუბს 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. ფრანსესკ გარსია პიმიენტას ხელმძღვანელობით, მუნირმა 2011/12 წლების სეზონი 19-წლამდელთა ბ გუნდში დაიწყო, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

19-წლამდელთა ბ გუნდთან ერთად მუნირმა ქვეყნის ჩემპიონატი, ხოლო 19-წლამდელთა ა გუნდთან ერთად დივიზიონი და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2012/13 წლების სეზონში მუნირი 19 წლამდელთა ა და ბ გუნდებში თამაშობდა, მომდევნო სეზონში კი ა გუნდსა და “ბარსა ბ”-ში. “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში დებიუტი მუნირს 2014 წლის პირველ მარტს, 18 წლისა და 181 დღის ასაკში ჰქონდა. იმ სეზონში, “ბარსა ბ”-ში, მან 11 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

2014/15 წლების სეზონისთვის მზადება მუნირმა პირველ გუნდთან ერთად გაიარა და სეზონის სტარტზე ის ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში იყო. იმ სეზონში, ლა ლიგაში, მან მეტოქეთა კარის 3-ჯერ აღება მოახერხა. მოედანზე ის სულ 16-ჯერ ვიხილეთ, აქედან 11-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში. მან 10-ჯერ ლა ლიგაში, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგასა და 3-ჯერ ესპანეთის თასზე ითამაშა. იანვარში მუნირი “ბარსა ბ”-ს დაუბრუნდა, სადაც 17-ჯერ ითამაშა და 4-ჯერ გაიტანა.

2015/16 წლების სეზონში მუნირი პირველ გუნდში დაწინაურდა, მომდევნო სეზონი კი მან “ვალენსიაში” იჯარით გაატარა, სადაც თავი, 36 შეხვედრაში, 7-ჯერ გამოიჩინა.

2017/18 წლების სეზონში ელ ჰადადი “ალავესში” იყო განათხოვრებული, სადაც ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა – 36 თამაში, 14 გოლი.

მუნირს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2014 წლის 8 სექტემბერს ჰქონდა. ის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, მაკედონიის წინააღმდეგ, 19 წლისა და 7 დღის ასაკში, მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. მანამდე, მას ესპანეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში ჰქონდა ნათამაშები.

თვისებები

მუნირი ნამდვილი გოლეადორია. ის სწრაფია და თამაშის შესანიშნავად წაკითხვით გამოირჩევა. გარდა ამისა, ელ ჰადადი კარგად პოულობს სივრცეებს. მას აქვს პოტენციალი გახდეს დიდებული მოთამაშე.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი (2): 2014/15. 2015/16

ესპანეთის სუპერ თასი (2): 2016/17, 2018/19

ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა: 2013/14

ინდივიდუალური

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (11 გოლით): 2013/14