workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა დაფრინავს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა დაფრინავს

რაღაც მსგავსი უკვე ვნახეთ ამ სეზონში, ბარსა არბევს მეტოქეს და ერთადერთი კითხვა რჩება – უფრო მეტი როგორ ვერ შეაგდეს? არადა, შვიდი გოლი გაიტანეს. მხიარულიც აღარ ქვია ასეთ თამაშს, გუნდებმა მოედნის ცენტრი დაივიწყეს და კარიდან-კარში ითამაშეს, ოღონდ ბარსას 10 შეტევაზე “რასინგის” ერთი შეტევა მოდიოდა. ანგარიშიც შესაბამისი გამოვიდა.

ამ ტურში თავისი მატჩი მოიგო “მადრიდმაც”, მაგრამ წვალებით, ბარსა კი სხვაგვარად იგებს. ისე როგორც წარსულში, ისე როგორც საუკეთესო წლებში. ეს უდავოდ ფლიკის საუკეთესო გუნდია. რაც სურდა მიიღო და აგერ შედეგიც.

შვიდიდან შვიდი მოგება. სანაკრებო პაუზამდე ერთი მატჩიღაა დარჩენილი. სამ დღეში ბარსა “სევილიას” ესტუმრება, მერე კიდევ დიდი პაუზა გვექნება.

ადეიემიმ დაიმსახურა

ბოლო მატჩები ისე კარგად ჩაატარა, რომ ძირითადში ადგილი დაიმსახურა. აჯობა გორდონს. დადგა 11 კაცში და კიდევ ერთი მაგარი მატჩი გვაჩუქა, საგოლე პასი, ორი მოპოვებული თერთმეტმეტრიანი… მაგრამ გოლის გარეშე. მინიმუმ სამი უნდა შეეგდო, მაგრამ ვერ შეაგდო, სიზუსტე დააკლდა, ცივსისხლიანობაც დააკლდა, კარის წინ ვერ არის აუღელვებელი, აი, რაფინია წარბს არ შეიხრის ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, ამას კიდევ აკლია ეგ ცივსისხლიანობა, ზედმეტად ანერვიულდება ხოლმე და ამ ნერვიულობამ მაგარი ბურთებიც გააფუჭებინა.

რაფინიამ კი სამი შეაგდო, სამი პენალტი დაინიშნა, როგორც აღმოჩნდა ბრაზილიელი და იამალი რიგრიგობით ურტყამენ. რაფინიამ ორი შეაგდო, ძლიერი და ზუსტი დარტყმით, თავისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში, იამალმა კი გააფუჭა. აქედან დაიწყო მატჩის მთავარი ინტრიგა – გაიტანს თუ ვერა რომელიმე მაინც? ან ადეიემი, ან იამალი. თითქოს არა და არ უმართლებდათ, ლამინს თამაშაგარეს გამო გაუუქმეს, მერე ძელს მოარტყა, ეს გაფუჭებული პენალტიც ამძიმებდა და ბოლოს ისევ ადეიემიმ აიწყვიტა ფლანგზე, გავარდა მეხივით, დაატყდა თავს “რასინგის” მცველევს, საგოლედ გააგორა ბურთი გვერდზე და იამალმაც შეაგდო. მოხსნა ამ მატჩს ეს დარჩენილი ჯადოც.

ამ დროს კიდევ ცოტა შეშფოთებული გორდონი გვიჩვენეს სათადარიგოთა სკამზე. ნუ ღელავ ძმაო, კიდევ მოგოწევს თამაში, მაგრამ ამ კონკურენციაში ამჯერად ჩამორჩი.

გაგვახსენა ადრიანო

ხო, გვყავდა ასეთი განაპირა მცველი ადრიანო. თავის დროზე “სევილიამ” შემტევად იყიდა, მაგრამ მერე აღმოაჩინეს, რომ მცველია, ბარსაშიც დაცვაში დადგა. ურტყამდა ორივე ფეხს და თამაშობდა ორივე ფლანგზე. მოკლედ, ბევრი რამით ჰგავდა კანსელუს. ასეთი გოლები მას გაჰქონდა, როგორიც კანსელუმ შეაგდო. თანაც ორი, ერთ მატჩში. ალბათ მაინც პირველი ჯობდა, მეორეს რიკოშეტი წაეხმარა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ეფექტი დიდი ჰქონდა. გაგიჟდა ესპარტიც სკამზე და იჯდა დაღვრემილი ბალდე. აჰა, არაფერი გვიჭირს მარცხენა ფლანგზე.

ის ერთი შემორჩენილი გოლი კიდევ გაბრიელ ჟეზუსმა შეაგდო. ამჯერად მეტი დრო ჰქონდა, რაფინია შეცვალა, მესამე შეაგდო თუ არა გაიყვანეს, ჟეზუსმა კი ასევე ლამაზი დარტყმით შეძლო გოლის გატანა, დაატრიალა მაღალ შორეულ კუთხეში. კარგი გოლი იყო. სონი ანდერსონს წააგავს რაღაცით.

საპასუხოდ ბარსამ ორი გაუშვა, ორივე ბავშვურად, შეცდომებით, მეორე მაინც გამოსარჩევია, შესნიმ მატჩამდე როგორც ჩანს ბევრი მოწია. ასეთ შეცდომებს ვიქტორ ვალდესი უშვებდა ხოლმე. გაგახსენდათ? “მადრიდთან” დაშვებული შეცდომა და დი მარიას გოლი. ის საშინელება იყო, მაგის გამო სუპერ თასის ფინალი დავთმეთ. ამას არა უშავს, უბრალოდ შესნის ამდენ დროსაც აღარ მისცემენ.

სტარტი კარგია, მთავარია როგორ დავამთავრებთო – მატჩის მერე ამბობდა ფლიკი. კიბატონო, სეზონი გრძელია. წვალებით მოგებულიც სამი ქულაა. მოგვსდევს ჟოზე. აქამდე კიდევ ბარსა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ასეთ ფეხბურთს ჯერჯერობით ვერავინ თამაშობს.

წინ რა გველის

წინ გველის სევილია და მერე უნდა გადავერთოთ სანაკრებო ფეხბურთზე. გავიყვანოთ ჩვენი ნაკრები ევროზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 17 სექ 2026, 11:09
    #2

    სასწაული კაცია რაფინია, მაბედნიერებს.

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 17 სექ 2026, 11:06
    #1

    ნეტა სანაკრებოდან ტრამვის გარეშე ჩამოვიდეს ყველა და აღარაფერს ვჩივი… ცუდად დაემთხვა მძიმე თამაშები სანაკრებოს მერე, იმედია აღიდგენენ ფორმას