workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

კლაუიდო ანდრეს ბრავო მუნიოსი

სახელი: კლაუდიო ანდრეს ბრავო მუნიოსი
ნომერი: 13
დაბ. ადგილი: ვილუკო (ჩილე)
დაბ. თარიღი: 13-04-1983
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 84 კგ

 

ბიოგრაფია

კლაუდიო ანდრეს ბრავო მუნიოსი “ბარსელონაში” 2014 წლის ზაფხულში, “სოსიედადიდან” გადმოვიდა. ის 1983 წლის 13 აპრილს, პატარა ქალაქ ვილუკო დე ბუინში დაიბადა. მან ფეხბურთის თამაში ახალგაზრდა ასაკში, როგორც თავდამსხმელმა დაიწყო. მოგვიანებით ბრავო მცველი გახდა, საბოლოოდ კი ის მეკარე გამოვიდა.

ბრავო “კოლო-კოლოში” 11 წლის ასაკში მივიდა. როდესაც ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, მან მწვრთნელს კარში დაყენება სთხოვა. მას შემდეგ ბრავოს პოზიცია არ შეუცვლია. სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბრავომ ფეხბურთის თამაშს თავი კინაღამ დაანება, მაგრამ მან, მშობლიურ კლუბში, მალე გაიბრწყინა. 2002 წელს, 19 წლის ასაკში, ბრავოს “კოლო-კოლოს” პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. 2006 წელს მან ჩილეს აპერტურა მოიგო, რის შემდეგაც “სოსიედადს” მიაშურა. ლა ლიგაში დებიუტი მას 2006 წლის 22 ოქტომბერს, “მალიორკასთან” ჰქონდა. ის თამაში 0:0 დასრულდა.

ბრავო სან სებასტიანში დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელის სტატუსით ჩავიდა და ის “სოსიედადის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა. 8 წლის განმავლობაში ის ბასკური გუნდის ლიდერი იყო. სან სებასტიანელთა მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ის, უცხოელ ფეხბურთლთა შორის, მე-2 ადგილზეა.

ბრავოს, “სოსიედადში” რთული პერიოდებიც ჰქონდა. 2007 წელს გუნდი სეგუნდაში გავარდა, ხოლო მომდევნო სეზონში მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თუმცა, მის კარიერაში აღმასვლებიც იყო. 2012/13 წლების სეზონში, “სოსიედადი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ხოლო 2009 წელს მან სეგუნდაში სამორას ჯილდო მოიგო.

კლაუდიო ბრავო ჩილეს ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ის გუნდის ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ბრავო ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა თამაში ჩაატარა. ამის გარდა, მან სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის პირველ 4 მატჩშიც ითამაშა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, მისი გუნდი 1/8-ფინალამდე გავიდა.

 

თვისებები

185 სანტიმეტრი სიმაღლის ბრავო საჰაერო ორთაბრძოლებში წარმატებით თამაშით გამოირჩევა. ჩილელი მიზანდასახული, მოქნილი და გამოცდილი მეკარეა. ბრავოს შესანიშნავი რეაქცია აქვს და მცველებს დამაჯერებლობას მატებს. ამას გარდა, ის ფეხითაც კარგად თამაშობს.

 

მიღწევები

კოლო-კოლო

ჩილეს ჩემპიონატი – 2006

სოსიედადი

სეგუნდა დივიზიონი – 2009/10

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2014/15, 2015/16

ესპანეთის თასი – 2014/15

ჩემპიონთა ლიგა – 2014/15

ევროპის სუპერ თასი – 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2015/16

ჩილეს ნაკრები

კოპა ამერიკა – 2015