workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სტრესს გარეუბნის ბომჟებთან იპოვით

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სტრესს გარეუბნის ბომჟებთან იპოვით

                    ეს მატჩი, რომ სადმე არეკლილიყო “ნიუკასლის” ქომაგის სახე ექნებოდა. ერთი მხრივ გაგიჟებულია სიხარულით, მეორე მხრივ კი შოკშია ჩავადრნილი. ამ სიგიჟიდან შოკამდე კიდევ სულ რაღაც ათი წუთია. რამდენადაც მოსაწყენი იყო პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის დიდი ნაწილი, იმდენად სახალისო გამოდგა მატჩის ბოლო წუთები. ბარნსმა ანგარიში 86-ე წუთზე გახსნა და თითქოს უნდა დამთავრებულიყო კიდეც ეს თამაში, გამაგრდა მთელი ახალციხე და მიაწყდა “ბარსელონა” მეტოქეს, მაგრამ ისეც არ შეუტევიათ, რომ კედლები ჩამოენგრიათ, უბრალოდ, გასაღები უპოვეს. ასე ქაოსურ და არაფრისმომცემ გადაკიდებას რაფინიამ ზონებს შორის პასი ამჯობინა და ოლმოს პირველი შეხებაც კარგი იყო, სახით კარისკენ, მეორე კიდევ უკეთესი, მესის მსგავსად ტანის მოძრაობით მოატყუა მცველი და ძალიან ლამაზად ჩამოიტოვა, თან ისე ჩამოიტოვა, რომ თურმე უკვე საჯარიმოშია, მცველის ფეხი კი ბარიერივით არის დარჩენილი. ესეც ასე. პენალტია.

ლამინე მივიდა და ცოტა გავბრაზდი. არ წაუვიდა თამაში. თავიდანვე ცუდად დაიწყო. მისთვის უჩვეულო გადაწყვეტილებებს იღებდა. თითქოს ცოტა დააფრთხო კიდეც ამ გარემომ, ატმოსფერომ, აგრესიამ. მატჩის ბოლომდე ვერ გაიხსნა და ვერ გამოფხიზლდა. საპირისპიროდ კი რაფინია საღ გონებაზე დარჩა და მატჩის ბოლოსაც სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაინც ეს ბავშვი მივიდა ბურთთან და ამ დროს ვიფიქრე რომ გაწირეს. ისედაც ვერ გამოერკვა ამ სიგიჟეში და ახლა ბოლო წუთებზე კი არა, წამებზე! პენალტი უნდა დაარტყას. როგორ უშვებენ ასეთ შეცდომას?!

უმშვიდესად გაიტანა. შეაგდო ისე როგორც დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნერვი არ ატოკებია. გასულ სეზონში მისი სიმშვიდით გაოცებულმა ჟურნალისტებმა იკითხეს სტრესი რატომ არასდროს არ გეტყობაო და ლამინემ უპასუხა – სტრესი იმ გარეუბანში დავტოვე სადაც ფეხი ავიდგიო. მერე ისევ იკითხეს ეგრე როგორ დატოვე, ნივთი ხომ არ არის, აიღო და დატოვოო? ლამინემ კიდევ მხრები აიჩეჩა. აი ეგრე. გაიტანა და აიჩეჩა.

რაღაც არ გამოვიდა

საერთოდ მატჩი არ გამოვიდა ბარსასთვის. არ იყო კარგი შეხვედრა. არაფერმა იმუშავა. ვერ გაუქაჩეს ინგლისელების აგრესიულობასა და სისწრაფეს. ისე მომეჩვენა თითქოს “ნიუკასლის” თერთმეტივე ფეხბურთელი ბარსას ყველა ფეხბურთელზე სწრაფი იყო. ყველაზე მეტად ვინც გამოირჩეოდა ჟოან გარსია იყო, რომელმაც სადამდეც შეძლო იქამდე გადაარჩინა კლუბი, ბოლოს კიდევ ვეღარ შეძლო, არადა, ახლოს იყო მაინც. ატმოსფერო კი მართლაც დაუვიწყარი შექმნეს ახალციხელებმა. ერთ ეპიზოდში ქომაგი თავს დებდა 100%-იანი გოლი იყოო, გვერდით მსაჯს თითი უქნია და ჩვენს შორის არასწორის დედავატირეო დააყოლა, განმეორებაზე კიდევ გამოჩნდა, რომ “ნიუკასლის” ფეხბურთელი არათუ თამაშგარეში, საერთოდ სტრატოსფეროდან იყო გასული. მაგრამ იმ ქომაგს გააგებინებ რაიმეს? ის ხომ ერთიანად ემოციებში იყო ჩაფლული და ასეც ხედავდა ამ შეხვედრას. ასე ხედავდა თითოეული მათგანი. თითქოს ერთი მატჩია, მაგრამ იმდენჯერ ინტერპრეტირებული, რამდენი კაცის თვალმაც იხილა.

პირველ ტაიმში მაინც რაღაცას ჰგავდა ბარსა. უმეტესად პედრის ხარჯზე, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი გამოდგა. ერთ ეპიზოდში მაგრად ეჩხუბა ლევანდოვსკის, ძალიან მაღლა ხარ აწეული, ცოტა სიღრმეში ჩამოდი, ხომ ხედავ მაქამდე ბურთი ვერ ამოგვაქვსო. თავად კიდევ ხანდახან მცველების ხაზზეც ჩადიოდა, რომ ბურთი წამოეღო. აქ გამოჩნდა სწორედ დანაკლისი, კუნდეს, ბალდესა და დე იონგის პირობებში ბურთის ამოტანა გაცილებით მარტივია. კუნდეს უადვილდება იმიტომ, რომ ლამინესთან კარგად არის შეთამაშებული, ბალდეს უადვილდება თავისი სისწრაფის ხარჯზე, დე იონგი კიდევ ამისთვის არის დაბადებული რომ ბურთი ამოიტანოს. მოკლედ, დაგვეტყო დანაკლისი.

სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა გავი. დაბრუნდა ჯიგარი. თეთრი ედგარ დავიდსი, ჩვენი პიტბული. აი ვინ გამოგვადგებოდა ამ ჯახში, მაგრამ ამდენი ხნის უთამაშებელს პირდაპირ პლეი-ოფში აბა ვინ შეიყვანდა?! პედრიმ მეტი ვერ შეძლო, გაიყვანეს და თამაშიც აირია. ბარსა საერთოდ ვეღარ იჭერდა ბურთს, მოდიოდა და მოდიოდა ეს შეტევები და საბოლოოდ გავიდა კიდეც გოლი, მატჩის მიწურულს. ლოგიკური იყო. თუმცა, ალოგიკურობაც იყო ამ გოლში – სად იყო არაუხო? სადღაც საყრდენის პოზიციაზე. გამაგიჟებს ეს კაცი.

ლევანდოვსკიმდე ბურთი არ მიდოდა და ვერ ივარგა ვერც ფერანმა. ვერ ივარგა ვერც რაშფორდმა, ისევ ტრავმა მიიღო მარკ ბერნალმა. მოულოდნელი იყო ესპარტის გამოჩენა, დანი ოლმომ კიდევ ივარგა და მისმა მოტანილმა პენალტმა და იამალის სიმშვიდემ დიდი უპირატესობაც მოგვიტანა. წინ “კამპ ნოუა”, იქ კიდევ სულ სხვა მატჩი გველის.

მანამდე რა ხდება

მანამდე “სევილია” ხდება. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაში არიან. ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია. მერე კიდევ “ნიუკასლიც” ჩამოვა. გასვლის შემთხვევაში კი თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ატლეტიკო” დაგველოდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • joy
    schedule 11 მარ 2026, 23:06

    პირველად ვკითხულობ ბატონო ფეოლა თქვენგან ასე ზერელე ანალიზს, მართლა გამიკვირდა და ეჭვიც გამიჩნდა უყურეთ კი ამ მატჩს? თქვენ თვლით რომ 18 წლის იამალი მთელი თამაში ვერ გამოფხიზლდა და 30 წელს მიღწეული რაფინია მთელი თამაში საღ გონებაზე იყო??? smiley smiley smiley ალბათ იხუმრეთ… რომ წერთ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო პედრიო!- კუბარსი ვერ ანათებდა?- მართლა ლომივით იბრძოდა მთელი თამაში! და ჟოან გარსია არ კაშკაშებდა? – ერთადერთი იყო უშეცდომო და ვინც პირნათლად შეასრულა თავის მოვალეობა! რატომ გიკვირთ რომ არაუხო გოლის დროს ჯერ კიდევ მოედნის ცენტრში იყო?- ეს სრულად ფლიკის ბრალია! მე ტელევიზორში ვხედავდი რომ არაუხო ვეღარ დარბოდა და დაფორთხავდა უკვე მოედანზე, ნუთუ ფლიკი ვერ ხედავდა? არაუხოს კურიოზამდე დიდი ხნით ადრე შეცვალა ჯერ პედრი და შემდეგ ბერნალი იმიტომ რომ დაიღალნენ! ამათ ორივეს დღესდღეობით არაუხოზე ბევრად მეტი პრაქტიკა აქვთ მოედანზე და შესაბამისად ფიზიკურად მეტი უნდა შეძლონ ვიდრე არაუხომ, რომელიც 4-5 თამაშში ერთხელ გამოყავს ფლიკს მატჩის ბოლო 7-10 წუთი მაქსიმუმ. ფლიკს დაღლილი პედრი და ბერნალი რომ დაეტოვებინა მოედანზე კიდევ 15 წუთი, სრულიად შესაძლებელი იყო ამათაც დაეგვიანებიათ კუთვნილ ადგილზე დაბრუნება დაღლილობის გამო.. და პირიქით, არაუხო რომ შეეცვალა 10-15 წუთით ადრე ხომ აღარ მოხვდებოდა მაგ კურიოზულ სიტუაციაში… ასე რომ არაუხოზე მეტად ფლიკის ბრალეულობა ჩანს მაგ შემთხვევაში, მით უმეტეს მშვენიერი ბავშვი ყოლია არაუხოს ადგილას

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 11 მარ 2026, 18:26

    სევილიასთანაც რევანშია ასაღები

  • me da barca
    schedule 11 მარ 2026, 16:47

    მახსოვს იმ ფანის სახე გოლის დროს, რომ პირდაღებული გიჟივით ყვიროდა. პენალტის დროს კი სულ სხვა სიფათი ქონდა რატომღაც.

  • Guro
    schedule 11 მარ 2026, 15:50

    Rick Sanchez,
    მეც მაგას ვფიქრობ ჰანსი ბიძიამ ძალები დააზოგინა და სახლის თამაშის გამოყენებაზე გააკეთა აქცენტი.

  • nika 54
    schedule 11 მარ 2026, 15:32

    რატო ისინი არ იღლებოდნენ, გასაკვირია. მარტო იმიტომ რო სახლში თამაშობდნენ? ანუ ბარსელონაში ჩვენც ეგრე დავჩაგრავთ სირბილში? ღმერთმა ქნას.
    კიდევ, მადრიდელები არ იშლიან უაზრო ღადავს. ბარსას რა ბედი აქვს ბოლო წუთზე უვარდებაო. თავიანთ ბოლო წუთზე გატანილს კი რატომღაც გუნდის ბოლომდე ბრძოლით ხსნიან.

  • La Pulga10
    schedule 11 მარ 2026, 13:52

    ოლმოს საფეხბურთო ინტელექტი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდში. პროსტა რატომ არ დარბის ვერ გავიგე, რაღაცნაირი უფხო ტიპია. ეგ პენალიც გააზრებულად აიკიდა, ჭკვიანი ფეხბურთელია ჭკვიანი გადაწყვეტილება იყო.

    პედრის მომენტი ლევანას რო ეუბნება მასე მაღლა რა გინდაო. აი ეგ იყო ზუსტად ნიუკასლის გეგმა. გაგვწელეს პაჭიკოს გარმონივით და მაგის გამო ჩვენი თამაში ვერა და ვერ დავიჭირეთ. ბურთი არ გვიჩერდებოდა. ამ საცოდავ პედრის კიდე ყველაფრის გაკეთება უწევდა და შეტევებიც ამიტომ არ იყო.

    შანსი ჰქონდა ნიუკასლს 1 ბურთიანი უპირატესობით მოსულიყო კამპნოუზე. კანპნოუზე რომ ჩვენი თამაში წავა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია. წესით გავალთ მარტივად.

  • Rick Sanchez
    schedule 11 მარ 2026, 13:51

    მე მგონია, რომ ფლიკის პირდაპირი მითითება იყო შემდეგი: ბიჭებო ჩვენ მაგარი გადატვირთული კალენდარი გვაქვს, თქვენ ძაან დაღლილები ხართ და ამ მონსტრებს რომ ეჭიდავოთ, ფიზიკურად აზრი არ აქვს. ამიტომ ეცადეთ დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვათ, კომფორტული ანგარიშით წამოდით ინგლისიდან და კამპ ნოუზე მივხედოთ კაჭკაჭებსო. როცა გუნდს ნორმალური შეტევა დასჭირდა, წავიდნენ და პენალტი მოიპოვეს, გოლიც შეაგდეს. ფაქტიურად ძალების დაზოგვით მოიგეს.