ბარსა vs სლავია – უცნაური დუმილის ისტორია

ბარსა vs სლავია – უცნაური დუმილის ისტორია

                   ხვალ 23:55 – ზე ბარსა “სლავიას” ესტუმრება. გუნდების ურთიერთშეხვედრები თუ დაგაინტერესებთ მხოლოდ 2019 წლის მასალას მოიძიებთ, ესე იგი, ამბებს უახლესი წარსულიდან. რეალურად კი ამ გუნდების ისტორია გაცილებით მეტ ურთიერთშეხვედრას იტევს, უბრალოდ ეს ერთი საუკუნის წინ ხდებოდა, იმ ამბების გახსენება კიდევ მოგეხსენებათ რთულია, თუმცა, ძალიან საინტერესოც ამავე დროს. თანაც, იმ მატჩებს ამხანაგურის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ როცა დიდი ტურნირები ოფიციალურად არ იყო დაარსებული, ეგ ამხანაგურიც ალბათ ოფიციალურს ჰგავდა თავისი ინტრიგითა და დაძაბულობით. 

ჰოდა, 2019-ში გამართულ ორ შეხვედრას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, კიდევ რვა თამაში ყოფილა და ყველა ბარსელონაში ჩატარებულა. ეს მატჩები გაიმართა 1920-დან 1934 წლამდე. ჩეხოსლოვაკია ავსტრია-უნგრეთის იმპერიას გამოეყო და ცალკეც მშვენივრად შეძლო ფეხბურთის თამაში. მერე ჩეხოსლოვაკიაც გაიყო და სლოვაკეთის რა ვთქვათ, მაგრამ ჩეხეთს კი ჰყოლია ძლიერი ნაკრებები. იმ დროისთვის კიდევ, ესე იგი, 20-იან წლებში, “სლავიას” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, მათ შოტლანდიელი ჯონი მედენი წვრთნიდა, როგორც ამბობენ ჩეხური ფეხბურთის მამა. ერთგვარი განმანათლებელი. სინათლის, (ფეხბურთის) ჩამტანი ჩეხოსლოვაკიაში. ამ ძალის გამო “სლავია” ხშირად მოგზაურობდა, მიეშურებოდა ტურნეში და ეჯიბრებოდა სხვადასხვა ქვეყნების გამორჩეულ კლუბებს. 

მიდის მატარებელი 

“სლავია” დიდი სახელით ჩავიდა ბარსელონაში, იმუქრებოდნენ კიდეც, ინტერესიც დიდი იყო, ამიტომ, ძველი, კამპ დე ლა ინდუსტრიას სტადიონი ბოლომდე გადაიჭედა, ხალხი წუწუნებდა ადგილი ცოტაა ასეთი მატჩებისთვისო და მართლაც, ორი წლის თავზე ბარსა ახალ სტადიონზე, ლეს კორტსზე გადავიდა. სტადიონი სავსეა, მაგრამ მატჩი არ იწყება, ხალხი ნერვიულობს, მერე იწყება აურზაური და ლანძღვა-გინება, ჩეხები კი არსად ჩანან. თურმე, მატარებელზე დაიგვიანეს. ბარსელონელები ოთხი მანქანით ელოდნენ, მაგრამ სტუმრები არ გამოჩენილან. მერე როგორც იქნა “სლავიამ” ჩამოაღწია, მაგრამ ანშლაგი აღარ ყოფილა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ სამუშაოდ დღეს დაემთხვა, მეორე მხრივ იმიტომ, რომ ხალხს აღარ სჯეროდა მათი ჩამოსვლის. 

მუქარა ვახსენეთ და ასე იყო ეგ საქმე, ჩვენ შვეიცარიული “სერვეტი” და “ჟენევა” 4:0 და 5:0 გავანადგურეთო. შვეიცარია კიდევ მაშინ საფეხბურთო ელიტად ითვლებოდა. მიუხედავად ამ მუქარებისა, პირველი ტაიმი ბარსამ მოიგო, პაულინიუ ალკანტარასა და ვისენს მარტინესის გოლებით. მეორე ტაიმში “სლავიამ” გაათანაბრა, ჯერ ავტოგოლი გავიდა, მაშინ კიდევ პრესაში ავტოგოლის ავტორებს არ წერდნენ ხოლმე, ფეხბურთელს ასე უფრთხილდებოდნენ, არ სწირავდნენ ბოლომდე. ანგარიში 2:2 ია და ბოლო წუთებზე პენალტი დაინიშნა. “სლავიას” ფეხბურთელები აღშფოთდნენ, მატჩის დატოვებით დაიმუქრნენ (როგორც სენეგალელები) მაგრამ სანამ თავად გავიდოდნენ, მანამდე თავმოყვარე მსაჯმა სასტვენი მოისროლა და თავად დატოვა მოედანი. დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად დააბრუნეს. სასტვენიც ააღებინეს. პენალტი სანჩომ გაიტანა და ბარსამ მოიგო. (პანენკა არ დაურტყამს, პანენკას სწორედ ჩეხოსლოვაკი პანენკა მოიგონებს წლების მერე. ასე რომ, ბრაჰიმ დიასის ტრაგედია მაშინ არ დატრიალებულა) “სლავია” კი იმუქრებოდა საუკეთესო ფეხბურთელები არ გამოგვიყვანია და აწი ნახეთ თქვენო. 

მეორე მატჩი – 1920 წლის მარტი 

ითამაშეს მეორედ, მაგრამ ყველაზე მოსაწყენი მატჩი ეგ გამოდგა. ნულით ნული დასრულდა. თუმცა, ტურნეს ეგიდით კიდევ ერთი იყო სათამაშო. ესე იგი, მესამე და გადამწყვეტი. აი აქ კი ისევ გადაიჭედა სტადიონი. და რა ხდება? “სლავიას” ფეხბურთელები ისევ აგვიანებენ. ხალხი ისევ მოტყუებული რჩება და იმის შიში რომ ვაი და კიდევ არ გადაიდოს ეს შეხვედრაო, ვიღაცას მივარდნენ კიდეც მისახრჩობად, როცა ჩეხოსლოვაკები გამოჩნდნენ და აღმოჩნდა, რომ კორიდაზე ყოფილან. ერთობოდნენ ჯიგრები, მატჩი კიდევ გადაავიწყდათ. ჰოდა, სანამ მოსული ჩეხოსლოვაკები აზრზე მოვიდნენ ალკანტარას უკვე ორი გოლი ჰქონდა შეგდებული. მეტოქე უხეშობაზე გადავიდა, მაგრამ არც ამან გაჭრა, თურმე, სულ ტყუილად იმუქრებოდნენ, მესამე და მეოთხე გოლი სესუმაგამ, მეხუთე მარტინესმა, მეექვსე კი ფრანსესკმა გაიტანეს. ამოტენეს ჩეხოსლოვაკები და ასე “ნასიამოვნები” გაუშვეს სახლში. იმათ კიდევ ჩამოსვლამდე ეგონათ ჩვენა ვართ ვინცა ვართო. 

ამ ყველაფრის მიუხედავად მქუხარე ტაში არ ყოფილა. არც დიდი მადლობები. პირიქით, სტადიონი დადუმდა. რატომ? იმიტომ, რომ იდეაში “სლავია” ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, რომელთანაც იმ “ბარსელონას” ჰქონდა ნათამაშები, მოლოდინი ძალიან დიდი იყო, რამაც იმედგაცრიება გამოიწვია. ქომაგები სულ სხვა თამაშს ელოდნენ. La Vanguardia ზე იწერება, რომ მეორე დღეს ეს მატჩი აღარავის ახსოვდა. სამაგიეროდ, სტატიის ავტორი იყო აღფრთოვანებული, შემართული იმისათვის, რომ ალკანტარას ფეხები დაეკოცნა. ბოლოს კი წერს, რომ ბარსა აღარ არის მოსწავლე საფეხბურთო სამყაროში, ის უკვე ოსტატია. 

ამ პოზიტიური გამოცდილების მერე პრაღელებს ხშირად იწვევდნენ და ბევრჯერაც ითამაშეს. ეგ კი არა, სხვა ჩეხური კლუბებიც მოიპატიჟეს – “სპარტა”, “უნიონ ჟიჟკოვი”, “მაკაბი ბრნო”, “მორავსკა სლავია ბრნო”, “დოიჩერ პრაღა” და “ვიქტორია”. მას შემდეგ კიდევ ძალიან დიდი დრო გავიდა, ბარსას ფაქტობრივად აღარ უთამაშია ჩეხებთან, იქამდე სანამ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ შეხვდნენ “სლავიას”. საბედნიეროდ, უკვე დაფრინავენ, მატარებელზე არავინ აგვიანებს. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    21 იან 2026, 10:26

    ციტატა: პენდრაგონი
    აუცილებლად უნდა მოვიგოთ


    გეთანხმები, სხვა გზა არ არსებობს, ძალიან გაგვირთულდება სეზონი ორი ზედმეტი თამაში ნამდვილად არ გვჭირდება.