workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა vs ბეტისი – 10 მატჩი წარსულიდან

ბარსელონა vs ბეტისი – 10 მატჩი წარსულიდან

     ბარსა მომდევნო ტურში “ბეტისს” შეხვდება და გავიხსენებ იმ შეხვედრებს, რომელიც ყველაზე მეტად ჩამებეჭდა გონებაში. ინდივიდუალური ოსტატობისა თუ გუნდური თამაშის გამო. თუ რაიმე ისეთი გამომრჩა, რაც გამორჩენის ღირსი არ იყო, წამკითხველმა ჩამისწოროს, გამახსენოს და ეგებ დავეთანხმო კიდეც. 

აბა, დავიწყოთ. 

1996/97 – ჰეთ თრიქი თავით 

    თვალსასეირო მატჩი გამოვიდა, რობსონის ბარსამ გასვლაზე ითამაშა და მძიმედ დაიწყო, პირველივე ტაიმში ორით ნულს აგებდა, მაგრამ იმ ბარსამ იცოდა ასე, მიუშვებდა მეტოქეს თავის ნებაზე და მერე ამოუვსებდა კიდეც ბადეს. ტაიმის მიწურულს ლუის ენრიკემ თავური დარტყმით ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა. ჩასაფრდა საჯარიმოში და ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში ასევე ენრიკემ, ასევე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გვარდიოლას პასი იყო დიდებული, თავისებური, ჩავი რომ ისწავლის მოგვიანებით, ისეთი. მცირე ხანში ბარსა უკვე წინ გავიდა, კიჭა რონალდო მოეფერა ბურთს კარიდან შორს და მერე მოულოდნელად დასცხო, მოულოდნელად იმიტომ, რომ ახალგაზრდა რონალდო ამ მანძილად არ ურტყამდა და ახლა არც მახსენდება სხვა გოლი ასეთი მანძილიდან გაეტანოს. ცხრიანში არ გაუშვა… აღმოჩნდა, რომ ფიფას ვერსიით საუკეთესოს ესეც შესძლებია. ბოლო ისევ ენრიკესი იყო და ისევ თავური დარტყმით. ესეც რემონტადა, ესეც ჰეთ თრიქი თავით. 

 

1996/97 – ფინალში 

ცუდი ამბავი ის იყო, რომ რონალდომ ეს მატჩი გამოტოვა. ესე იგი, სხვა გმირი გვჭირდებოდა, რობსონის გუნდში კიდევ იყვნენ მაგარი ბიჭები – ლუის ენრიკე, ჯოვანი, გვარდიოლა თავისთავად, მაგრამ ნომერ მეორე ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, იყო ლუიშ ფიგუ. და რა მწარეა, რომ ეს ნომერ პირველი და ნომერ მეორე, მოგვიანებით თეთრად შეიმოსებიან და აღნიშნავენ კიდეც გოლებს ბარსას კარში. 
მაგრამ ჩვენ ახლა სულ სხვა თემაზე ვწერთ და ეს თემა მოგებული ფინალია, რაშიც ლუიშ ფიგუმ ლომის წილი დაიდო. ორი გოლი შეაგდო, საერთოდ, საუკეთესოც იყო და ბოლო და გადამწყვეტი გასროლა რასაკვირველია ყველაზე მეტად გამოსარჩევია. საუკეთესო ვერა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი კია ბარსას შემადგენლობაში. 
 

1999/00 – დანის ჰეთთრიქი 

მხოლოდ ამიტომ შემორჩა ჩემს მეხსიერებას, რომ ამ უგზოუკვლო კაცმა სამი შეაგდო და სამივე ცარიელ კარში. ესე იგი, თავის სტილში გაიტანა სამივე. მისი სტილი კიდევ ეგ იყო, ცარიელი კარის წინ უნდა დამდგარიყო და მერე უნდა გემარჩიელა შეაგდებდა თუ ვერა. ისე, თავით უკეთ თამაშობდა, ვიდრე ფეხით. ფერან ტორესის მოძველებული ვარიანტი იყო, თითქოს. მოესპანელო ბრეითუეიტი. 
დანის ჰეთთრიქამდე კიდევ ლუის ენრიკემ შეაგდო, და ისევ თავით. 
  

2001/02 – ის სამი კაცი 

ერთად ბევრი ვერ ითამაშეს, რადგან რივალდოს ამ სეზონში მუდმივად ტრავმები აწუხებდა. ეს მისი ბოლო სეზონი გამოდგა ბარსაში, მაგრამ როცა თამაშობდნენ მათ ყურებას არაფერი სჯობდა. სავიოლა ორგანულად ჩაეწერა კლუივერტისა და რივალდოს დუეტში და მაგარი ტრიოც მივიღეთ. 
ამ შეხვედრაში ერთი სავიოლამ შეაგდო და რამდენიმე ლამაზი მომენტიც შექმნა. ორი რივალდომ შეაგდო და რამდენიმე მაგარი მომენტიც გვაჩუქა, მაგრამ მთავარი ამბავი მაინც პატრიკ კლუივერტის “ის გენიალური” პასია. ალბათ, საუკეთესო პასი მის კარიერაში და ერთ-ერთი საუკეთესო ლა ლიგის ისტორიაში. (რადგან, გუტის, რონალდინიოს, მესის, ზიდანს და დანარჩენებსაც ბევრი უკადრებიათ). 
კარგი იყო ამ ყველაფრის გახსენება. 
    

2002/03 – სავიოლას ჰეთთრიქი 

დიდად გამოსარჩევი მატჩი არ ყოფილა და ვერ ამ სამ გოლზე ვიტყვი რომ რაღაც უნახავი ვნახე-მეთქი, მაგრამ კონტექსტია საინტერესო. ვან გაალი უკვე გაშვებულია, მის ნაცვლად ანტიჩი მოვიდა. ბევრი არაფერი შეუცვლია არც ტაქტიკისა და არც ხარისხის თვალსაზრისით. “ბარსა” გმირის ძიებაში იყო, რადგან რივალდო აღარ არის, რონალდინიო ჯერ არ მოსულა, რიკელმე კიდევ სკამზეა და ვერ გამოდგა ის კაცი, როგორსაც ელოდნენ. ვერც მენდიეტამ გაამართლა, პატრიკ კლუივერტს კიდევ უკვე უსტვნენ, ჯერ ლანძღეს როგორც ვან გაალის ფავორიტი ფეხბურთელი, მასზე ააწყვეს თამაში და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც მასზე იყო, ჰოდა, ვერ ითავა, ვერ იტვირთა, ლანძღეს და უსტვინეს. 
ამ დროს კიდევ ხავიერ სავიოლამ ითავად ლიდერობა. ამ სეზონში სწორედ ის იყო “კამპ ნოუს” საყვარელი მოთამაშე. 
   

2005/06 – ძალიან უცნაური მატჩი 

უცნაური, სახალისო, სასაცილო, ასეთი ბევრი იყო იმ სეზონში, იმიტომ, რომ რონალდინიო იყო თავისი კარიერის პიკში. თანაც, გამოჩნდა მესი და უკვე მაგრად აგორავებს. ჯანზეა ეტო’ო, ჯანზეა ლარსონი და ლუდოვიკ ჟიული. სიღრმიდან მოდის დეკუ, იქვეა ჩავი, ინიესტა და მარკ ვან ბომელიც. მოკლედ, უმაგრესი გუნდია. 
ანგარიში ლარსონმა გახსნა, დახატეს რონალდინიო-ეტო’ომ. მცირე ხანში რონალდინიომ ისევ ლანგარით მიართვა, მაგრამ შვედმა ააცილა. ვისაც ახსოვს, ლარსონი ბარსაში უფრო მეტს აფუჭებდა, ვიდრე გაჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც შეგვაყვარა თავი. მერე დიდი მხიარულების დრო მოვიდა. რონიმ იამალის მსგავსად ეფეთი შეაყოლა ბურთი ეტო’ოს, მცველმა ფეხი მიარტყა და ავტო გოლი გამოვიდა. რონალდინიომ აღნიშნა თავისი გოლივით, იმიტომ, რომ თავისი პასის ფასი ნაღდად იცოდა. 
მერე იყო და ჯარიმა დაარტყა. ჯერ ერთ “ბეტისელს” მოხვდა, მერე მეორეს და ისე შევარდა კარში. ამაზე საერთოდ გადაირია ისე გაუხარდა, თითქოს გათვლილი ჰქონდა. ესეც თავისი გოლივით აღნიშნა. მერე იყო და უკვე სხვის დაუხმარებლად გაიტანა ისევ ჯარიმა. გავა ორი წელი და “ბეტისთან” დუბლს შეასრულებს ჯარიმიდან, არ გაგვიკვირდება, იმიტომ, რომ უკვე ნანახი გვქონდა, ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც. 
მერე ხოაკინმა გაქვითა ერთი, ჯარიმა შეაგდო ისე, როგორც ჩაბიმ გაუტანა ჩეხს. ვალდესი დარჩა გაშეშებული. ბოლოს თავისი სიტყვა თქვა ცვლილებაზე გამოსულმა პატარა ლეომ. აბა, ისე როგორ იქნებოდა. 
  

2010/11 – მესის ჰეთ თრიქი 

მატჩი დაიწყო ცერემონიით. ლიონელ მესიმ მორიგი ოქროს ბურთი ჩაიბარა. გვერდზე ჩავი და ინიესტა ჰყავდა. მე კიდევ გამახსენდა წლების წინ გამართული ცერემონია, როცა რონალდინიოს გადასცეს ოქრო და გვერდზე მესი და ეტო’ო ამოიყენა. მოკლედ, კარგი ტრადიციების კლუბია “ბარსელონა”. თუმცა, პრეზიდენტები ურევენ ხოლმე, ხანდახან. 
შეხსენება არ სჭირდება რა ფეხბურთს თამაშობდა ამ დროს ბარსა. მიუხედავად პირველ ტაიმში უდიდესი უპირატესობისა, ანგარიში მხოლოდ ტაიმის ბოლოს გაიხსნა. ინიესტას პასით მესიმ მორიგი ლამაზი გოლი შეაგდო. მან ხომ ასე მიგვაჩვია, თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივი იყოს. მეორე ტაიმში “ბეტისს” გადაუარეს. მესიმ მეორეც შეაგდო, მესამეც, შეეძლო მეოთხეც და მეხუთეც, მაგრამ ეგ აღარ გამოვიდა. თითო-თითო გოლი პედრიმ და კეიტამ შეაგდეს. 
   

2016/17 – ქერა მესი, სუარესის ჰეთ თრიქი 

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან ბევრი რამ გახდა ჩემთვის ნათელი. პირველ რიგში, თუ როგორ გეგმავდა მესი მთელ სეზონს. საქმე ის არის, რომ ეს გახსნითი მატჩი იყო და მესიმ ისე ითამაშა თითქოს გახურებული სეზონის ყოფილიყოს, არ დაუწყია ნელ-ნელა, როგორც სჩვეოდა და დაისაჯა კიდეც. მალევე ტრავმა მიიღო. მისი ორგანიზმი მზად არ აღმოჩნდა ასეთ ტემპში სეზონის სათამაშოდ, ეგ ნელ-ნელა უნდა მოვიდეს. მას მერე ლეოს ასეთი შეცდომა აღარ დაუშვია და რაციონალურად მიჰყვა სეზონებს. 
მაგრამ, როგორი სანახაობა დადგა? გადასარევი. ბარსამ 6:2 მოიგო. ორი ლეომ შეაგდო, სამი სუარესმა. ერთიც არდა თურანმა. 
 

2017/18 – ვალვერდეს ბარსა, დუბლი მესის, დუბლი სუარესს

პირველ ტაიმში არა უშავდა “ბეტისს”, ეგ კი არა, საერთოდ, მესამოცე წუთამდე არა უშავდათ. სამოცდამეორემდეც კი. აი, მერე ვერ წავიდა მათი საქმე კარგად, 68-ე წუთისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო. ჯერ რაკიტიჩმა დაიწყო, მესიმ და სუარესმა განაგრძეს და საბოლოოდ 5:0 ეწერა ტაბლოზე. 
  

2018/19 – ტაში ლიონელს 

არაფერი განსაკუთრებული. ბარსამ 4:1 მოიგო. გასვლაზე. სამი მესიმ შეაგდო. ერთი სუარესმა. მესიმ ბოლო გოლი შეაგდო ისე, როგორც შეუგდო “ტენერიფეს” ჯერ კიდევ ყმაწვილობისას. ამას კიდევ მქუხარე ტაში მოჰყვა. თითქოს ყველაფრისთვის გადაუხადეს ლეოს მადლობა. ამდენი წელი რომ გვასიამოვნე, კი ხარ ღირსიო. 
   
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 07 დეკ 2025, 07:44

    მესის ის გოლი მართლა არაამქვეყნიური იყო

  • nika 54
    schedule 07 დეკ 2025, 00:21

    ციტატა: C.PC5
    მესის ის გოლი ბეტისტან მთელ გუნდს რომ გადაუგდო ბურთი თავზე, ოლალააააა ეგ იყო უმაღლესი საფეხბურთო ხელოვნების რიგითი ნიმუში, მაგალითი რო ყველას არ შეუძლია ეგეთი რაღაცების გაკეთება და მხოლოდ ერთი აკეთებს და ის ერთი ლეოა bowtie


    მახსოვს სტუმრად ვთამაშობდით და ადგილობრივებმაც კი დაუკრეს ტაში.8

  • Rick Sanchez
    schedule 06 დეკ 2025, 15:43

    რაკიტიჩი რა დონე იყო

  • me da barca
    schedule 06 დეკ 2025, 02:53

    ბოლო გოლი თავზე, რომ გადაუგდო, როგორ მარტივად გაიტანა, არადა ურთულესი გოლი იყო. ახლაც მიკვირს როგორ გაიტანა, თითქმის მოედნის ხაზიდან გადაუგდო ყველას და ყველაფერს და კარში ჩასვა, ეს ხომ ურთულესია. გენიოსია, მაგიური მესი.

  • LEVANII
    schedule 06 დეკ 2025, 00:04

    ციტატა: jack slater
    მესიმ შეიძლება კიდე გეიტანოს მსოფლიოზე
    ( იმედია გეიტანს) ისეთი სლაბი გრუპა შეხვდა არგენტინას.


    Პორტუგალიას და ესპანეთს შეხვდა ყველაზე სუსტები და ზოგადად ისეთი ჯგუფებია ყველა გრანდი მარტივად დაიკავებს პირველ პოზიციას ჰა ჰა ერთი ინგლის გაუჭირდეს ხორვატიასთან. აქედანვე ძალიან დიდი სუნი ასდის ამ ახალ ფორმატს მსოფლიოს ამერიკაში ჩატარება სადაც ფეხბურთი ტოპ 5 სპორტშიც არ შედის, გაზრდილი ნაკრებები და ჯგუფები კარგ შედეგს არ მოიტანს ეჭვი მაქ ჯგუფურ ეტაპებზე ძალიან დაბალი ინტრიგა იქნება

  • jack slater
    schedule 05 დეკ 2025, 23:40

    მესიმ შეიძლება კიდე გეიტანოს მსოფლიოზე
    ( იმედია გეიტანს) ისეთი სლაბი გრუპა შეხვდა არგენტინას.

  • C.PC5
    schedule 05 დეკ 2025, 21:52

    მესის ის გოლი ბეტისტან მთელ გუნდს რომ გადაუგდო ბურთი თავზე, ოლალააააა ეგ იყო უმაღლესი საფეხბურთო ხელოვნების რიგითი ნიმუში, მაგალითი რო ყველას არ შეუძლია ეგეთი რაღაცების გაკეთება და მხოლოდ ერთი აკეთებს და ის ერთი ლეოა bowtie