workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ანბანი

ბარსელონას ანბანი

დავუბრუნდეთ ფეხბურთს, სანამ დრო გვაქვს და ჰაერი შემრჩენია სუნთქვისთვის. ანბანის დონეზე დადის უკვე ბევრი რამ და საინტერესო სტატიასაც წავაწყდი, “ბარსას” იუბილეს მიუძღვნეს. ლათინური ანბანის მიხედვით ჩამოუყვნენ და თითო ასო თითო ფეხბურთელს, ან მოვლენას მიაკუთვნეს. ყველას თავისი აზრი აქვს, მე რაღაცებში ვერ დავეთანხმე ავტორს, ჰოდა, მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით. 

A – Alcantara 

არც ტიაგო და არც რაფინია, ანბანის პირველი ასო პაულინიო ალკანტარას ეკუთვნის. სხვათა შორის, ჟოან გამპერის ინიციატივით ჩაირიცხა “ბარსელონაში”, ჟოანი იქამდე ასრულებდა სპორტული დირექტორის ფუნქციებს, სანამ ეს თანამდებობა საერთოდ გაჩნდებოდა ფეხბურთში. პაულინიო ალკანტარა ფილიპინებში დაიბადა, 20-იანი წლების მთავარი ვარსკვლავი იყო, ტიტულებიც მრავლად მოიგო. სხვადასხვა ვერსიით “ბარსას” ყველაზე გამტანი ფეხბურთელია მესის შემდეგ. 269 გოლია მის ანგარიშზე, ოღონდ, ისეთი მატჩებიც მიათვალეს, რომელსაც ოფიციალურს ვერ უწოდებს კაცი. “El Romperedes” უწოდეს თურმე, ზუსტი შესაწტყვისი ახლა არ მომდის თავში, დაახლოებით ჟღერს როგორც “ბადის გამხევი”, ძლიერი დარტყმა ჰქონია ცხონებულს. საფეხბურთო კარიერის შემდეგ ექიმობას მიჰყო ხელი, 1964 წელს გარდაიცვალა, 2007 წელს კი ფიფამ აზიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. მის ცხოვრებაში კი ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაც იყო, სამოქალაქო ომის დროს მტრის ჯარებს შემოუძღვა ბარსელონაში, იარაღით ხელში. 

რამ გააგიჟა.. რა ვიცი. ფილიპინელი იყო მაინც. 

B – Basel 

ბაზელი მნიშვნელოვანი ქალაქია “ბარსელონასთვის”, კლუბმა სწორედ ამ ქალაქში მოიგო პირველი ევროპული თასი, თასების მფლობელთა თასი, 1979 წელს. “ბარსამ” დიუსელდორფის “ფორტუნა” დაამარცხა დამატებით დროში – 4:3. შეხვედრას 30’000 ბარსელონელი დაესწრო. 

ბაზელი ასევე დამატებით მნიშვნელობას იძენს გამპერის ფაქტორის გათვალისწინებით, ჟოანმა ორი მატჩი ჩაატარა ამ კლუბში, სანამ “ბარსელონას” დააარსებდა, სხვადასხვა ვერსიით კლუბის ფერები სწორედ ბაზელიდან იღებს სათავეს. 

C – Cruyff 

მესის მერე ყველაზე დიდი კაცი “ბარსას” ისტორიაში. გარდატეხის თვალსაზრისით კი ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი. რომ არა მისი რევოლუციური ხედვა, კაცმა არ იცის პატარა მესის წაიყვანდნენ თუ არა ლა მასიაში. კრუიფი ჩავიდა ბარსელონაში, როგორც მესია, კლუბს 13 წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა ჩემპიონატი, “ბერნაბეუზე” მიწასთან გაასწორა “მადრიდი”, წასვლამდე კოპა დელ რეიც მოიგო და მერე დაბრუნდა მწვრთნელის რანგში, ჩამოაყალიბა ოცნების გუნდი, და რაც მთავარია, კლუბს აპოვნინა თავისი იდენტობა, დე-ენ-ემი. “ბარსას” ძარღვებში კრუიფის სისხლი ჩქეფს. 

D – Dream Team 

ეს სახელწოდება პირველად ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებს ერგო, რომელმაც 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბარსელონაში მოიპოვა ოქროს მედალი. ამ დროს კი ქალაქში კრუიფის “ბარსა” უკვე საოცრებებს ახდენდა, თავისი სათამაშო სტილითა და შედეგიანობით. ჰოდა, დაიტოვეს ბარსელონელებმა ამერიკელების ზედმეტსახელი. 

ბრწყინავდნენ ადგილობრივები და ლეგიონერებიც – კუმანი, ლაუდრუპი, სტოიჩკოვი და რომარიო. 

E – Entorno 

არ ვიცი ზუსტად რას ნიშნავს, ინგლისელები ამბობენ გარემოს აღმნიშვნელიაო, კიბატონო, იყოს გარემო. სტატიის ავტორს კი მხედველობაში აქვს შიდა სამზარეულო, კლუბის შიდა პოლიტიკა, რომელიც არჩევნებზე და დემოკრატიულ საწყისებზე დგას. ამას ყოველთვის სიკეთე არ მოუტანია, მაგალითად, როსელის, ან, ბართომეუს არჩევის შემთხვევაში, თუმცა, ეგ დემოკრატიული სამყაროს ნაწილია, არჩევანი ყოველთვის სწორი არ არის, ხშირად კი უმრავლესობა ცდება. 

ამაზე მაღლა არაფერი დგას ბარსელონაში, არც გვარდიოლა, არც მესი, არც კრუიფი. კლუბი მისდევს ამ პრინციპებს და ვერც გაამტყუვნებ. 

F — Barca Femeni

“ბარსას” ქალთა გუნდი. ნამდვილი საოცრებაა. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში. მახსოვს რა ხდებოდა კუმანის “ბარსას” პარალელურად, ქალთა გუნდის თამაშებს უფრო მეტი ადამიანი ესწრებოდა. მესი ჯერ კიდევ “ბარსაში” იყო, ქალების სანახავად კი მეტი ადამიანი მიდიოდა. რთულია ამის დაჯერება. ამ დროს დავუშვათ ალესია პუტელიასს რომ კაცების მსგავსი ხელფასი მოეთხოვა აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა, რადგან კლუბისთვის დიდძალი თანხები მოიტანა, რაც პირველ რიგში, ბილეთების გაყიდვასა და რეკლამებში აისახა. 

G — Hans Gamper

დამფუძნებელი მამა. “ბარსელონას” ილია ჭავჭავაძე. ჰანსი ბანკირების ოჯახიდან იყო, კარგი საქმოსანიც გახლდათ, ბარსელონა ჩასვლისთანავე შეუყვარდა და დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით ქალაქში შაქრისა და კაკაოს იმპორტიორი გახდა. მის სახელს უკავშირდება პირველი სტადიონის განახლება და მეორე სტადიონის მშენებლობა, იქამდე სანამ “ბარსა” “კამპ ნოუზე” გადავიდოდა. თუმცა, “შავი ხუთშაბათის” შედეგად ყველაფერი შეიცვალა, უოლ სტრიტზე მომხდარმა ცვლილებებმა მის ფინანსებს მაგრად დაარტყა, გამპერი გაკოტრდა და თავი მოიკლა. ისე კი მტრებიც ბლომად ჰყავდა, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, როგორც “უცხოელსა” და როგორც პროტესტანტს. 

H — Hesperia rebellion 

ისპერიას ჯანყი, ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ. დაგვიწერია ამ ჯანყის შესახებ, ჩემპიონთა თასის ფინალში “სტიაუასთან” მარცხის  შემდეგ ნუნიესმა ვენეიბლზი გაათავისუფლა, მის ნაცვლად არაგონესი მოვიდა, რომელსაც სადავეები ხელიდან გაექცა. ვარსკვლავები ამ ცვლილებებით უკმაყოფილონი იყვნენ და “ბარსას” 22-მა ფეხბურთელმა ოტელ ისპერიაში პრესკონფერენცია გამართა, პრეზიდენტს აუჯანყდნენ, არაკეთილსინდისიერებაში დასდეს ბრალი. ნუნიესი პატიოსნებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერეთ “ბარსაში” საპრეზიდენტო და არჩევითი ინსტიტუტი ხელშეუხებელია, ჰოდა, გაუშვა პრეზიდენტმა ერთბაშად 14 ფეხბურთელი. საშველად კი კრუიფთან მიირბინა და დაიწყო ახალი ეპოქა. 

I — Industria stadium

ინდუსტრიის სტადიონი, “ბარსას” პირველი სახლი, სადაც სულ რაღაც ექვსი ათასი ქომაგი ეტეოდა, მერე კი გამპერის სწორი საქმით ისეთი ფეხბურთის თამაში დაიწყეს მოთხოვნა გაიზარდა და სტადიონის ტევადობა 20’000 მდე გაიზარდა. ამ სტადიონს უკავშირდება ქომაგების მეტსახელი – კულე. სიტყვა Cul-დან მომდინარეობს რაც უკანა ტანს ნიშნავს. იმ უხერხულ ადგილს. “ინდუსტრიაზე” მისული ხალხი კიდეზე ჯდებოდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გასწვრივ ჩაივლიდა პირველ რიგში, ქომაგის უკანა ტანს ხედავდა, ჰოდა, თურმე, აქედან მოდის “კულე”. მოუყოლია ეს ამბავი ბიძინა ბარათაშვილსაც, “მადრიდული” ირონიით. 

J — Joan Laporta 

ალბათ, მაინც საუკეთესო პრეზიდენტი კლუბის ისტორიაში. თავის პლუს-მინუსებით. ერთი დიდი შავი ლაქა კი შემორჩა, მესის ვერშენარჩუნების გამო, მაგრამ უდიდესი საქმე იტვირთა და გაართვა კიდეც თავი. მისი პირველი მოსვლა იყო დიდი გამოღვიძება, ჯერ რაიკაარდი მოიყვანა, მერე კი გვარდიოლას დრო მოვიდა. მისი მეორე მოსვლა ძალიან მძიმე დროს დაემთხვა, თუმცა, ვხედავთ რომ უკან არ დაიხია და დიდი რისკის საფუძველზე კლუბი კრიზისიდან ამოდის. მის სახელს უკავშირდება “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციაც, რომელიც ჯერ კიდევ პირველად მოსვლის დროს ჩაიფიქრა. 

ტიტული ბევრია, ვინ მოთვლის.. 

ფეხბურთელებში და მწვრთნელებში კი როგორც წესი, არ ცდება. 

K — Kubala

“ბარსას” ისტორიაში, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. ლაზლო საბჭოთა ჯარებს გაექცა უნგრეთიდან, ჩავიდა “ბარსელონაში” და კლუბში 10 წელი გაატარა. გამოირჩეოდა როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური მონაცემებით. 361 შეხვედრაში 288 გოლი შეაგდო. მოიგო ყველა ტიტული რისი მოგებაც იმ დროს შეეძლო და გახდა ქომაგის საყვარელი ფეხბურთელი. თუმცა, არ ყოფილა უნგეთის ოქროს თაობის წევრი, პუშკაშთან, კოშიჩთან და ზიბორთან ერთად. ალბათ დახვრეტდნენ უნგრეთში ჩასულს. 

L — La Masia 

პრეზიდენტ ნუნიესის ყველაზე დიდი ინვესტიცია კლუბში, მან გადაწყვიტა შენობა, რომელსაც თავის დროზე “კამპ ნოუს”: რეკონსტრუქციისას მუშები იყენებდნენ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დაეთმო და მათი საცხოვრებელი მოეწყო. ასე დაიბადა “ბარსას” სახლი, რომელმაც უდიდესი ფეხბურთელები აღზარდა და აგრძელებს კიდეც ამის კეთებას. შიდა სტრუქტურა დიდი იოჰანის დამსახურებაა, მაგრამ ამ ადგილის შექმნის იდეა ნუნიესს ეკუთვნის. 

M — Lionel Messi

არა მხოლოდ კლუბის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. “ბარსას” საუკეთესო ბომბარდირი, ამავე დროს, ლა ლიგის საუკეთესო მობრადრიდი. არაამქვეყნიური, ბევრის თქმით უცხოპლანეტელი, უბრალოდ კარგი ადამიანი – ლიონელ მესი. დაუთვლელი ოქროს ბურთებით, ყველაზე მეტი გოლით კლასიკოების ისტორიაში. სიტყვით რომ შესაძლებელი იყოს ამ კაცის სიდიდის აღწერა, გავაგრძელებდი და ვეცდებოდი, მაგრამ შეუძლებელია, ვერა სიტყვა ამ პატარა გოლიათს ვერ დაიტევს. 

N — Nunez

ჟოზეპ ლუის ნუნიესი. ვახსენეთ უკვე რამდენჯერმე. მისი ხსენების გარეშე “ბარსელონაზე” ვერ ილაპარაკებ. ბოლოს და ბოლოს 22 წელი გაატარა კლუბში. 1978-დან 2000 წლამდე. დიდად არ უყვარდათ ფეხბურთელებს, უფრო მეტიც, ვერ იტანდნენ. ვერც კრუიფი, ვერც მარადონა, ვერც რონალდო, ვერც რივალდო, რომარიოს ფეხზე ეკიდა, მესი კიდევ არ მოსწრებია. ბარსელონელი ფლორენტინო პერესი იყო, არ არსებობდა ფეხბურთელი, რომელსაც ხელში ვერ ჩაიგდებდა, კარგი ბიზნესმენიც იყო და სამშენებლო კომპანიაც ჰქონდა მასაც და მის ოჯახსაც. 2011 წელს გამოძიება დაიწყო საგადასახადო დარღვევებთან დაკავშირებით, 2014 წელს პატიმრობა მიუსაჯეს, ექვსი წლით, მერე ორ წლამდე შეუმცირეს, სასჯელი მოიხადა, გამოვიდა ციხიდან და ორ წელში გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. 

O — Olympians 

აქ სტატიის ავტორს სურს აღნიშნოს რომ “ბარსელონა” მხოლოდ ფეხბურთს არ მოიცავს, სხვადასხვა სახეობებში ჰყავს გუნდი და ოლიმპიურ თამაშებს ყველაზე დიდი წარმომადგენლობით ხვდება. მერე ამატებს, “მეტი ვიდრე კლუბი” სწორედ ამას ნიშნავსო. მეტი არაა ჩემი მტერი მაგას ნიშნავდეს. 

P — Pep Guardiola 

ყველაზე წარმატებული მწვრთნელი “ბარსას” ისტორიაში, კარიერის მერე ვინ იცის ეგებ ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელიც შეიქნას. არც თუ ისე დიდი ხანი დაჰყო “ბარსელონაში”, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა და იმის მერე ყველას გვაფიქრებს, რა მოხდებოდა რომ დარჩენილიყო, როგორ წარიმართებოდა კლუბის ბედი, გაგრძელდებოდა თუ არა მისი დომინაცია მსოფლიო ფეხბურთში. 

პეპის “ბარსა” ბევრი ვერსიით ისტორიაში საუკეთესო კლუბია. ჩემთვის ნამდვილად ასეა. 

Q — Quini 

ამ კაცზე უკვე დავწერეთ და უბრალოდ ლინკზე შეგიძლიათ გადახვიდეთ.

R — Ronaldinho 

აი აქ კი ავტორს არ დავეთანხმები, არა მხოლოდ რონალდინიოს, არამედ, ყველა დიდ ბრაზილიელს ჩამოვწერდი, გაგვიმართლა და ყველას სახელი რ-ზე იწყება: რომარიო, რონალდო, რივალდო, რონალდინიო. ღმერთმა ქნას რაფინიაც გახდეს ამ სიაში მოხვედრის ღირსი. 

რონალდინიოს გავლენა კი მართლაც ძალიან დიდი იყო. ბოლომდე რეალიზდა “ბარსაში” და რაღაც სიგიჟე დაიწყო თანამედროვე ფეხბურთში. სულ სიცილ-სიცილით ამოიყვანა “ბარსა” კრიზისიდან. ეგეთი ბედნიერი “კამპ ნოუ” არასდროს ყოფილა. 

S — Sunol

ჟოზეპ სუნიოლ გარიგა “ბარსას” პრეზიდენტი 1935 წელს გახდა, თუმცა, კლუბის წევრი 1928 წლიდან იყო. კარგი ადვოკატი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გახლდათ. აქტიურად იყო ჩაბმული ქალაქის დასაცავად. 1936 წელს სუნიოლ გარიგა მგზავრობის დროს ფრანკოს ფაშისტებმა ამოიცნეს, სამოქალაქო ომის პერიოდში და სიკვდილით დასაჯეს. ამან “ბარსელონასა” და “მადრიდს” შორის სიძულვილი სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. (ან, ჩაიყვანა, როგორც გენებოთ). 

T — Tenerife 

“ტენერიფე” “ბარსას” ძმაკაცია. 1992 და 1993 წლებში, “ბარსა” და “მადრიდი” მხარდამხარ იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. ბოლო ტურში მადრიდელები ტენერიფეში უნდა ჩასულიყვნენ და ორივე სეზონში, წარმატების შემთხვევაში ჩემპიონები ხდებოდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხელი მოეცარათ. “ტენერიფემ” კრუიფის “ბარსელონა” ორჯერ გააჩემპიონა. 

U — United States tour 

ამ ამბავზეც დაგვიწერია, როგორ გაექცნენ “ბარსელონელები” სამოქალაქო ომს და სიკვდილს. როგორ გადარჩა “ბარსა” განადგურებას. შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ. 

V — Tito Vilanova 

ტიტო დიდი დანაკარგია კლუბისთვის. არავინ იცის რა სახელს დატოვებდა “ბარსელონაში”, თუმცა, გვახსოვს რომ დიდებულად დაიწყო სეზონი. ალბათ, სწორი გადაწყვეტილება იყო მისი დანიშვნა, გვარდიოლას მერე იმ კაცს უნდა აეღო საჭე, რომელიც კარგად იცნობდა მის მეთოდებს. თუმცა, არ გაგვიმართლა, არც ჩვენ, არც ტიტოს, არც “ბარსელონას”. ვილანოვას სიმსივნე დაუდგინდა და იბრძოლა კიდეც, რამდენჯერმე დაბრუნდა პოსტზე, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა ამ საშინელ სნეულებასთან. 

W — Wembley 

“კამპ ნოუს” შემდეგ “ბარსას” საყვარელი სტადიონი. 1992 წელს “ბარსამ” თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამ სტადიონზე მოიგო. 19 წლის შემდეგ კი ისევ “უემბლიზე” იზეიმეს გამარჯვება. გვარდიოლამ ამ სტადიონზე ფინალი ჯერ ფეხბურთელის რანგში მოიგო, შემდეგ კი მწვრთნელის. 

X — Xavi 

გაუბრაზდა ქომაგი ცუდი ფეხბურთის გამო, ჯერჯერობით ვერ იქცა იმ დონის მწვრთნელად როგორი ფეხბურთელიც იყო, მაგრამ მაინც ხელშეუხებელი ფიგურაა. დიდებული “ბარსელონას” ტვინი და ძრავი. ჩავის გარეშე “ბარსა” ისევ დაფრინავდა, მაგრამ რაღაც ძალიან შეიცვალა, მოედნის ცენტრში დომინაცია აღარ იყო ისეთი, როგორც ადრე. მისი ადგილი ყოველთვის იქნება “ბარსელონას” ყველა დროის სიმბოლურ გუნდში. 

Y — Yokohama 

აქ ავტორმა იოკოჰამა ჩააკვეტა, აქაოდა “ბარსამ” აქ მოიგო საკლუბო ჩემპიონატიო. კაიბატონო. იყოს ასე. 

Z — Ricardo Zamora 

ყველაზე ცნობილი მეკარე ლა ლიგაში. მეკარე, რომლის სახელსაც ატარებს საუკეთესო მეკარის ტიტული. 

აჰა, ესეც ჩვენი ანბანი. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • არგენტინა
    schedule 15 დეკ 2024, 00:49
    #29

    Lionel Messi 🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷

  • Tazuna
    schedule 12 დეკ 2024, 03:49
    #28

    დიდი მოვლენაა ისე დიდი. ძაან გავინართლა. ყველას თითოეულს ამ მოვლენის გამო.

  • nika 54
    schedule 11 დეკ 2024, 15:36
    #27

    ლათინური ანბანის მიხედვით ჩამოუყვნენ და თითო ასო თითო ფეხბურთელს, ან მოვლენას მიაკუთვნეს. ყველას თავისი აზრი აქვს, მე რაღაცებში ვერ დავეთანხმე ავტორს, ჰოდა, მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით.
    გეთანხმები ფეოლა ვერც მე ვეთანხმები, რაღაც უაზრობაა ხან გვარი ხან ამბავი. ორი სია გაეკეთებინთ ერთი გვარებით და მეორე ისტორიული ფაქტებით. ასე ბევრი ისტორიული ფაქტი ვერ გაგვახსენეს და ბევრი კარგი ფეხბურთელიც გამოტოვეს.

  • Iniesta_8
    schedule 10 დეკ 2024, 23:10
    #26

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: nikusha
    ,,ბარსელონას" მეტოქე ,,ლა კოპაზე" ცნობილია

    მაშ ასე, უკვე ცნობილია, რომელიც გუნდის წინააღმდეგ გამართავს კატალონიური კლუბი Copa Del Rey-ს 1/16 ფინალის დაპირისპირებას.

    „ბლაუგრანას“ მეტოქე „ბარბასტრო“ იქნება, შეხვედრა სტუმრად გაიმართება, თარიღი და დრო კი მალე გახდება ცნობილი (4 ან 5 იანვარი).


    ჩვენ მაინც დავწეროთ რამე ადმინებს შვებულება აქვთ აღებული blush


    😀😀😀 ქვეყანაში პრობლემა მარტო ის ყოფილა თურმე ბარსამანიაზე სტატიები რომ არ იდება


    შენს კომენტარს ცოტა ვერ გავუგე რისი თქმა უნდა. ბარსამანიის პრობლემა ისაა რომ სტატიები არ იდება, სხვა რა შეიძლება გვინდოდეს საფეხბურთო საიტისგან?

  • MESSI 2017
    schedule 10 დეკ 2024, 22:43
    #25

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: nikusha
    ,,ბარსელონას" მეტოქე ,,ლა კოპაზე" ცნობილია

    მაშ ასე, უკვე ცნობილია, რომელიც გუნდის წინააღმდეგ გამართავს კატალონიური კლუბი Copa Del Rey-ს 1/16 ფინალის დაპირისპირებას.

    „ბლაუგრანას“ მეტოქე „ბარბასტრო“ იქნება, შეხვედრა სტუმრად გაიმართება, თარიღი და დრო კი მალე გახდება ცნობილი (4 ან 5 იანვარი).


    ჩვენ მაინც დავწეროთ რამე ადმინებს შვებულება აქვთ აღებული blush


    😀😀😀 ქვეყანაში პრობლემა მარტო ის ყოფილა თურმე ბარსამანიაზე სტატიები რომ არ იდება

  • Bakero
    schedule 10 დეკ 2024, 22:13
    #24

    მეკარე ძალიან სერიოზული პრობლემაა ! კელეჰერი ნიუკასლთან თამაშის შემდეგ გავიგე რატომაც არის N2 მეკარე (ედერსონის შემცვლელი) ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა ლივერპულს და პერსონალურად კელეჰერმა ლივერპულის დატრიალებული მოგებული თამაში გაანიავა ორი ისეთი გოლი გაუშვა პრეტენზია რომ გაქვს ძირითადზე ეგეთ ბურთებს არ უნდა უშვებდე ! პენიას ლივერპულის ვერსიაა

  • Iniesta_8
    schedule 10 დეკ 2024, 21:12
    #23

    ციტატა: nikusha
    ,,ბარსელონას" მეტოქე ,,ლა კოპაზე" ცნობილია

    მაშ ასე, უკვე ცნობილია, რომელიც გუნდის წინააღმდეგ გამართავს კატალონიური კლუბი Copa Del Rey-ს 1/16 ფინალის დაპირისპირებას.

    „ბლაუგრანას“ მეტოქე „ბარბასტრო“ იქნება, შეხვედრა სტუმრად გაიმართება, თარიღი და დრო კი მალე გახდება ცნობილი (4 ან 5 იანვარი).


    ჩვენ მაინც დავწეროთ რამე ადმინებს შვებულება აქვთ აღებული blush

  • nikusha
    schedule 10 დეკ 2024, 16:49
    #22

    ,,ბარსელონას" მეტოქე ,,ლა კოპაზე" ცნობილია

    მაშ ასე, უკვე ცნობილია, რომელიც გუნდის წინააღმდეგ გამართავს კატალონიური კლუბი Copa Del Rey-ს 1/16 ფინალის დაპირისპირებას.

    „ბლაუგრანას“ მეტოქე „ბარბასტრო“ იქნება, შეხვედრა სტუმრად გაიმართება, თარიღი და დრო კი მალე გახდება ცნობილი (4 ან 5 იანვარი).

  • La Pulga10
    schedule 10 დეკ 2024, 15:19
    #21

    ციტატა: Iniesta_8
    განაცხადი დაიდო დორტმუნდთან თამაშის არაუხო დაბრუნდა და სხვა სიახლეებიცაა რატომაა ეს საიტი ასეთი მკვდარი.


    კაია მაგის დაბრუნდება. დაცვა მაინც სუსტია,რაც არ უნდა ვაქოთ. არაუხოს ჯანი და სისწრაფე არავის აქვს.1-1 ზე საუკეთესოა. იმედია ფორმასაც აღიდგენს და სისულელეებს თავს დაანებებს.