საუკეთესოები ევროზე – N2: ჩავი ერნანდესი – როგორ დაიბადა დიდი დუო

საუკეთესოები ევროზე – N2: ჩავი ერნანდესი – როგორ დაიბადა დიდი დუო

ჩვენი მეორე ადგილოსანი ის კაცია, რომელიც მცირე ხნის წინ სახლში გაუშვეს, მაგრამ მაინც, ღირსეულად წავიდა. “ბარსელონელები” ასე მიდიან. კლუბი წიხლს ურტყამს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტის გამო თანხას არ ითხოვენ და არც სასამართლოში გარბიან. დრო იყო ეს კაცი ჩვენი მთავარი წარმომადგენელი იყო ესპანეთის ნაკრებში, მერე კი გაიზარდა კატალონიური კვოტა. 

სხვათა შორის, მხოლოდ კასილიასს არ საყვედურობდნენ ჩავისთან მეგობრობას, მსოფლიო ჩემპიონობის მერე ერთი-ორჯერ ჩავიმაც გაიქნია ესპანეთის დროშა, რის გამოც ბოდიშები ახდევინეს ბარსელონაში. კი გიხარია ძმაო, თქვენ გამო ჩვენც გვიხარია, მაგრამ ეგრეც არ არის საქმე დროშა იქნიოო. 

უცნაური ამბავია. პოლიტიკური ამბავია. 

ჩავისა და კასილიასის მეგობრობა კი კარგი ამბავია. მეგობრობა რომ იმარჯვებს ეგ ამბავია. 

როგორ დაიბადა ჩავიესტა 

ერნანდესმა ევრო 2004 ზეც ითამაშა, მაგრამ ამ ჩემპიონატს რამდენჯერმე შევეხეთ და აღარ ღირს გახსენებად, მით უმეტეს, რომ ესპანეთისთვის კარგად არ დასრულებულა. სამაგიეროდ, ღირს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა ხებოდა “ბარსელონაში” რაიკაარდის ბოლო სეზონში. ესე იგი, 2007/08 წლების სეზონში, რომელსაც ჯერ ევრო მოჰყვა, მერე კი დიდი ცვლილებები კლუბში. 

მოლოდინი ძალიან ძალიან დიდი იყო, რადგან ლიონელ მესის გიჟურ პროგრესს ყველა ხედავდა, ამას კიდევ ლეგენდარული ტიერი ანრის ტრანსფერიც დაემატა და ერთადერთი კითხვა გაჩნდა – სად და როგორ ითამაშებს ოთხივე? – რონი, ეტო’ო, მესი, ანრი? სად, როგორ? 

გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს მიქაელ ლაუდრუპი და ხრისტო სტოიჩკოვი, ყველა სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობდა, ყველა ჭკუას არიგებდა ფრანკ რაიკაარდს.”ბარსას” კი ყველა ფრონტზე ფავორიტად თვლიდნენ. 

ისიც ითქვა რონალდინიო ათიანზე შემოიწევა, ანრი მის ადგილზე დადგება და დეკუს გადასვამენ სკამზე. საყრდენ ნახევარმცველს კი ჩავი ამოუდგება გვერდითო. მაგრამ, ინიესტა? ეს ჯადოქარი სადღა მიჰყავთ? დეკუს ინიესტაც უნდა მიამატონ? გადახედავ შემადგენლობას და მართლა სიგიჟეა! ამდენი ვარსკვლავი ერთ გუნდში მართლა წარმოუდგენელია. 

მაგრამ ყველაფერი აირია – სეზონის დაწყებისთანავე სამუელ ეტო’ომ მძიმე ტრავმა მიიღო. თურმე, სეზონის წინ კონკურენციის შიშით იმდენი ივარჯიშა, რომ მყესები მაქსიმალურად ჰქონდა დაჭიმული, ექიმმა გააფრთხილა დასვენების დროაო, მაგრამ ყურად არ იღო და დაისაჯა. 

მესიმ ლაპორტასგან ძირითადში ყოფნის გარანტია მოითხოვა და მიიღო კიდეც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან დროს მანაც ტრავმები მიიღო. ერთხელ ტრადიციულად კუნთი გაიწყვიტა, მეორედ კი ფეხი მოიტეხა – ტერფის ძვალი გატყდა “სელტიკთან” მატჩში. 

ტრავმებს არც ანრი უჩიოდა, რონალდინიომ კი ისე აურია კაციშვილი ვეღარ პულობდა მოედანზე. ამის გამო ეტო’ო დაუპირისპირდა – მე გიჟივით ვვარჯიშობ და შენ რა ჯანდაბას აკეთებო?! იყო გაწევ-გამოწევა და მერე საჯაროდაც შერიგდნენ, მაგრამ გუნდში დიდი არეულობა იყო და სამი ბანაკი მივიღეთ – ლამასიელების, ბრაზილიელების და ფრანგულ/აფრიკული. 

არ გამოგვრჩეს, რომ რაიკაარდი სულ მარტო იყო, აბსოლუტურად ცალკე. 

ამიტომ, ამ ვარსკვლავთცვენაში წარმოუდგენლად დიდი დრო მიიღეს ბოიან კრკიჩმა და ჯოვანი დოს სანტოსმა, აბა, ვინ იფიქრებდა ამას სეზონის წინ?! 

ჰოდა, ამ არეულობაში, ამ ქაოსში, დაიბადა გენიალური დუეტი – ჩავიესტა. 

ევრო 2008 – დიდი ტრიუმფი

ფრთები გაშალეს! – კონტრასტი ძალიან დიდი იყო. ეს ორი კაცი არეულ-დარეულ “ბარსელონას” მარტო მიათრევდა, ნაკრებში კი იდეალური ბალანსი ჰქონდათ, ყველგან უმაღლესი კლასის ფეხბურთელით მიიღეს შევსება. არაგონესიც შესაქები კაცია, რადგან ჩაგდებული სეზონის მიუხედავად მაინც ენდო ჩავისა და ინიესტას. ის იყო კაცი, რომელმაც ეს ორი განუყრელად აქცია, თორემ, რაიკაარდს ასე მყარადაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ინი ხან გარემარბი იყო, ხან საყრდენი. ჩავისაც ხან საყრდენზე გადაწევდა, ხან რვიანზე ამოწევდა. საკმარისი ნდობა არც ერთს არ ჰქონია. არაგონესი კი ენდო. მართალია ესპანეთის ნაკრებში ინიესტას ასევე ფლანგზე მოუძებნეს ადგილი, მაგრამ ის გარემარბი არასდროს ყოფილა, არაგონესი ყოველთვის საკმარის თავისუფლებას აძლევდა. ინიესტაც მოძრაობდა იქ, სადაც თავად სურდა. 

ის რაც რუსეთის ნაკრებთან ვნახეთ, ნახევარფინალში, მომავალში კიდევ ბევრჯერ დაგვხვდა წინ, ინიესტამ მოიგდო ბურთი ფეხებში და უბრალოდ ძალიან ძლიერად გაუშვა მცველებს შორის დარჩენილ სივრცეში, იქ კი, რა თქმა უნდა, ჩავი დახვდა ბურთს. 

ძალიან ძალიან ბევჯერ გაუთამაშებიათ ეს კომბინაცია. “მადრიდთანაც” სწორედ ეს ამბავი ვნახეთ, იმ დაუვიწყარ შეხვედრაში, რომელიც “ბარსამ” 5:0 მოიგო. 

ევროზე ესპანეთმა ფინალში გერმანიის ნაკრები დაამარცხა. ფერნანდო ტორესს საგოლე პასი ჩავი ერნანდესმა გაუკეთა. ცოტა უცნაურია, მაგრამ ინიესტა სიმბოლურ გუნდში არ მოხვედრილა. ჩავი ერნანდესი კი ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

ორგზის ჩემპიონი 

აი ეს უკვე სულ სხვა ამბავია. იქ თუ დაიბადა ჩავიესტა, ეს ევრო ამ დუეტის ბოლო დიდი გაელვება იყო. ერნანდესმა რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე კარგად ის მატჩი ითამაშა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტურნირის განმავლობაში – ფინალში იტალისთან ორი საგოლე პასი მიითვალა და აბსოლუტურად ყველა შეტევის მთავარი ორგანიზატორი იყო. 

ეს სხვა ამბავია, რადგან ამ ევრომდე ჩავი ერთიორად გაიზარდა. მისი კარიერის დასაწყისი არ ჰგავდა ინიესტას გამოჩენას. ვან გაალმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში დააწინაურა, მაგრამ ინიესტას მსგავსი შთაბეჭდილება თავიდანვე არ მოუხდენია. შესაძლოა, იმიტომ, რომ არასდროს ყოფილა დრიბლიორი, არასდროს მიდიოდა რამდენიმე მეტოქეზე, პირიქით, სულ თავისუფალ სივრცეს ეძებდა, ტრიალებდა ამ სივრცეში იქამდე სანამ შეტევის საუკეთესო გაგრძელებას არ იპოვიდა და მერე გააკეთებდა კიდეც თავის განთქმულ პასს. 

იმ დაბეჩავებულ “ბარსელონაშიც” ჩავი იყო მთავარი მეპასე. საჭირო კაცი იყო რაიკაარდის გუნდშიც, მაგრამ არასდროს ყოფილა შეუცვლელი. როცა ნიდერლანდელმა თავისი თანამემამულე ვან ბომელი მიიყვანა გუნდში, ჩავის პოზიციები შეირყა კიდეც, ამას ლონდონიდან ჟოზე ადევნებდა თვალყურს და ეგრევე წინადადებით მიმართა, ჩავიმ კი პირდაპირ და ცოტა არაგონტულად უპასუხა – საერთოდ არ არსებობს “ბარსას” დატოვების საფუძველი, ჩემ ადგილს ვერავინ დაიკავებსო. 

დაიკავა ვან ბომელმა, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მისი ტრავმის გამო. ჩავი ექვსი თვით გამოაკლდა “ბარსას”, გუნდმა კი იარა იარა და ლიგა მოიგო. მის გარეშე მოხდა ეს ამბავი. ისღა მოასწრო სეზონის ბოლოს განაცხადში მოხვედრილიყო. საოცარია, მაგრამ “არსენალთან” ფინალში ჩავიც და ინიესტაც სკამზე იჯდნენ. ახალგამოჯანმრთელებული მესი კი განაცხადს მიღმა დატოვეს, ამის გამო გაბრაზდა და საზეიმო ცერემონიას არ დასწრებია. 

სხვა ხალხი იგებდა მაშინ თამაშებს. პეპმა კი ის სხვა ხალხი გუნდიდან გაუშვა, ლამასიელებს კი უთხრა რომ მათი დრო მოვიდა. გუნდი კრუიფის გზას უნდა დაბრუნებოდა, ამ გზაზე კი სწორედ ამ სამეულს უნდა ეარა. 

ჰოდა იარეს, მაგრად იარეს. დაიბყრეს ყველაფერი რაც დასაბყრობი იყო და მეორე წრეზეც წავიდნენ, ასე რომ ევრო 2012 ზე ამ დუეტს აღარაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი. უბრალოდ, ხალხს აინტერესებდა შემორჩენილი ჰქონდათ თუ არა მოტივაცია, მოგების წყურვილი, საჩემპიონო განწყობა… ჰქონდათ რომელია. დააკლეს ფინალში იტალია. გამოიჭირეს პირლო ცენტრში და შავ დღეში ჩააგდეს. 

არაგონესი და ბოსკე გასაგებია, მაგრამ პეპ გვარდიოლას არანაკლები წვლილი მიუძღვის ესპანეთის კორონაციაში. ფაქტობრივად, რომის იმპერიად აქციეს ეს ნაკრები. ამ გუნდის გული კი ჩავი ერნანდესი იყო, აი, სულზე ხვალ ვისაუბროთ. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Albicelecte
    14 ივნ 2024, 16:07

    ალბათ ინი იქნება პირველი?! თუ ჩავიესტა ნომერ 2 ერთად?!
    მე თუ მკითხავთ, ევროს ისტორიაში პირადი პერფორმანსით ნომერ პირველი მაინც მიშელ პლატიონია, 1984 წლის ჩემპიონატით;
    5 მატჩი, 9 გოლი პლუს ერთიც საგოლე გადაცემა; თანაც კაპიტნის სამკლაურით მოგებული ევროპა, ლიდერი+კაპიტანი+ბომბარდირი barca-5

  • nika 54
    14 ივნ 2024, 16:04

    გამოიჭირეს პირლო ცენტრში და შავ დღეში ჩააგდეს.
    და ეს დასწყისი იყო, მის მერე რამდენი გამოიჭირეს და დააჩმორეს მაგას ვინ გაიხსენებს.

  • C.PC5
    13 ივნ 2024, 23:58

    ინტრიგაში ვარ ჩავი თუ მეორეა პირველი ინიესტაა ლოგიკურად 😁