გულშემატკივარი, რომელიც მოედანზე ცარიელი ტრიბუნიდან შეიჭრა

გულშემატკივარი, რომელიც მოედანზე ცარიელი ტრიბუნიდან შეიჭრა

გუშინ “ბარსელონა” ლა ლიგას დამაჯერებელი გამარჯვებით დაუბრუნდა. 27-ე ტურს ლა ლიგის ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, იმასთან ერთად, რომ ეს მატჩები 100-დღიან პერიოდში პირველი გახლდათ, ასევე, ლა ლიგისთვის ეპიდემიისგან თავდაცვის ერთგვარი გამოცდაც იყო.

რამდენიმე დღის წინ, ნელსონ სემედუ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან საღამოს, რომელზეც იგი იყო, დაახლოებით, ოცი ადამიანი ესწრებოდა და მათ შორის არც სოციალური დისტანცია იყო დაცული და არც პირბადე ეკეთა ვინმეს. გავრცელებულ ფოტომასალაში არც სადეზინფექციოს ხსნარის დისპენსერები ჩანდა, მაინცდამაინც. ტებასისგან სრულად გუნდის იზოლირების მუქარანარევი განცხადებაც კი მოვისმინეთ. 

არტურის შემთხვევაც გვახსოვს, როგორ დაარღვია ლა ლიგის სანიტარული პროტოკოლი და “სიუტატ ესპორტივაზე” ორი სხვადასხვა მანქანით მივიდა. ერთი სიტყვით, ჩანდა, რომ ესპანური ფეხბურთის მესვეურები ვითარებას სერიოზულად ეკიდებოდნენ. იგივე ტებასი დაგვპირდა, თამაშების დროს რისკი, თითქმის, არ იარსებებსო. თუმცა უშეცდომო არავინაა, განსაკუთრებით, ლა ლიგის ორგანიზატორები.

“მალიორკასთან” მატჩის მეორე ტაიმში, გრიზმანისგან რაიმე ღირებულის ხილვის მოლოდინში, უეცრად, მოედანზე, “პირბადის გარეშე”, არგენტინის 10-ნომრიან მაისურში, უცხო ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ძალზედ მშვიდად ცდილობდა ჟორდი ალბასთან სელფის გადაღებას. ოპერატორებისთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კადრის შესაცვლელად გარკვეული დრო დასჭირდათ. ამასობაში, კი ვხედავდით, როგორ განაგრძო სვლა სტუმარმა მოედნის სიღრმისკენ, ლეო მესისთან ჩახუტების სურვილით. მცირე ვოიაჟის შემდეგ, იგი გაიყვანეს მინდვრიდან, თუმცა მან არსებული გამოწვევების მიმართ ლა ლიგის მზადყოფნის შესახებ კითხვები მაინც დაგვიტოვა.

თამაშის შემდეგ გაირკვა, რომ მას ეს ყველაფერი პანდემიამდე ჰქონდა დაგეგმილი.

“მესისთან ფოტოს გადაღება კორონავირუსამდე მქონდა გადაწყვეტილი. სტადიონზე მეგობრებთან ერთად მე-40 წუთზე მივედი, ორმეტრიან ღობეზე გადავძვერი და კიბეებით მოედნისკენ დავეშვი. ჟორდი ალბამ ჩემი იგნორირება სცადა, მაგრამ ფოტო მაინც გადავიღე.

მესისთან ფოტო ჩემი ოცნებაა, მაგრამ გადაღება ვერ შევძელი. შემდეგ, პოლიციამ ალბასთან ფოტო წამაშლევინა, ჩემი მონაცემები ჩაიწერეს და შემატყობინებენ, მექნება თუ არა ჯარიმა გადასახდელი”, – თქვა ახალგაზრდა, დაუპატიჟებელმა სტუმარმა.

უმაყურებლო ტრიბუნებიდან მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა – წინადადება, რომელიც ყველაზედ უკეთ გამოხატავს ლა ლიგის ორგანიზატორულ უნარებს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=yQj19jOItzA]

ასევე, რამდენიმე თვის წინ, ვიხილეთ, თუ როგორ ქმნის “ნელსონ სემედუ” ლა ლიგის ისტორიას

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • Kolxi
    14 ივნ 2020, 15:31

    საღოლ,შემსრულებელია 😊

  • Messi🐐🐐❤❤
    14 ივნ 2020, 12:29

    :DD მეც გამიკვირდა დაცვა რისთვის იდგაო და აი :DD