მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მესის შოუ და დიდი დანაკლისი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მესის შოუ და დიდი დანაკლისი

 მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდ არაუხო დაისვენებდა, წინ ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველის და ლოგიკურად უნდა დაესვენა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, საბოლოო გადაწყვეტილება კუმანმა მიიღო და შეცდა. დაცვის მთავარი იმედი დავკარგეთ, ჯერ უცნობია რამდენი ხნით, მაგრამ ტრავმის მომენტს თუ გავიხსენებთ შეუძლებელია პსჟ-თან ითამაშოს, ხელს კოჭზე იკიდებდა, მუხლზეც ძალიან ცუდი დაწოლა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა. იმედია, არაუხოსთვის სეზონი არ დასრულებულა.

რატომ არის რთული არაუხოს ჩანაცვლება ამაზე ადრეც გვისაუბრია, „ბარსას“ მის გარდა ორი ცაცია ცენტრალური მცველი ჰყავს - უმტიტი და ლანგლე, რამდენჯერმე ვალვერდემ სცადა მათი ერთად გამოყენება და სრული კატასტროფა მივიღეთ, ეს ყველაზე ცუდი დაცვის წყვილია, რომელიც შეიძლება, რომ მწვრთნელმა გამოიყენოს.

გვყავს მინგესა, მაგრამ დესტის და ტრავმირებული რობერტოს გადამკიდე მარჯვენა მცველად უწევს თამაში, მერვედფინალისთვის ამზადებენ და მისთვის პოზიციის შეცვლა ვერ იქნებოდა გონივრული, აი ამიტომ გავრისკეთ და დავისაჯეთ.

პირველი ტაიმი

საშინელი ტაიმი ჩავატარეთ, უფრო სწორად ტაიმნახევარი, კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით, ყველაფერი ცუდი იყო იქამდე, სანამ მესი გამოვიდოდა მოედანზე. რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს რომელთაც შეტევის ორგანიზება შეუძლიათ და არც ერთი არ იყო მოედანზე - მესი, პედრი, დე იონგი, ჰოლანდიელი პირველივე ტაიმში გამოვიდა, მაგრამ დაცვის ცენტრში.

გრიზმანი დამაგვირგვინებელ ფაზაში გვახსენებს თავს, დემბელე კი ისევ და ისევ მარტო ცდილობს რაღაცის გამოძერწვას, ხან გამოსდის, ხან არა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასდროს არის საერთო ტაქტიკის ნაწილი. რაც შეეხება ბრეითუეიტს, მთავარი შესაქები ყოველთვის ის გვქონდა, რომ ორთაბრძოლების უმრავლესობას იგებდა, ახლა ეგეც არ გამოუვიდა.

შეტევის ორგანიზება პიანიჩსა და რიკი პუჩს უნდა ეკისრათ, მაგრამ დავალებას თავი ვერ გაართვეს, მთელი ტაიმი უღიმღამო ფეხბურთს ვუყურეთ.

გოლს რაც შეეხება, არ ვიცი რას აკეთებდა სერჟიო ბუსკეტსი, ფეხბურთში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი, რა დონეზე უნდა იყო თამაშს მოწყვეტილი, რომ ასეთ დროს თამაშგარე მდგომარეობა მოგეჩვენოს და თუნდაც ასე ჩაგეთვალა, როგორ შეიძლება მეტოქისთვის ხელის შეშლის ნაცვლად, ხელაწეული მდგარიყავი, ასეთი მოძრაობით ტრანსპორტს აჩერებენ, ბუსკეტს როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ მოედანზე იყო და არა გაჩერებაზე, მატჩის შემდეგ, რომ ტომოგრაფია ჩაეტარებინა, იქნებ რაღაც პასუხებიც მიგვეღო, მაგრამ ჯანდაბას, არ გვინდა სამედიცინო გამოკვლევები, დარჩეს მეხსიერებას ხელაწეული ბუსკეტსი, სახალისო მაინც არის.

აი რომ წაგვეგო, სატირალი იქნებოდა.

მეორე ტაიმი

პედრის გამოსვლამ სურათი მცირედით შეცვალა, რიკისთან ერთად მოედნის ცენტრის კონტროლი თავის თავზე აიღო და პირველ ნომრად დავიწყეთ თამაში, აი მესის გამოსვლის შემდეგ რადიკალური ცვლილება მოხდა, თითქოს უკვე შევეჩვიეთ იმ სხვაობას, რასაც მესი ქმნის მოედანზე, მაგრამ ყოველი ნახვისას გაოცებას იწვევს.

გუნდის ასეთი გარდაქმნა არავის შეუძლია, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი ვნახეთ, მესიმდე და მესის შემდეგ, არადა ერთი კაცი გამოვიდა მოედანზე.

წარმოუდგენელი ამბავია!

ლეოს უყვარს „ბეტისი“, ამ სტადიონზე შოუ რამდენჯერმე დაუდგამს და ტაშიც დაუკრავთ, ამჯერად მხოლოდ DJ იყო ტრიბუნებზე და ვერ გაიმეტა აპლოდისმენტები, არადა იმსახურებდა.

ძალიან მაგარი გოლით გაათანაბრა და მაშინვე იგრძნობოდა, რომ მალევე წინ გავიდოდით, ოღონდ გრიზმანს ძველი ინსტიქტები თუ დაუბრუნდებოდა ნამდვილად აღარ მეგონა, უკვე დავიწყებულიც კი მქონდა, რომ ასეთი ფოკუსების კეთება შეეძლო, მარცხენა მოიქნია და მარჯვენაში გაირტყა, თან ისე, რომ მცველს გაატანინა თავის კარში! პირველად, რომ ხდებოდეს კარგი, მაგრამ ეს მოძრაობა უკვე გრიზმანის საფირმო ფინტად ყალიბდება.

მესის პასებზე რა უნდა ვთქვა?! კარგ დროში ვცხოვრობთ, „იუთუბი“ არსებობს და ვინც თამაშს ვერ უყურა გამეორებას ნახავს, ვინც უყურა ისიც ნახავს, თანაც ბევრჯერ, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, მაინც არ გბეზრდება და გონებაში ის პასიც მივუშვით ადრესატამდე, რომელიც გრიზმანმა ჩაჭრა, კიდევ ერთი შედევრი გაფუჭდა, იყო დრო, ასეთ დამალულ პასს დავიდ ვილა ხვდებოდა ხოლმე, ახლა ალბა მიქროდა, მაგრამ გრიზმანმა ჩაყლაპა.

პასის სამი კატეგორია ყველასთვის ცნობილია და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო, სხვაგვარად არ გამოვა, ყველაზე მარტივი არის პასი, რომელსაც ყველა თანაბრად ხედავს, ყველა ფეხბურთელი და ყველა გულშემატკივარი, თუ ადრესატამდე მიუშვებ, ესე იგი, მაგარი მეპასე ხარ.

მეორე ადგილზე არიან ის მეპასეები, რომლებსაც შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც ტრიბუნების ზედა ეშელონებიდან ხედავენ, ან რასაც ეკრანზე ვუყურებთ ზედა ხედით, თითქოს შეუძლებელია, რომ მოედანზე ვინმე ისე ხედავდეს ამ ყველაფერს როგორც ჩვენ, მაგრამ არსებობენ ასეთი ფეხბურთელები, ადრეც იყვნენ, ახლაც არიან, ვარსკვლავებად იწოდებიან და მილიონებს უხდიან, ზუსტად ამ უნარების გამო.

მაგრამ, არის მესამე კატეგორია, რომელთა რაოდენობაც საფეხბურთო ისტორიაში, თითებზეც კი დაგვეტევა. უნიკალურ ხალხზეა საუბარი, რომელთაც შეუძლიათ ისეთი პასის გაკეთება, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს, არც მოედანზე ჩანს, არც ეკრანზე, არც ტრიბუნიდან, მხოლოდ მათ გონებაში იხარშება და თანაგუნდელი მზად არის, რადგან იცის, რომ ამ ჯადოქარს ასეთები შეუძლია.

გამარჯვების გოლი

როგორც იქნა, ტრინკაუმ გვანახა თავის ნაქები მარცხენა! ბოლო ტურებში ეტყობოდა, რომ მოუმატა და დრო იყო გოლიც გაეტანა, მშვენიერი მომენტი შეარჩია, გადამწყვეტი გოლი, თანაც ულამაზესი! იყო მცირე რიკოშეტიც, მაგრამ არა ისეთი, რომ მიმართულება მნიშვნელოვნად შეცვლილიყო.

ძირითადისთვის მაინც ადრეა, არა მგონია დემბელეს ამჯობინონ, თუნდაც ისევ გაიბრწყინოს შემდეგ შეხვედრებში, მაგრამ რაღაც ხნით თამაში, ალბათ მოუწევს.

დასვენება, აღდგენითი ვარჯიში და მზადება „სევილიისთვის“! პირველი ნახევარფინალი გასვლაზე იქნება, კუმანს ბევრი საფიქრელი აქვს, პიკე დაბრუნებას ვერ ასწრებს, არაუხო გამოგვაკლდა, უმტიტი-ლანგლეს დუეტი სუიციდის ტოლფასია და დე იონგი რომ დაცვისთვის გავიმეტოთ, შეტევაში ძალიან დიდ ძალას დავკარგავთ.

არ ვისურვებდი კუმანის ადგილზე ყოფნას, არ გამიკვირდება ლურსმანზე დაკიდებული ბუცები, რომ ჩამოხსნას და თავად დაიწყოს თამაში.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 8 თებერვალი 2021 19:55
    0
    ვინ დაგვთარსა იმის....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 თებერვალი 2021 15:12
    0
    თითქოს უმტკივნეულო სიტუაციაში მიიღო ტრავმა.
    წევრი [?]
    #5 8 თებერვალი 2021 11:36
    1
    Silk go ში ვინც ერკვევა იმან გამცეს პასუხი 28 თებერვლიდან პრემიუმ ჯორჯია ფასიანი ხდება?
    [?]
    #4 8 თებერვალი 2021 11:36
    1
    ამიტო უნდა ვითამაშოთ 3 მცველით. 3 ცენტრალური მცველით. შესაბამისად მარჯვნივ არც ცაცია ლენგლეს და არც ცაცია უმტიტის მოუწევთ თამაში. მინგრსა ითამაშებს მარჯვენა მხარეს შეტევებში ნაკლებად ჩაერთვება და მარჯვენა მცველად დადგეს დესტი. შუაში ლენლგე მარცხნივ უმტიტი. ალბა დესტი ფლანგებზე, მარჯვნივ დესტის ნაცვლად დემბელე ტრინკაოდან ერთიც მოჟნა. ნახევარდაცვაში ფრენკი პედრი და წინ ტრიო. გრიზი დაეხმარება ნახევარდაცვას. 5-2-3 ის ვარიანტი. ბუსი დაისვენებს თორე ადამიანს აღარ გავს
    Culé [?]
    #3 8 თებერვალი 2021 10:45
    3
    კუმანი ძირითადში! არანაირი უმტიტი&ლენგლე მაგას ისევ ავტომატური წაგება ჯობია 😆
    Culé [?]
    #2 8 თებერვალი 2021 08:40
    2
    პუჩის თამაშზე რას იტყვით? მე პირადად არ მომეწონა, არამდენჯერმე ძაან უაზროდ დაკარგა ბურთი, გადაადგილებასაც ვუყურებდი და არც ეგ მომეწონა, გამწვავებაზე ნაკლებად ფიქრობს, რის გააკეთებასაც აპირებდა თითქმის ყველაფერი ვიცოდი რას იზამდა,ძაან მარტივად, ამმბიჭის იმედი მქონდა ძაან და ამიტომ დავაკვირდი,შეილება მე ვცდები,მაგრამ რავიცი ესე მომეჩვენა, მიიღე ოასი გაეცი,ვსო,ამას უმეტესობა შეძლებს.....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული მარცხი....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 თებერვალი 2021 07:58
    5
    ეხლა მთავარია არაუხო იყოს ხოდზე პესეჟესთან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued