"ბარსა" VS "ატლეტიკო" - ტოპ 10 მატჩი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნებულია 2020 წელს.
“ატლეტიკოსა“ და „ბარსას“ დაპირისპირება ყოველთვის დიდი სანახაობით გამოირჩეოდა, ბოლო წლებში დიეგო სიმეონემ სპექტაკლი მოკლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეხვედრები მაინც ძალიან საინტერესო გამოდის. უამრავი გამორჩეული შეხვედრა ჩატარებულა და არ მინდა რაიმე გამომრჩეს, ჩემი გემოვნებით ჩამოვწერ და აქცენტს ინდივიდებზე გავაკეთებ, თუ რომელიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამოვტოვებ, მისი ჩამატება თქვენთვის მომინდია.
სტოიჩკოვის ჰეთთრიქი (1992)
1992 წელს, „ბარსა“ ლა ლიგის ეგიდით „ვისენტე კალდერონს“ ესტუმრა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. ბულგარელმა ცაციამ პირველი სამი გოლი შეაგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. „ატლეტიკომ“ მაღალი პრესინგით ითამაშა და კრუიფის გუნდმა ამით ისარგებლა, გვარდიოლასა და კუმანის შორეული პასებით მადრიდელების დაცვა უსაქმოდ რჩებოდა და საქმეს სტოიჩკოვი ასრულებდა.
75-ე წუთზე ბულგარელს პოკერის შესრულება შეეძლო, მაგრამ მცირედით ააცილა, მერე მეტოქის მცველთან შეკამათდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
რომარიოს ბენეფისი და კოშმარული მარცხი (1993)
„ბარსამ“ დაიწყო ბრწყინვალედ, ალბათ სეზონის საუკეთესო პირველი ნახევარი ჩაატარა და ვნახეთ ბრაზილიელი ჯადოქარი, მთელი თავის დიდებულებით. „ატლეტიკოს“ დაცვა ისევ მაღალ პრესინგს თამაშობდა და კრუიფმა ისევ გამოიჭირა, მცველებს ზურგს უკან ბევრი პასი გადიოდა და პირველი გოლიც ასე გავიდა, რომარიომ ბეგირისტაინის პასით შაგდო.
რომარიოს მეორე გოლი „ბარსას“ შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. მცველი ისე გააბითურა ბურთი ძირს არ დაუშვია, ყველაფერს თავის ჯადო ჩააქსოვა და მეორეც შეაგდო. ამის შემდეგ მესამეს გატანაც შეეძლო და არანაკლებ ლამაზად, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა, ბოლოს კი ლაუდრუპის პასი შეირგო და ჰეთთრიქი მაინც შეასრულა.
ასეთი მაგარი პირველი ტაიმი გამოვიდა და რაც მერე მოხდა, „რომასა“ და „ლივერპულს“ გაგვახსენებს.
წავაგეთ. 4:3.
რომარიო-სტოიჩკოვის შეუჩერებლი დუეტი (1994)
დასაწყისში ვიტყვი იმას, რომ რონალდ კუმანს შეეძლო მატჩის ანტიგმირი გამხდარიყო, ჯერ ძალიან უაზრო მომენტში თერთმეტმეტრიანი აიკიდა, შემდეგ ასევე ძალიან უაზრო მომენტში წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ ანტიგმირობისგან რომარიო-სტოიჩკოვის გმირობებმა იხსნეს.
ბრაზილიელმა თავის ჯადო ამ შეხვედრაშიც აფრქვია. სხვა რა დავარქვა მის პირველ გოლს? მარადონას მერე, „ბარსას“ მაისურით მსგავსი რამ არავის უკადრებია.
ამის გარდა, ორი გოლი შეაგდო, ორივე ერთმანეთზე უკეთესი და მსაჯმა არც ერთი არ ჩათვალა, ორივე უსამართლოდ გააუქმა. ასევე, რომარიოს ჯადოქრობას მოჰყვა მეტოქის კარში დანიშნული პენალტი, რომელიც სტოიჩკოვმა ვერ გამოიყენა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრაზილიელმა და ბულგარელმა, მსაჯიან-მცველებიანად, ბურთი ყველას გადაახიეს! მადლობა უხუცესებს, რომ ეს კადრები შემოგვინახეს, ვთვლი, რომ რომარიოს „ვირეშმაკობები“ ყველას ნანახი უნდა ჰქონდეს.
პ.ს: ბოლო წუთებზე სტოიჩკოვი ისევ გააძევეს.
დუბლი მეორე: რომარიო-სტოიჩკოვის კიდევ ერთი გაელვება. (1994)
წინა მატჩების მსგავსად, ეს შეხვედრაც უხვგოლიანი და ლამაზი გამოდგა. რომარიო-სტოიჩკოვი იდეალურად იყვნენ შეთამაშებულები და საერთოდ „ბარსა“ იყო ძალიან კარგი და ძლიერი გუნდი. ტყუილად არ შეურქმევიათ კრუიფის გუნდისთვის „ოცნების გუნდი“. ნამდვილად ოცნებას ჰგავდა ის ყველაფერი რაც „კამპ ნოუზე“ ხდებოდა.
გვარდიოლამ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, ხოლო რომარიომ რა ქნა 77-ე წუთზე, ამის მიხვედრა არ გაგიჭირდებათ.
წავიდა რომარიო, მოვიდა რონალდო (1997)
„ბარსა“, რომ მადრიდში ჩავიდა „ფენომენოს“ უკვე აწყვეტილი ჰქონდა. იმ სეზონში დაუსვეს დიაგნოზი, რომ პელეს დონის ფეხბურთელი იყო. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ მისი შემჩერებლი მცველი დედამიწაზე არ მოიძებნებოდა.
ჩავიდა და გაიფინა „ატლეტიკო“. სამი გოლი შეუგდო და ბოლოს ლუიშ ფიგუსაც გაატანინა. „ფენომენოს“, რომ ლა ლიგის ბოლო ტურები არ გამოეტოვებინა, „ბარსა“ ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებდა, რონალდოს გარეშე კი ყველაფერი რთული იყო.
სეზონის ბოლოს მთავარი ტრაგედია წინ გველოდა. ამ წარმოუდგენლად მაგარი სეზონის მერე, რონალდომ დაგვტოვა და წავიდა იმ კლუბში, სადაც ორი მძიმე ტრავმა მიიღო, რომელმაც მის კარიერას დაღი დაასვა.
მატჩის მიმდინარეობისას, მადრიდელთა ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ლუიშ ფიგუს კინაღამ ფეხი მოამტვრია, ამიტომ მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
საუკეთესო მატჩი კოპა დელ რეის ისტორიაში (1997)
ისტორიას ეს მატჩი სწორედ ასე შემორჩა. „ბარსა“ 4:2-ს აგებდა, 5:4 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. პირველი მატჩი მადრიდში 2:2 დასრულდა, ხოლო „კამპ ნოუზე“ მადრიდელებს რონალდო ელოდათ, რომელმაც ისევ თავ-ბედი აწყევლინა მცველებს და მატჩი შემოატრიალა.
აღსანიშნავია ლუიშ ფიგუს უმნიშვნელოვანესი გოლი და ჩემი აზრით საუკეთესო გოლი არა მხოლოდ მის „ბარსელონურ“ კარიერაში, არამედ საერთოდ, მის საფეხბურთო კარიერაში. კარგი გოლები აქვს გატანილი „რეალის“ კარში, გვახსოვს მისი გოლი „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების კარში, მაგრამ ეს გოლი საუკეთესო იყო.
მძვინვარე ტრიო (2006-2007)
ცუდი სეზონი იყო. საშინელი, კოშმარული დასასრულით, ბოლო ტურში დავთმეთ ლა ლიგა, მაგრამ იყო გამონათებებიც. საქმე გავირთულეთ, რადგან ეტო’ოს მძიმე ტრავმა ჰქონდა, მესის კი ქრონიკული ტრავმები აწუხებდა, რონალდინიომ ნელ-ნელა დაღმა სვლა დაიწყო და ვერ იყო კლუბის საქმე კარგად, მაგრამ როცა ყველა ჯანმრთელად იყო, ხდებოდა ის, რაც „კალდერონზე“ მოხდა.
„ბარსამ“ 6:0 მოიგო. ერთ მომენტში ლიონელ მესი ისეთი სისწრაფით ჩაუქროლებს მეტოქის მცველს, რომ ორი წამის მონაკვეთში 5 მეტრით ჩამოიცილებს, მერე გოლითაც დაასრულებს.
ტრიოს უკან ჩავი და დეკუ მოქმედებდნენ. მერე ანდრეს ინიესტაც გამოჩნდა. მთელი სეზონი, რომ ამ შემადგენლობით გვეთამაშა, უფრო მეტს მივაღწევდით.
პეპი მოვიდა (2008)
გვარდიოლა მოვიდა და დაიწყო! ეს მისი პირველი შეხვედრა იყო „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ და ისე გადაურბინა, როგორც სხვა დანარჩენებს. გასახსენებელი ბევრია, თუნდაც მესის დრიბლინგი, რომელიც სამწუხაროდ გოლით ვერ დასრულდა. ანრის ძალიან მაგარი გოლი, რომლითაც საბოლოოდ მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და ჩავის მასტერკლასი.
დაუვიწყარი იყო!
მესიმაც გაილაღა (2011-2012)
ლეოც შეუერთდა ბრაზილიელთა რიცხვს. მათ მსგავსად არგენტინელმაც ჰეთთრიქი შეასრულა. 2011 წლის მესი - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. შეუჩერებლი მონსტრი!
გარდა სამი გოლისა, მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა, თავისი ნახევრიდან წამოღებულ ბურთს, მეტოქის საჯარიმოში დაათრევდა და ჯარიმის გარეშე ფეხიდან ვერ აგლეჯდნენ.
ეს იყო სანახაობა, სტადიონზე ატეხილი შეძახილების ფონზე. ახლა აღარც ფანები არიან და აღარც მესის უხარია თამაში.
ახალი ტრიოს დაბადება (2015)
ზამთრის შესვენების შემდეგ, „ბარსას“ ახალმა და ალბათ საუკეთესო ტრიომ ერთმანეთს ბოლომდე გაუგო, მაქსიმალურად კარგად შეთამაშდა და დაიწყო სვლა დიდი ტრიუმფისკენ. მათი ყველაზე ცნობილი ფოტოც ამ დღეს უკავშირდება, სამივე ერთად გარბის კუთხურის ალამთან გოლის აღსანიშნავად და ყველა ხვდება, რომ MSN შედგა!
პ.ს: 1998 წელს შედგა შხვედრა, რომლის გახსენებაც დიდად არ მინდოდა, რადგან „ბარსამ“ 5:2 წააგო, მაგრამ ის რაც რივალდომ გააკეთა, აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას:
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]