ანდრეს ინიესტა

ანდრეს ინიესტა (ფუენტეალბილია, ალბასეტე, 1984) "ბარსელონას" გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. ქომაგები ყოველთვის აფასებდნენ თამაშის მისეულ სტილს, თავდადებასა და მოედანს მიღმა ქცევას.

კრეატიული ნახევარმცველი ექსტრაორდინალური თვისებებით. ტანით პატარა, მაგრამ გასაოცარი თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი "ბარსას" სისტემის მნიშვნელოვანი წევრი იყო. შემთხვევითი არაა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი ფეხბურთელია.

ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" 14-წლამდელთა გუნდს 1996/97 წლების სეზონში შუერთდა. მანამდე ის "ალბასეტეს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ყველა, ვინც კი 12 წლის ინიესტას თამაშს ნახავდა, მაშინვე ხვდებოდა, თუ რა დონის ტალანტთან ჰქონდა საქმე. 16-წლამდელთა და 19-წლამდელთა გუნდების გავლის შემდეგ, პირველ გუნდში ინიესტას დებიუტი 2002 წლის 29 ოქტომბერს, ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს შედგა. იმ დროს ის ჯერ კიდევ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელი იყო. მის სადებიუტო მატჩში "ბარსამ", ჩემპიონთა ლიგაზე, "ბრიუგე" სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ინიესტას ბედი დაკავშირებული იყო იმ "ბარსელონასთან", რომელიც ტიტულს ტიტულზე იგებდა. ფეხბურთელი ბრწყინავდა ფრანკ რაიკარდის, პეპ გვარდიოლას, ტიტო ვილანოვას, ლუის ენრიკესა და ერნესტო ვალვერდეს გუნდებში. იმდროინდელი "ბარსელონასთვის" ანდრეს ინიესტა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ჩელსის" კარში ბოლო წუთებზე გატანილი მისი გოლი "ბარსელონას" ისტორიის ნაწილი ყოველთვის იქნება.

ინიესტამ გუნდი 2017/18 წლების სეზონში ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგების შემდეგ დატოვა. "ბარსელონაში" ყოფნის დროს მან 32 ტიტულის მოგება მოახერხა. მან ასევე მოიგო "ბლაუგრანას" ყველა გულშემატკივრის გული. როგორც ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ თქვა "ინიესტა ყოველთვის იქნება იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი და როგორ უნდა იყო პროფესიონალი."

ინიესტას მშობლიურ ქალაქში, ფუენტეალბილიაში, მისი სახელობის ქუჩაა, რომელსაც მისივე ქანდაკება ამშვენებს. ქანდაკება აღბეჭდავს მომენტს, როდესაც ანდრესმა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში, ერთადერთი გოლი გაიტანა და ესპანეთს ეს ტურნირი ისტორიაში პირველად მოაგებინა.

კარიერა

  • სეზონები კლუბში: 2002-2018
  • თამაში: 758
  • გოლი: 66

ტიტულები

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
  • ჩემპიონთა ლიგა (4): 2005/06, 2008/09, 2010/11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
  • ესპანეთის ჩემპიონატი (9): 2004/05, 2005/06, 2008/09, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18
  • ესპანეთის თასი (6): 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18
  • ესპანეთის სუპერ თასი (7): 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14, 2016/17
  • კატალონიის თასი (5): 2003/04, 2004/05, 2006/07, 2012/13, 2013/14
  • კატალონიის სუპერ თასი (2): 2014/15, 2017/18