როგორც მოგეხსენებათ, 18 და 25 იანვარს კოპა დელ რეის ფარგლებში ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.
რითია განსაკუთრებული ეს თარიღები? გარდა იმისა, რომ გულშემატკივარს მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩები ელის, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე თარიღში “ბარსას” იუბილარი ეყოლება. 18 იანვარს გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა 41 წლის ხდება. პეპს დაბადების დღის აღნიშვნა “ბერნაბეუზე” მოუწევს და იმედია, რომ თავისი შეგირდები ლამაზი თამაშითა და სასურველი შედეგით მიულოცავენ მას.
რაც შეეხება 25 იანვარს, ამ დღეს “კამპ ნოუზე” “ბარსა” “რეალს” უმასპინძლებს და თან ჩავის დაბადების დღეს იზეიმებს. კატალონიელთა “ტვინი” ამ დღეს 32 წლის ხდება. იმედია, რომ დაბადების დღის საჩუქრად ჩავისა და “ბარსას” კოპა დელ რეის ნახევარფინალის საგზური ერგება.


