ორშაბათს, 9 იანვარს, ციურიხში გაიმართება “ფიფას” გალა დაჯილდოვება, სადაც ცნობილი გახდება 2010/11 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო მწვრთნელის, “ფიფას” საუკეთესო გუნდისა” და საუკეთესო გოლის ავტორის ვინაობა. არავისთვის უცნობი არაა, რომ საუკეთესო ფეხბურთელობისთვის “ბარსელონას” ორი, ხოლო “რეალის” ერთი ფეხბურთელი იბრძვის. საუბარია ლიონელ მესიზე, ჩავიერ ერნანდესზე და კრიშტიანუ რონალდუზე. გარდა ამისა, ბარსელონელებსა და მადრიდელებს შორის პაექრობა საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვისაც მიმდინარეობს. შარშან ხსენებული ჯილდო ჟოზე მოურინიოს ხვდა წილად, თუმცა წელს სავარაუდოა, რომ საუკეთესოობას არავის დაუთმობს პეპ გუარდიოლა.
კატალონიელების მხრიდან ციურიხში გაემგზავრება 25 კაციანი დელეგაცია, სანდრო როსელის ხელმძღვანელობით. მათ შორის იქნებიან ნომინირებული ფეხბურთელები და მწვრთნელი ოჯახებთან ერთად და კლუბის ხელმძღვანელობა. დელეგაცია ციურიხში ესპანეთის დროით დაახლოებით დღის 11:00 საათზე გაემართება. ფეხბურთელები და მწვრთნელი დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე პრესის წინაშე წარსდგებიან.
საინტერესოა, რომ მადრიდელებისგან ციურიხში არცერთი წარმომადგენელი არ იქნება. ცხადია, რომ “მერენგებს” წელს გამარჯვების მეტად მცირე შანსები აქვთ და მათ არ სურთ “ბარსას” აღიარების ხილვის მომსწრენი გახდნენ. დაჯილდოვებაზე გამოუცხადებლობის მიზეზად “სამეფო კლუბი” “მალაგასთან” მოსალოდნელი მატჩისთვის მზადებას ასახელებს.


