რობინიო და ნეიმარი ძალიან ახლო მეგობრები არიან. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ერთი უფრო გამოცდილია, ხოლო მეორე ახლა ემზადება დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.
2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ცხელი სიახლეები სწორედ ნეიმარს ეხებოდა. ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” და “რეალი” იჩენდნენ, თუმცა მადრიდელები აცხადებდნენ, რომ ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და ნეიმარი დღე-დღეზე “გათეთრდებოდა”. მიუხედავად ყველაფრისა ნეიმარმა კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა “სანტოსთან”.
“ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვესაუბრებით, ქალებივით… ვსაუბრობთ ყველაფერზე, განსაკუთრებით კი იმ საქველმოქმედო მატჩზე, რომლის ჩატარებასაც ვგეგმავთ. ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია, იგი ღმერთისგანაა დაჯილდოვებული.” – განაცხადა რობინიომ.
რობინიო თავისსა და ნეიმარის მდგომარეობას ადარებს ერთმანეთს და აცხადებს: “ჩემი და ნეიმარის გარემოებები განსხვავებულია. ჩემი წასვლა მადრიდში ეკონომიკური თვალსაზრისით კარგი გადაწყვეტილება იყო. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად გამართლებულია ნეიმარის დარჩენა “სანტოსში”. მე ევროპას სხვა თვალით ვუყურებდი. მაშინ მადრიდში “გალაქტიკოს” პერიოდი იყო. იქ თამაშობდნენ ზიდანი, რონალდო, ბექჰემი. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ნეიმარსაც შეუძლია მადრიდში წასვლა. ეს კარგი გუნდია და კარგად იხდიან, თუმცა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. როცა გესმის “რეალის” სახელი, ფიქრობ, რომ ეს საუკეთესო კლუბია, თუმცა იქ აბსოლუტურად სხვა ატმოსფერო გხვდება.”
რობინიოს ჰკითხეს, ნეიმარის ადგილას რომელ გუნდს აირჩევდა, “რეალს” თუ “ბარსელონას”, რაზეც მან განაცხადა: “”ბარსელონას” უდავოდ. თამაშის სტილით სწორედ “ბარსელონა” შეეფერება ნეიმარს. “ბარსაში” არ არიან ამპარტავნები, იქ ფეხბურთელებს უფრო დიდ პატივს სცემენ.”



