ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, შაბათს გასამართ “ელ კლასიკოს” ნამდვილი ესპანური ფეხბურთის რეკლამად მიიჩნევს. “ფურია როხას” თავკაცის თქმით, ეს არის საუკეთესო გზა, რათა ხალხმა გაიცნოს ესპანური ფეხბურთი. დელ ბოსკემ ასევე განაცხადა, რომ “ბარსელონასაც” და “რეალსაც” საკუთარი თამაშის სტილი აქვს, რაც სიტუაციას ორმაგად ამძაფრებს და სანახაობრივს ხდის. იგი ასევე ორი სიტყვით შეეხო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში უნდა გაიმართოს.
“შაბათს ჩასატარებელი “კლასიკო” იქნება ესპანური ფეხბურთის უდიდესი რეკლამა. მადრიდელებიც და კატალონიელებიც საკუთარი სტილით თამაშობენ, რაც ორმაგად ამწვავებს სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, შაბათს ძალიან სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება გველის. რაც შეეხება მომავალ ევროპის ჩემპიონატს, ჩვენ ამ საქმეს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ვიბრძოლოთ ზედიზედ მეორედ ამ ტიტულის მოსაპოვებლად. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელთა მდგომარეობას და ვიმედოვნებ, უკრაინა–პოლონეთში გამგზავრებისას ყველა კარგ ფორმაში იქნება და ტრავმა არავის შეაწუხებს.” –განაცხადა დელ ბოსკემ.


